კოლოსეუმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა აპენინის ნახევარკუნძულზე. ანტიკური ეპოქის მონუმენტური ნაგებობა რომის ისტორიულ ცენტრში, "მარადიული ქალაქის" შუაგულში მდებარეობს. გაგაოცებთ მისი დიდებულება და ძლიერი ენერგეტიკა, მოგნუსხავთ და სურვილს გაგიჩენთ, ხელით შეეხოთ ტრავერტინის მასიურ კედლებს. სახელწოდება კოლოსეუმი (კოლისეუმი) მოდის ლათინური სიტყვიდან "colosseus", რაც უზარმაზარს ნიშნავს. ასე მიიჩნევდნენ მას რომაელები ჩვენი წელთაღრიცხვის გარიჟრაჟზე, როდესაც შენობების უმრავლესობის სიმაღლე ათ მეტრს არ აღემატებოდა. თანამედროვე ტურისტები ამფითეატრის ზომებს სხვაგვარად აღიქვამენ, ვინაიდან ცათამბჯენებმა მასშტაბის ჩვენეული აღქმა შეცვალეს. მაგრამ კოლოსეუმის განსაკუთრებულობას მისი კედლების სიმაღლე კი არ განაპირობებს, არამედ ის კულტურული და ისტორიული წვლილი, რომელიც მან ცივილიზაციის განვითარებაში შეიტანა.
კოლოსეუმს ფლავიუსების ამფითეატრი ეწოდებოდა, ვინაიდან ის მაშინ აშენდა - ჩვენი წელთაღრიცხვის 72-80 წლებში, - როდესაც რომის იმპერიის სათავეში ფლავიუსების დინასტიის წარმომადგენლები იდგნენ. კერძოდ, ვესპასიანე და ტიტუსი. მშენებლობაში 100 ათასმა ტყვემ და მონამ მიიღო მონაწილეობა. ამფითეატრში 50 ათასი დასაჯდომი და 18 ათასი დასადგომი ადგილი იყო.
სიტყვა "კოლოსეუმის" წარმოშობაზე რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, ამფითეატრის გვერდით ნერონის უშველებელი ქანდაკება დადგეს, რომელიც იქ იმპერატორის "ოქროს სახლიდან" გადმოიტანეს, თავი მოხსნეს და მზის ღმერთად - ჰელიოსად - გადააკეთეს. ის ან ბარბაროსებმა გაანადგურეს 410 წელს, რომის დარბევისას, ან მიწისძვრამ იმსხვერპლა. კიდევ ერთი ვერსიით, ამ ადგილას დიდი ხნის განმავლობაში მაგიური სექტების წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. ამფითეატრში შესვლამდე თითოეულ მათგანს ეკითხებოდნენ: "Colis Eum?" - "ემსახურები მას (ეშმაკს)?" მესამე ვერსიით, ვინაიდან რომაულ დიალექტზე ამფითეატრს Colosseo კი არა, Coliseo ჰქვია, გაჩნდა ვარაუდი, რომ ის Collis Isaeum-დან გაჩნდა ("ბორცვი, რომელზეც ისუემი დგას - ეგვიპტური ღმერთის, ისიდას, ტაძარი). ქალღმერთის ტაძარი მართლა იდგა ამფითეატრთან ახლოს, პალატინის ბორცვზე.
ამფითეატრის ასაშენებლად აირჩიეს დაბლობი სამ ბორცვს - პალატინს, ესკვილინსა და ცელიუსს შორის, ნერონის "ოქროს სახლის" გრანდიოზულ კომპლექსში შემავალი ტბორის ადგილას. კოლოსეუმი ელიფსია შემდეგი პარამეტრებით: არენა - 53,62x187,77 მ., ამფითეატრი - 155,63x187,77 მ., გარე პერიმეტრი - 524 მ., კედლების სიმაღლე - 50 მეტრამდე, ფუნდამენტის სისქე - 13 მ.
კოლოსეუმის არენას გარშემო ერტყმის საფეხურებიანი ტრიბუნები, რომლებშიც 80 შესასვლელი/გასასვლელია გაჭრილი. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მაყურებლებს 5-7 წუთში შეეძლოთ ამფითეატრიდან გასვლა ყოველგვარი პანიკის გარეშე.
ძველ რომში კოლოსეუმს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ის იყო იმპერატორების, სენატორებისა და მდაბიოების, პლებეებისა და პატრიციების, ქალაქელებისა და სოფლელების თავშეყრის ადგილი. აქ იმართებოდა როგორც გლადიატორთა სასტიკი, სისხლიანი ორთაბრძოლები, ისე მასობრივი გასართობი და სპორტული ღონისძიებები.
სწორედ ამ დროს ეხება ძველრომაელი სატირიკოსის, იუვენალის, ცნობილი სიტყვები - panem et circenses ("პური და სანახაობა"), როცა ხალხი მხოლოდ ამ ორ რამეს მოითხოვდა, რასაც პოლიტიკოსები თავიანთი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ან მოსაპოვებლად იყენებდნენ.
კოლოსეუმი მნიშვნელოვნად დააზიანა ჯერ საშინელმა ხანძარმა 217 წელს, შემდეგ კი ორმა მიწისძვრამ - 422 წელს და VI საუკუნის დასაწყისში, მაგრამ მისი აღდგენა მოხერხდა. გლადიატორთა ბრძოლები V საუკუნის შუა წლებამდე გრძელდებოდა, სანამ ის იმპერატორმა კონსტანტინე I-მა არ აკრძალა. ბარბაროსების შემოსევამ ფლავიუსების ამფითეატრის ნგრევას დაუდო სათავე. ამფითეატრი ხან სასაფლაოდ გადაიქცა, ხან სახელოსნოებად, ხან საცხოვრებელ სახლად, ხან ქსოვილების ფაბრიკად, ხან საძოვრად, ხანაც ნაგავსაყრელად. შენობა ნაწილობრივ დაანგრია 1349 წლის ძლიერმა მიწისძვრამ. ჯერ ჩამოვარდნილი ქვები გაზიდეს სასახლეების სამშენებლო მასალად, შემდეგ მასიური კედლების დაშლა დაიწყეს. ტრავერტინი მიჰქონდათ კეთილშობილთა ოჯახებს, კარდინალებს და რომის პაპებსაც კი. უცნობია, როდის დასრულდა ეს სიგიჟე, მაგრამ ნაგებობა ძალზე დამახინჯდა.
XVII საუკუნეში კოლოსეუმის დაცვა რომის პაპმა ბენედიქტ XIV იკისრა. ნაპოლეონ I-ის დროს ტონობით ნაგავი და მიწა გაზიდეს და მიწისქვეშა ნაგებობები აღმოაჩინეს. კოლოსეუმი დიდი ხნის განმავლობაში მოჰყავდათ წესრიგში. სარესტავრაციო სამუშაოები დღესაც გრძელდება. ამფითეატრი "მარადიული ქალაქის" ნამდვილ სიმბოლოდ და მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირსშესანიშნაობად გადაიქცა. 2007 წელს რომის კოლოსეუმი მსოფლიოს ახალ საოცრებათა სიაში შევიდა.
კოლოსეუმის მისამართია: Piazza del Colosseo, 1.
კოლოსეუმის მუშაობის გრაფიკია:
- ოქტომბრის ბოლო კვირიდან 15 თებერვლის ჩათვლით - 08:30-16:30;
- 16 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით - 08:30-17:00;
- 16 მარტიდან მარტის ბოლო შაბათამდე - 08:30-17:30;
- მარტის ბოლო კვირიდან 31 აგვისტომდე - 08:30-19:15;
- 1-30 სექტემბერი - 08:30-19:00;
- 1-ლი ოქტომბრიდან ოქტომბრის ბოლო შაბათამდე - 08:30-18:30.
(ბოლო შესვლა დაკეტვამდე 1 საათით ადრე.)
დასვენების დღეებია 1-ლი იანვარი და 25 დეკემბერი.
ბილეთის ღირებულებაა:
- ჩვეულებრივი, 24-საათიანი (ერთხელ შესვლა კოლოსეუმში არენაზე გაუსვლელად და რომის ფორუმში - პალატინის ბორცვზე. შესასვლელი "Sperone Valadier"-ის მხრიდან) - 24 ევრო;
- ორდღიანი (ერთხელ შესვლა კოლოსეუმში+არენა+ფორუმი+პალატინი) - 29 ევრო;
- 18-25 წლის ევროკავშირის მოქალაქეებისთვის - 2 ევრო;
- 18 წლამდე - უფასოდ.
ბილეთების შეძენა შეიძლება შემდეგ ადგილებში:
- Via Sacra, ტიტუსის თაღის გვერდით;
- Largo Salara Vecchia, რომის ფორუმის შესასვლელთან;
Via di San Gregorio, 30, პალატინის ბორცვზე;
- Piazza Santa Maria Nova, 53, კოლოსეუმთან ახლოს.
მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს B ხაზით - გაჩერება Colosseo;
- ავტობუსით №75, 81, 175, 204, 673 - გაჩერება Colosseo;
- ტრამვაით №3 - გაჩერება Colosseo.
დეტალებისა და განახლებული ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ კოლოსეუმის ოფიციალურ საიტს: www.il-colosseo.it.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.