უფასო ონლაინ-მეგზური ბერლინში


ბრანდენბურგის კარიბჭე ბერლინში

ბრანდენბურგის კარიბჭე სახელგანთქმული არქიტექტურული ძეგლია, რომელიც ბერლინის ცენტრში, პარიზის მოედნის (პარიზერპლაცის) აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. როგორც კოლიზეუმი რომში, ბიგ ბენი ლონდონში, წმინდა შტეფანის ტაძარი ვენაში ან ეიფელის კოშკი პარიზში, ბრანდენბურგის კარიბჭე კარგა ხანია, ბერლინის სავიზიტო ბარათი, გაერთიანებული გერმანიის სიმბოლო და დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა.


ბრანდენბურგის კარიბჭის აშენების ინიციატივა ფრიდრიხ ვილჰელმ II პრუსიელს ეკუთვნოდა, რომელსაც უნტერ-დენ-ლინდენის ბულვართან მისასვლელის გაკეთილშობილება სურდა. პროექტი კარლ გოტგარდ ლანგანსმა შეიმუშავა - მან შთაგონება ათენის აკროპოლიდან მიიღო, იოჰან გოტფრიდ შადოუმ კი ცნობილი კვადრიგა შექმნა და ის კარიბჭის თავზე განათავსა. ოთხცხენშებმულ საბრძოლო ეტლს გამარჯვების ქალღმერთი ვიქტორია მართავს. დეკორატიული ელემენტის სიმაღლე 6 მეტრია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





მშენებლობა 1788-1791 წლებში გრძელდებოდა. ძირითად მასალად კირქვა გამოიყენეს, რომელიც მოგვიანებით თვალისმომჭრელი თეთრი საღებავით შეღებეს. კარიბჭის სიმაღლე 26 მეტრი იყო, სიგრძე - 65,5 მეტრი, სიღრმე - 11 მეტრი. აღსანიშნავია, რომ ნაგებობას თავდაპირველად "მსოფლიოს კარიბჭე" ერქვა.



ნაგებობის ზედა ნაწილი ორ რიგად მოთავსებულ 12 სვეტს ეყრდნობა. ისინი ხუთ თაღს ქმნიან. სვეტები დორიულ სტილშია შესრულებული, რომელიც ძველ საბერძნეთში ჩამოყალიბდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 600 წელს.


სვეტებს შორის გასასვლელებში შიგა კედლებია აღმართული. ისინი ჰერაკლეს საგმირო საქმეების ამსახველი ბარელიეფებითაა მორთული.



ჩრდილოეთ ფრთაში, ყოფილ საგუშაგოში, "დუმილის (მდუმარების) ოთახი" მდებარეობს, სადაც გერმანელებს შეუძლიათ პატივი მიაგონ წინაპრებს და მათ ქვეყანაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებზე დაფიქრდეს.



ბრანდენბურგის კარიბჭე ბევრი ტრაგიკული მოვლენის მოწმეა, რომლებმაც ის სერიოზულად დააზარალა. როდესაც ნაპოლეონ ბონაპარტე თავის არმიასთან ერთად ბერლინში შევიდა, მისი ბრძანებით კვადრიგა მოხსნეს და საფრანგეთში გაგზავნეს, თუმცა ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ - 8 წლის თავზე - კვლავ უკან დააბრუნეს.


კარიბჭე ყველაზე მეტად II მსოფლიო ომის დროს, 1945 წელს, ბერლინის აღებისას დაზარალდა. აი, როგორ გამოიყურებოდა მაშინ ის:



1961 წლიდან ბრანდენბურგის კარიბჭე ბერლინის კედლის ნაწილი გახდა, რომელმაც ქალაქი ორ ნაწილად გაჰყო. როდესაც 1989 წელს კედელი დაანგრიეს, აღტყინებულმა მოსახლეობამ კარიბჭეც მნიშვნელოვნად დააზიანა. მას ჯერ 1991 წელს ჩაუტარეს რესტავრაცია, შემდეგ კი - 2000-2002 წლებში. მოსახლეობას შესთავაზეს, თვითონ შეერჩია ნაგებობის ფერი: ორიგინალის გვერდით ალებასტრისგან გაკეთებული ოთხფერიანი ასლი დადგეს. ყველას შეეძლო მათგან ნებისმიერი ფერი აერჩია, რისთვისაც შესაბამის ღრეჩოში მონეტა უნდა ჩაეგდო. გაიმარჯვა თეთრმა ფერმა.



ბრანდენბურგის კარიბჭესთან ახლოს მდებარეობს მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმი, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი, რაიხსტაგი, უნტერ-დენ-ლინდენის ბულვარი და ტირგარტენის პარკი.


ღამით კარიბჭე განათებულია, რაც მას კიდევ უფრო დიდებულ და საზეიმო სახეს აძლევს.



ბრანდენბურგის კარიბჭემდე მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროს U55 ხაზით, გაჩერება Brandenburger Tor;

- ავტობუსით №100, S1, TXL, გაჩერება Brandenburger Tor;

- საგარეუბნო ელექტრომატარებლით S1, S2, S25, S26, გაჩერება Brandenburger Tor.








© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!