უფასო ონლაინ-მეგზური ავსტრიასა და ვენაში


 ექსკურსია ტრამვაით წრიულ ბულვარზე

რინგშტრასე წრიული ქუჩაა, რომელიც ვენის ცენტრს გარშემო ერტყმის. სინამდვილეში ის წრე კი არა, ნალი უფროა. 1857 წელს იმპერატორმა ფრანც-იოზეფმა, მეტსახელად "მუდმივმა კაიზერმა", გადაწყვიტა, რომ იქ არსებული თავდაცვითი ნაგებობები აეღო, რათა ქალაქს ამოესუნთქა და თანამედროვე იერსახე მიეღო. მას შემდეგ აქ დიდებული, განსხვავებული არქიტექტურული სტილის შენობები აშენდა: ნეოგოტიკური რატუშა, ნეოკლასიკური პარლამენტი, ნეორენესანსული სახელმწიფო ოპერა და უნივერსიტეტი და სხვა.


წრიულ ბულვარზე, ანუ რინგშტრასეზე, ტრამვაი 1913 წლიდან დადის. ამჟამად ეს ყვითელი ტრამვაია, რომელსაც ვენელები მოფერებით "ბიმს" ეძახიან.



წრიული ბულვარის გასწვრივ, რომლის სიგრძეც 5,3 კილომეტრია, მრავალი ღირსშესანიშნაობაა. Vienna Ring Tram ყოველდღიურად, ამინდის მიუხედავად, 10:00-დან 17:30-მდე ყოველ 30 წუთში ერთხელ გადის Swedenplatz-იდან და 13 გაჩერებაზე ჩერდება.



ტრამვაი მონიტორებითაა აღჭურვილი და მასში აუდიოგიდი რვა ენაზე მოგახსენებთ ღირსშესანიშნაობების შესახებ. მგზავრობა 25 წუთი გრძელდება.


ბილეთის შეძენა შეგიძლიათ მძღოლთან, ტრამვაიში ასვლისას, აგრეთვე, wienerlinien-ის სალაროებსა და საინფორმაციო პუნქტებში. ბილეთის ღირებულებაა: მოზრდილებისთვის - 12 ევრო, 6-15 წლის ბავშვებისთვის - 6 ევრო, ექვს წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ.


გზაზე გელით შემდეგი ღირსშესანიშნაობები: ვენის სახელმწიფო ოპერა, ვენის რატუშა, ავსტრიის პარლამენტი, ვენის უნივერსიტეტი, ჰოფბურგის სასახლე, ბირჟა, ბურგთეატრი, ხელოვნების ისტორიის მუზეუმი, ბუნებისმეტყველების მუზეუმი, ფოლკსგარტენი, შტადტპარკი და სხვა.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!