ბრერას პინაკოთეკა მილანის უდიდესი და ყველაზე ცნობილი სამხატვრო გალერეაა. მას მთელ მსოფლიოში აქვს სახელი განთქმული და მხოლოდ ვატიკანის მუზეუმებსა და ფლორენციის უფიცის გალერეას თუ შევადარებთ. 38 დარბაზში თავმოყრილია ვენეციის, ტოსკანისა და ლომბარდიის სკოლებთან დაკავშირებული ფერწერის ნიმუშები. აქ იხილავთ შუა საუკუნეებისა და აღორძინების ეპოქის, აგრეთვე XX საუკუნის მეორე ნახევრის ოსტატების ნამუშევრებს. ბრერას გალერეამ სახელწოდება თავისი ადგილმდებარეობის წყალობით მიიღო. პინაკოთეკა მდებარეობს მის მოსახელე ისტორიულ კვარტალში. ბრერა იტალიურად ნიშნავს "ხეებისგან გაწმენდილ მიწას".
ბაროკოს სტილის სასახლე, რომელშიც ახლა გალერეაა განთავსებული, XVI-XVII საუკუნეებშია აგებული არქიტექტორ ჯუზეპე პიერმარინის ხელმძღვანელობით. უწინ იქ ჯერ მონასტერი იყო გახსნილი, შემდეგ კი, დედოფალ მარია ტერეზია ავსტრიელისა და გრაფ კარლ ფირმიანის გადაწყვეტილებით, სამხატვრო აკადემია. ნაპოლეონის დროს, რომელსაც სურდა, რომ მილანი ევროპის დედაქალაქად გადაექცია, დაიწყეს დარბაზების გამოთავისუფლება ნახატებისა და სხვა ძვირფასი ექსპონატებისთვის. სასახლის შიგა ეზოში ნაპოლეონის ქანდაკება დადგეს. მოქანდაკე ანტონიო კანოვამ ის ომის ღმერთ მარსის სახით წარმოადგინა, რომელსაც ხელში გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს მინიატიურული ფიგურა უჭირავს.
პინაკოთეკა ოფიციალურად 1809 წელს გაიხსნა. პირველი მსოფლიო ომის დროს ფერწერული ტილოები შესანახად რომში გადაიტანეს. მეორე მსოფლიო ომის დროს სასახლე ნაწილობრივ დაინგრა. ის 1950 წელს აღადგინეს.
ბრერას კომპლექსში შედის როგორც გალერეა, ასევე ბიბლიოთეკა, ობსერვატორია, სარესტავრაციო სახელოსნო და ბაღი. 500-მდე ნახატის გარდა, აქ იხილავთ ეგვიპტისა და ძველი საბერძნეთის არქეოლოგიურ კოლექციებს, ჩრდილოეთ იტალიის შუა საუკუნეების მოზაიკებს, ძველებურ ხატებს, ფრესკებსა და ქანდაკებებს. კოლექციების ძირითადი თემაა ქრისტიანობა, მარიამ ღვთისმშობლისა და იესოს, წმინდანებისა და მოციქულების ცხოვრება.
ყოველ დარბაზში დგას რბილი სკამები მნახველებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ დასხდნენ, დაისვენონ და ისე დატკბნენ შედევრებით.
გალერეაში იხილავთ რაფაელის, რუბენსის, პიკასოს, კარავაჯოს, ვერონეზეს, ტინტორეტოსა და სხვა ცნობილი მხატვრების ნახატებს. მეათე დარბაზში გამოფენილია XX საუკუნის იტალიელი და უცხოელი ფერმწერების (პიკასო, მოდილიანი, მორანდი და სხვ.) ნამუშევრები.
სხვა დარბაზებში გამოტანილი ნახატებიდან გამოვყოფთ რამდენიმეს.
რაფაელ სანტის "მარიამის დაწინდვა":
კარავაჯოს "ვახშამი ემაუსში":
ჯოვანი ბელინის "მარიამი ახალშობილი იესოთი":
და "პიეტა":
ანდრეა მანტენიას "მკვდარი იესო":
ანიბალე კარაჩის "იესო და სამარიტელი":
ფრანჩესკო აიეცის "კოცნა" (Il Bacio):
გალერეაში აკრძალულია ვიდეოგადაღება, ფოტოგადაღება განათებით, საჭმელ-სასმლის შეტანა. ყოველ დარბაზში საინფორმაციო სტენდზე გაეცნობით სურათების აღწერას ინგლისურ და იტალიურ ენაზე. გალერეის შესასვლელში შეგიძლიათ შეიძინოთ მაღალი ხარისხის ბროშურები.
პინაკოთეკა ბრერას მისამართია: Via Brera, 28.
გალერეა მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა - 08:30-19:15. არ მუშაობს 1-ელ იანვარს, 1-ელ მაისს, 15 აგვისტოს, 25 დეკემბერს.
ბილეთის ღირებულებაა:
- მოზრდილებისთვის - 15 ევრო, 18-25 წლის ახალგაზრდებისთვის - 10 ევრო, 18 წლამდე - უფასოდ. ასევე უფასოა ყოველი თვის პირველ კვირადღეს.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ გალერეის სალაროში ან ინტერნეტით.
მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს მწვანე M2 ხაზით - გაჩერება Lanza, ყვითელი M3 ხაზით - გაჩერება Montenapoleone ან წითელი M1 ხაზით - გაჩერება Cairoli Castello;
- ავტობუსით №61 - გაჩერება Via Monte di Pieta/Via Monte Di Pieta, Piazza San Marco.
- ტრამვაით №62, 12, 14 - გაჩერება Via Cusani.
ბილეთების ონლაინრეჟიმში შესაძენად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბრერას პინაკოთეკის ოფიციალურ საიტს: https://pinacotecabrera.org.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.