ბერლინის საკათედრო ტაძარი გერმანიის უდიდესი ევანგელისტური ეკლესიაა, რომელიც დედაქალაქის ცენტრში, მუზეუმების კუნძულზე მდებარეობს. ის საკათედრო ტაძარი არ არის, თუმცა ოფიციალურად მას ასე უწოდებენ, ხშირად კი მუზეუმების კუნძულზე შესასვლელ კარიბჭესაც ადარებენ. ბერლინის ტაძრის შთამბეჭდავი არქიტექტურა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან იზიდავს ტურისტებს. ყოველწლიურად მას დაახლოებით 720 ათასი ადამიანი სტუმრობს. ტაძარში 2 ათასზე მეტი მსურველი ეტევა. მნიშვნელოვანი წირვის დროს ტაძარში ყოველთვის ბევრი მორწმუნე იკრიბებოდა, განსაკუთრებით აღდგომის დროს, როცა იქ აუცილებლად იმყოფებოდა კაიზერი და მისი ოჯახი.
ბერლინის საკათედრო ტაძრის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება ჰოენცოლერნების დინასტიას. მათი სხვადასხვა შტოების წარმომადგენლები საუკუნეების განმავლობაში მართავდნენ გერმანიას. ამ ადგილას ბევრჯერ აიგო ტაძრები. XIX საუკუნის ბოლოს, გერმანიის რაიხის წარმოშობის შემდეგ, ახალ იმპერიას უფრო შთამბეჭდავი ეკლესია დასჭირდა. კაიზერ ვილჰელმ II-ის სურვილით, ეს მსოფლიოში უდიდესი ტაძარი უნდა ყოფილიყო. ის 1894-1905 წლებში აიგო იულიუს რაშდორფის პროექტის მიხედვით. გუმბათთან ერთად მისი სიმაღლე 114 მეტრი იყო.
არქიტექტორმა ორიენტირად აიღო წმინდა პეტრეს ეკლესია რომში და წმინდა პავლეს ეკლესია ლონდონში. ხაზინას მშენებლობა 11,5 მილიონი რაიხსმარკა დაუჯდა.
II მსოფლიო ომმა ტაძარი მნიშვნელოვნად დააზიანა. რეკონსტრუქციის შემდეგ მისი სიმაღლე 98 მეტრია. სხვათა შორის, გერმანიის გაერთიანების შემდეგ აღდგენითმა და სარესტავრაციო სამუშაოებმა უფრო დიდი თანხა შეიწირა - 35 მილიონი ევრო.
დიდი გუმბათის დიამეტრი 33 მეტრია. მთავარი შესასვლელი ლუსტგარტენის პარკის მხრიდანაა.
ტაძრის ინტერიერი ფუფუნებით გაგაოცებთ. დიდი გუმბათის ცენტრში, პერიმეტრის გასწვრივ, მრგვალი ფანჯრებია, საიდანაც შუქი ახალი აღთქმის თემების ამსახველ საუცხოო მოზაიკას ეცემა. ვიტრაჟებზე იესოს ჯვარცმის, აღდგომისა და ამაღლების სცენებს იხილავთ.
კედლები და სვეტები ნაირფერი მარმარილოთი და გრანიტითაა მოპირკეთებული. შენობას ამშვენებს მოციქულებისა და ჰოენცოლერნების გვარის ჰერცოგების ქანდაკებები.
ბერლინის ტაძარი კაიზერების ოფიციალური ეკლესია იყო. მეორე სართულზე მათი პირადი სამლოცველო ოთახები მდებარეობდა.
ეკლესიაში განთავსებულია დიდი ორგანი, რომელიც ცნობილმა ოსტატმა ვილჰელმ ზაუერმა შეასრულა.
ორგანის მოპირდაპირე მხარეს მოთავსებულია დიდი ჰერცოგის, ფრიდრიხ ვილჰელმისა და მისი მეორე მეუღლის, დოროთეას მდიდრული, მოოქროვილი სარკოფაგები. ბერლინის საკათედრო ტაძარში დაკრძალულია მმართველიდინასტიის თითქმის ყველა წარმომადგენელი. კრიპტაში XV-XX საუკუნის 94 სარკოფაგია.
ტაძრის გუმბათში გადმოსახედი მოედანია. 50 მეტრი სიმაღლიდან შეგიძლიათ ბერლინის ისტორიული ცენტრის ხედებით დატკბეთ.იქამდე ასასვლელად 270 საფეხურის დაძლევა მოგიწევთ.
ტაძარში შესვლა ფასიანია. ბილეთის ღირებულებაში შედის ტაძრის დათვალიერება, კრიპტები, მუზეუმი და გადმოსახედი მოედანი.
ბილეთის ფასი:
- მოზრდილებისთვის - 9 ევრო;
- სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის (დოკუმენტის წარდგენით) - 7 ევრო;
- 3-18 წლის ბავშვებისთვის უფროსის თანხლებით - უფასოდ;
- 1 მოზრდილი + 1-3 ბავშვი 18 წლამდე - 9 ევრო.
ბერლინის საკათედრო ტაძარში შესვლა შეგიძლიათ ყოველდღე, ორშაბათი -შაბათი - 10:00-17:00, კვირა - 12:00-17:00.
ყოველი წლის ოქტომბერში, "სინათლის ფესტივალის" დროს, ტაძარი ნაირფერადაა განათებული:
ბერლინის საკათედრო ტაძრამდე მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს U2, U5, U8 ხაზით, გაჩერება Alexanderplatz;
- ავტობუსით №100, 200, გაჩერება Am Lustgarten;
- ტრამვაით M4, M5, M6, გაჩერება Spandauer Strasse;
- საგარეუბნო ელექტრომატარებლით S3, S5, S7, S9, გაჩერება Hackescher Markt.
დეტალების დასაზუსტებლად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: berlinerdom.de/en/.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.