უფასო ონლაინ-მეგზური დრეზდენში


დრეზდენის ციხეკოშკი-რეზიდენცია

დრეზდენის ციხეკოშკი-რეზიდენცია უძველესი ნაგებობაა. მისი სავარაუდო ასაკი ცხრაასი წელია. ის ულამაზესი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და გერმანიაში ჩამოსული ტურისტების საყვარელი ადგილია. პირველი წერილობითი ცნობები ამ ნაგებობის შესახებ 1289 წელს განეკუთვნება, თუმცა ბევრი ისტორიკოსი და მეცნიერის ვარაუდით, ის XII საუკუნეშია აგებული. დრეზდენის ციხეკოშკი საუკუნეების განმავლობაში საქსონიის კურფიურსტების, შემდეგ კი საქსონიის მეფეების რეზიდენცია იყო. XV საუკუნეში ის ოთხფრთიან სასახლედ გადაკეთდა, რომელიც 1701 წელს ხანძარმა შთანთქა, მაგრამ ავგუსტ ძლიერმა აღადგინა.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





რაც დრო გადიოდა, ციხეკოშკი-რეზიდენცია მოდას ფეხს უწყობდა, სულ უფრო ვითარდებოდა და ფართოვდებოდა. ამიტომ მისი ექსტერიერი უნიკალური და განუმეორებელია. აი, როგორ გამოიყურება რეზიდენცია ჩრდილოეთის მხრიდან, სადაც მთავარი, ე.წ. "გეორგის შესასვლელია" (საქსონიის ჰერცოგის, გეორგ წვერიანის პატივსაცემად, რომლის დროსაც ის აშენდა). ცხენზე ამხედრებული კაციც სწორედ გეორგ წვერიანია.





უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრიდან ფასადი საკმაოდ პირქუშად გამოიყურება:



სურათის მარცხენა მხარეს ჩვენთვის უკვე ნაცნობი პანო - "დიდგვაროვანთა მსვლელობა (პროცესია)" მოჩანს.


დრეზდენის ციხეკოშკი-რეზიდენცია დიდი ნაგებობაა. მის უკეთ აღსაქმელად მოდელს შემოგთავაზებთ:



ყველაზე დიდი კოშკი ყოფილი საგუშაგო, ე.წ. ჰაუსმანის კოშკია. მისი ფლუგერი 100 მეტრის სიმაღლეზეა. კოშკს ოქროს სფეროები და საათი ამშვენებს. გადმოსახედი მოედნიდან კი შეგიძლიათ ახლოდან ნახოთ ჰოფკირხეს დეტალები, თანაც ქალაქის ხედითაც დატკბეთ.


ავგუსტ II ძლიერის მმართველობისას მისი საყვარლის გრაფინია კოზელისთვის რეზიდენციის გვერდით ტაშენბერგის სასახლე ააგეს და მას დახურული გადასასვლელით დაუკავშირეს.



ციხეკოშკი კიდევ ერთი გადასასვლელით დრეზდენის საკათედრო ტაძარსაც (ჰოფკირხეს) უკავშირდება.



ასე გამოიყურება რეზიდენციის ჩრდილოეთი და დასავლეთი მხარე შიგნიდან:



დრეზდენის ციხეკოშკ-რეზიდენციაში რამდენიმე ღირსშესანიშნაობაა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მუზეუმი "მწვანე კამარა" (Grünes Gewölbe - "გრიუნეს გეველბე"), სადაც საიუველირო კოლექციაა განთავსებული. ეს სახელწოდება განაპირობა სვეტების მწვანე მალაქიტის ფერმა, თუმცა ახლა ისინი სარკეებითაა დაფარული.



პირველ სართულზე რვა ოთახში ოქროს, ვერცხლის, სპილოს ძვლისა, ბროლის, ალმასისა და ქარვის 3 ათასამდე ექსპონატია. ეს "ისტორიული გრიუნეს გეველბეა".





მეორე სართულზე კი, ათ ოთახში, "ახალი გრიუნეს გეველბეა". მხოლოდ აქ ნახავთ ჩუქურთმებიან ალუბლისფერ ქვას (მასზე 185 სახეა ამოკვეთილი), სამეფო კარის იუველირის, იოჰან დინგლინგერის კომპოზიციას "დელის სასახლეში მიღება დიდი მოგოლის, აურანგზების დაბადების დღეს" (მასში შედის 5120 ბრილიანტი, 160 ლალი, 164 ზურმუხტი, 1 საფირონი, 16 მარგალიტი, 2 კამეა) და 41-კარატიან მწვანე ბრილიანტს. აქ სულ ათასამდე ექსპონატია.




რეზიდენციაში არის, აგრეთვე, "საჭურველთსაცავი" (Rüstkammer). ის დიდი ხნის განმავლობაში ცვინგერის სასახლეში იყო, მაგრამ 2013 წლიდან თავის ძველ ადგილსამყოფელს დაუბრუნდა. აქ თავმოყრილია 10 ათასამდე ძვირფასი ექსპონატი - ხმლები, ხანჯლები, პისტოლეტები, შაშხანები, საჭურველი, აღკაზმულობა და მისთანები.



ამავე მუზეუმში შედის თურქული საჭურველთსაცავი - ოსმალური ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი კოლექცია თურქეთის საზღვრებს გარეთ.



დრეზდენის ციხეკოშკ-რეზიდენციაში არის, აგრეთვე, მონეტების კაბინეტი:



და გრავიურების კაბინეტი. აქ თავმოყრილია დიურერის, ლუკას კრანახი უფროსის, რუბენსის, რემბრანდტის, გოისა, მიქელანჯელოსა და სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, მსოფლიო მნიშვნელობის გრავიურები, ფოტოსურათები და ლითოგრაფიები, სულ 515 ათასი ექსპონატი, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ მათი მცირე ნაწილია ხელმისაწვდომი.



დრეზდენის ციხეკოშკ-რეზიდენციის მუზეუმებში შესასვლელი კომბინირებული ბილეთის (ყველა მუზეუმი და გადმოსახედი მოედანი ჰაუსმანის საგუშაგო კოშკში, "ისტორიული მწვანე კამარების" გარდა) ღირებულებაა: მოზრდილებისთვის - 14 ევრო, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის 17 წელს ზემოთ - 10,50 ევრო, 17 წლამდე - უფასოა; "ისტორიულ მწვანე კამარებში" შესასვლელი ბილეთის ღირებულებაა: მოზრდილებისთვის - 12 ევრო (დამატებითი მოსაკრებელი 2 ევრო წინასწარი ყიდვისას), 17 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოა.


დრეზდენის ციხეკოშკ-რეზიდენციის მისამართია: Taschenberg 2.


რეზიდენციამდე მისასვლელად ისარგებლეთ: ტრამვაით №4,8,9 - გაჩერება Theaterplatz‎.


რეზიდენციის ოფიციალური საიტია: skd.museum.















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!