უფასო ონლაინ-მეგზური მილანში


ლეონარდო და ვინჩის მუზეუმი მილანში

ლეონარდო და ვინჩის სახელობის მეცნიერებისა და ტექნიკის ნაციონალური მუზეუმი ერთ-ერთი უდიდესია არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელ ევროპაშიც. მის კედლებში ინახება გენიალური გამომგონებლის, ბუნებისმეტყველის, ქანდაკებისა და ფერწერის ოსტატის, ყველა დროისა და ხალხის უნიკალური და უნივერსალური ადამიანის - ლეონარდო და ვინჩის ნახაზები და ნახატები. აქვეა მისი ესკიზების მიხედვით შექმნილი მოდელები, რომლებმაც დროს რამდენიმე საუკუნით გაუსწრეს, ვიზუალურად წარმოდგენილი და აღწერილია ლეონარდოს ტექნიკური გამოგონებები.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





მუზეუმი ბენედიქტების შუა საუკუნეების მონასტერ სან ვიტორეში 1953 წელს გაიხსნა. მისი სახელწოდების შესახებ წინადადება მილანის მერმა წამოაყენა, რასაც ყველამ დაუჭირა მხარი. მუზეუმის კოლექციაში 16 ათასზე მეტი ექსპონატია. ისინი შესაძლებლობას გვაძლევს, თვალი მივადევნოთ სხვადასხვა ტექნიკის ისტორიულ განვითარებას რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. 50 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსებული ექსპოზიცია თემატურ განყოფილებებადაა დაყოფილი, რომელთა შორისაც ყველაზე მნიშვნელოვანია:


ლეონარდო და ვინჩის გალერეა - აქ თავმოყრილია მსოფლიოში ყველაზე დიდი კოლექცია მექანიკური მანქანებისა, რომლებიც ლეონარდოს ნახაზებისა და ნახატების მიხედვითაა შექმნილი. საიუველირო სექციაში წარმოდგენილია ოქროს, სპილოს ძვლისა და ძვირფასი ქვებისგან დამზადებული ნაკეთობები. აქვე იხილავთ ძველებურ საათებსა და საათის მექანიზმებს, მუსიკალური ინსტრუმენტების კოლექციაში კი - XVII-XX საუკუნეების ორიგინალურ სასულე და სიმებიან საკრავებს.



ჰაერსანაოსნო და სამხედრო-საზღვაო პავილიონი - აქ წარმოდგენილია ძველებური გემების რელიკვიები, პირველ და მეორე მსოფლიო ომში გამოყენებული წყალქვეშა აპარატები და სამხედრო თვითმფრინავები.



რკინიგზის პავილიონი - აქ განთავსებულია ოცი ორთქლმავალი და ლოკომოტივი, აგრეთვე სამგზავრო ვაგონები, შექმნილი იტალიური მრეწველობის მიერ 1870-იანი წლებიდან.



ასტრონომიისა და ასტროფიზიკის სექტორი - შეიცავს ბრერის ასტრონომიული ობსერვატორიის ნივთებს: გლობუსებსა და ტელესკოპებს, მათ შორის გალილეო გალილეის ერთ-ერთი რეფრაქტორული ტელესკოპის ზუსტ ასლს.



ლეონარდო და ვინჩის მუზეუმში გამოფენილი ზოგიერთი ექსპონატი უნიკალურია და განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.


ჯოვანი დონდის პლანეტარული საათი, ანუ ასტრარიუმი - იგი შესაძლებლობას იძლევა არა მხოლოდ დროისა და დღესასწაულების, არამედ მთვარის, მზისა და პლანეტების ადგილმდებარეობის განსაზღვრას, რაც საკუთარ ტრაქტატში აღწერა ჯოვანი დონდი დელ ოროლოჯიომ (1330-1388 წწ.). ეს საათი დაიკარგა, მაგრამ ამ ტრაქტატის საშუალებით 1963 წელს მისი რეკონსტრუქცია მოახერხეს. შუა საუკუნეების ტექნიკის ეს შედევრი ევროპაში პირველი მექანიკური საათის შექმნამდე 60 წლით ადრე აიგო:



ენრიკო ფორლანინის შვეულმფრენი - იტალიელმა გამომგონებელმა ენრიკო ფორლანინიმ 1877 წელს შექმნა პირველი უპილოტო ორთქლისძრავიანი შვეულმფრენი, რომელსაც შეეძლო 13 მეტრ სიმაღლეზე აფრენა, ჰაერში 20 წამის განმავლობაში ფრენა და მიწაზე დაშვება:



აი, ლეონარდო და ვინჩის შექმნილი საფრენი აპარატი:



ლოკომოტივი GR 552 036 - კვირაში ერთხელ, მას შემდეგ, რაც 1871 წელს გაიხსნა მიმოსვლა საფრანგეთსა და იტალიას შორის ფრეჟიუსის გვირაბის გავლით, ამ ლოკომოტივს მილანიდან ბრინდიზიში ცნობილი შემადგენლობა "ინდური ჩემოდანი" მიჰყავდა, რომელიც ლონდონსა და ბომბეის შორის დადიოდა:



ავტომობილი ALFA ROMEO 8C 2300 - 8C მოდელის 195 ავტომობილიდან ერთ-ერთი, რომელიც მეოცე საუკუნის 30-იან წლებში შეიქმნა. ლეგენდარული სარბოლო მანქანა.



ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რისი ნახვაც მუზეუმში შეგიძლიათ. მერწმუნეთ, მისი დათვალიერებით წარუშლელ შთაბეჭდილებებს მიიღებთ. შემოგთავაზებთ კიდევ რამდენიმე სურათს:







ლეონარდო და ვინჩის მუზეუმის მისამართია: Via San Vittore 21. მუზეუმი მდებარეობს ფეხით 20 წუთის სავალზე დუომოს მოედნიდან, სადაც განთავსებულია მილანის საკათედრო ტაძარი დუომო, ვიტორიო ემანუელე II-ის გალერეა, სამეფო სასახლე, ნოვიჩენტოს მუზეუმი.


მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა. სამშაბათი-პარასკევი - 09:30-17:00, შაბათ-კვირა - 09:00-18:30.


ბილეთის ღირებულებაა:


- სრული ბილეთი - 10 ევრო;

- 3-26 წლის და 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის - 7,50 ევრო;

- 3 წლამდე - უფასოდ;

- ექსკურსია წყალქვეშა ნავზე "Enrico Toti": დაჯავშნით - 10 ევრო, დაუჯავშნავად - 8 ევრო.


მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროს მწვანე M2 ხაზით - გაჩერება S. Ambrogio/S. Agostino;

- ავტობუსით №50, 58, 68 - გაჩერება Viale di Porta Vercellina/Via S. Vittore, №94, NM2 - გაჩერება S. Agostino m2;

- ტრამვაით №10 - გაჩერება Viale Coni Zugna/Via Foppa.


ბილეთების ონლაინრეჟიმში შესაძენად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ლეონარდო და ვინჩის მუზეუმის ოფიციალურ საიტს: https://www.museoscienza.org/en.
















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!