უფასო ონლაინ-მეგზური პრაღაში


 ჩეხური სამზარეულო - მსუყე და მრავალფეროვანი კერძები

ჩეხური სამზარეულო სრულად ასახავს ამ ქვეყნის ისტორიას. უამრავ ნასესხებ კერძს ტრადიციული რეცეპტები ემატება და ავსებს. ჩეხების სამზარეულო რაღაცით ავსტრიულს ჰგავს, რაღაცით - უნგრულს. კერძები ყოველთვის მოცულობითი და მსუყეა - აქ უყვართ საფუძვლიანად დანაყრება. ჩეხეთში განსაკუთრებულ პატივში ხორცია: ღორის, საქონლის, ხბოსი, ირმისა და კურდღლის. აგრეთვე ფრინველი: ქათამი, იხვი და ბატი. ჩეხეთში ხორცს ჩინებულად ამზადებენ, მას მარინადში ასველებენ, შემდეგ კი სურნელოვან სანელებლებსა და სოუსს ამატებენ. ჩეხების ნაციონალური სასმელი, ცხადია, ლუდია. ის მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ლუდის ხარშვა ჩეხეთში უკვე XVI საუკუნეში იყო ფართოდ განვითარებული. საყვარელი ქარვისფერი სასმელის მარკა და რეცეპტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა. შემოგთავაზებთ ჩეხური სამზარეულოს ყველაზე პოპულარულ კერძებს ფოტოსურათებითა და მოკლე აღწერით.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





უტოპენეცი (Utopenec) - მარინადში ჩადებული სარდელია, ცხიმიანი და სანელებლიანი. ინგრედიენტებია: სარდელი, ხახვი, ძმარი, წყალი, შაქარი, სხვადასხვა წიწაკა, მდოგვი. აი, ეს კერძი:



სვიჩკოვა არაჟნით (Svíčková na smetaně) - ნამდვილი გურმანების კერძია. მასში შედის: საქონლის ხორცი, ხახვი, სტაფილო, ნიახური, წყალი, ძმარი, ნაღები, დარიჩინი, მარილი, წიწაკა, მოცვის ან შტოშის მურაბა:



ღორის მუხლი (Vepřové koleno) - საუცხოო კერძია. მის დასამზადებლად გამოიყენება: ღორის ხორცი, ლუდი, წყალი, ხახვი, სტაფილო, ნიორი, მარილი, დაფნა, წიწაკა, ოხრახუში, შაქარი, ზეთი და კარტოფილი:



ღორი-კნედლიკი-კომბოსტო (Vepřo-knedlo-zelo) - ძალზე ნოყიერი და ნაზი კერძია, პირში ჩაგადნებათ. მის მოსამზადებლად იყენებენ ღორის ხორცს, სანელებლებს, მოთუშულ კომბოსტოს, კნედლიკებს. სპეციფიკური წესით მზადდება:



შემწვარი ღორის ნეკნები თაფლში (Pečená vepřová žebírka v medu) - ჩეხური სამზარეულოს ტრადიციული კერძია, საოცრად არომატული და კალორიული. მისი ინგრედიენტებია: ღორის ნეკნები, ზეთი, თაფლი, კეტჩუპი, მარილი, სანელებლები:



შემწვარი ბატი ან იხვი (Pečená kachna) - ეს ცნობილი ჩეხური კერძია, რომელსაც მოთუშულ მჟავე კომბოსტოსა და კნედლიკთან ერთად მოგართმევენ. იხვს ან ბატს ზოგჯერ თაფლს უსვამენ, რათა კანი ოქროსფრად შეიბრაწოს. ის ხშირად სადღესასწაულო სუფრაზე მიაქვთ:



ბრამბორაკი (Bramboráky) - ჩინებული კერძია. მას დამოუკიდებელ კერძადაც იყენებენ და ხორცეულის გარნირადაც. ინგრედიენტებია: კარტოფილი, ბეკონი, ხახვი, ღია ფერის ლუდი, ფქვილი, კვერცხი, მაიორანი, სანელებლები, კვლიავი, ზეთი:



ოლომოუცის ყველი (Olomoucké tvarůžky) - ტრადიციული ჩეხური ყველი, რომელსაც ხაჭოსგან ამზადებენ ოლომოუცის მიდამოებში. ხასიათდება დრეკადი ტექსტურით, მკვეთრი სპეციფიკური სუნითა და უნიკალური პიკანტური გემოთი. შეგიძლიათ ლუდს მიაყოლოთ ან შეწვათ და შავ პურთან ერთად მიირთვათ:



გულიაში ჩეხურად (Český guláš) - ეს კერძი მათთვისაა, ვისაც გემრიელად და მაძღრისად ჭამა უყვარს. ინგრედიენტებია: საქონლის ხორცი, ხახვი, პაპრიკა, კვლიავი, ზეთი, შავი პილპილი, ფქვილი, მარილი და ლუდი ან წყალი:



ტლაჩენკა (Tlačenka) - ანუ "ჩეხური ლაბა". ძირითადი ინგრედიენტებია: ღორის თავი, ღორის ფეხები, გამხმარი მაიორანი, ნიორი, მარილი, სტაფილო:



შემწვარი სოსისი (Кlobása) - შეიძლება სხვადასხვა სახის იყოს - გულ-ღვიძლის, ხორცის და ა. შ. ცხელ და ხრაშუნაკანიან სოსისს ჩეხეთის ლუდხანებში ხელით მიირთმევენ და მას მდოგვში აწობენ. ინგრედიენტებია: სოსისი, ტომატის პასტა, კეტჩუპი, მდოგვი, ნიორი, წიწაკა, მარილი, წყალი:



ტრდელნიკი, იგივე ტრდლო (Trdelník) - ეს არის ცილინდრის ფორმის ტკბილი ფუნთუშა ნახვრეტით შუაგულში. ინგრედიენტებია: ფქვილი, კვერცხი, კარაქი, რძე, საფუარი, შაქარი მარილი და ნუში, ნიგოზი ან არაქისი:



ჩესნეჩკა (ნივრის სუპი) (Česnečka polévka) - ტრადიციული ჩეხური სუპია. რესტორნებში ამზადებენ პურით ან კარტოფილით. შედგება შემდეგი ინგრედიენტებისგან: ღორის ხორცი, კარტოფილი, პური, კვერცხი, ფუნთუშები, ნიორი, დაფქვილი შავი წიწაკა, კვლიავი. აი, როგორ გამოიყურება ის:



სუპი პურში (Polévka v chlebu) - ეს ჩეხური ბრენდია. ახალგამომცხვარ თბილ რუხ პურს თავს ისე აჭრიან, თითქოს სახურავია. შემდეგ გულს ამოიღებენ და 8 სმ სისქეს ტოვებენ. შიგნით ნივრის, კარტოფილის, სოკოს, ხახვის სუპის ან გულიაშის ჩასხმა შეიძლება, ოღონდ სასურველია, რომ საკმარისად სქელი იყოს, რათა არ გადმოიღვაროს. აი, ისიც:



ეს ჩეხური კერძების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. კიდევ არსებობს უამრავი პირველი, მეორე კერძი და დესერტი. მაგრამ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ მხოლოდ შემოთავაზებულით დავკმაყოფილდეთ.














© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!