ესპანური კიბე რომში მარადიული ქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლოა. ბაროკოს სტილის ეს კიბე ევროპაში ულამაზესია. მასში სხვადასხვა სიმაღლის 136 საფეხური შედის, რომლებიც ქვედა ნაწილში ფართოვდება და ერთგვარ ლამაზ "სახელოებს" ქმნის. ესპანური კიბის საფეხურებზე დაჯდომა ტურისტებისთვის ისეთივე აუცილებლობად გადაიქცა, როგორც ტრევის შადრევანში მონეტის გადაგდება. სახელგანთქმული კიბე მდებარეობს ესპანეთის მოედანზე, "მარსის ველის" რაიონში, ანუ ქალაქის ცენტრში. აქვეა მსოფლიო ბრენდების ყველაზე ძვირი ბუტიკები.
ესპანური კიბე ერთმანეთთან აკავშირებს პინჩოს ბორცვის ქვედა ნაწილსა და მის წვეროზე მდებარე წმინდა სამების ეკლესიას (Santa Trinita dei Monti). ეკლესია 1502-1585 წლებში აიგო. მასში მოთავსებულია სკულპტურული ჯგუფის, სახელწოდებით "პიეტა", ასლი და დანიელე და ვოლტერას ცნობილი ფრესკა "ჯვრიდან გარდამოხსნა".
XVII საუკუნეში ეს ეკლესია ხაზს უსვამდა რომის პაპის ტერიტორიაზე ფრანგების ყოფნას (ვინაიდან საფრანგეთს ეკუთვნოდა) და რომში მცხოვრები ფრანგების დასაყრდენს წარმოადგენდა. ბორცვის ძირში, ჯოვანი მონალდესკის სასახლეში, ესპანეთის საელჩო მდებარეობდა. იმ პერიოდში საფრანგეთსა და ესპანეთს შორის არცთუ კარგი ურთიერთობა იყო. ფრანგმა დიპლომატმა ეტიენ გეფიემ თავის მონარქს შესთავაზა, ბორცვზე კიბე აეგოთ, როგორც ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობის სიმბოლო, და ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად თავის ანდერძში სოლიდური თანხაც გამოყო. საქმეს ის აფერხებდა, რომ ფრანგებს კიბის თავზე ლუდოვიკო XIV-ის ქანდაკების დადგმა სურდათ, რასაც რომის პაპი, ცხადია, ვერ დაეთანხმებოდა.
1714 წელს მეფე გარდაიცვალა. მალე გაიმართა კონკურსი, რომელშიც იტალიელმა არქიტექტორებმა ალესანდრო სპეკიმ და ფრანჩესკო დე სანკტისმა გაიმარჯვეს. კიბე 1723-1725 წლებში აიგო. მშენებლობის დროს აკურატულად დაუკავშირეს ერთმანეთს ფრანგი ბურბონების სიმბოლო - შროშანები - და რომის პაპის სიმბოლოები - არწივები და გვირგვინი, - რითაც საბოლოოდ შეარიგეს ამ პროექტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები.
ზამთარში კიბის საფეხურებზე საშობაო სცენები იმართება, ზაფხულში კი - მოდის ჩვენებები.
ეს კიბე, ალბათ, ბევრს გინახავთ ცნობილ ფილმში "რომაული არდადეგები", რომელშიც გრეგორი პეკი და ოდრი ჰეფბერნი მონაწილეობენ.
ესპანური კიბის ძირში მდებარეობს ცნობილი შადრევანი "ბარკაჩა" - ნავი - (Fontana della Barcaccia). ის 1627-1629 წლებში შექმნა პიეტრო ბერნინიმ. შადრევანს ნახევრად ჩაძირული ნავის სახე აქვს, წყალი კი მის გარშემო მოძრაობის ოპტიკურ ილუზიას ქმნის.
ნავის ასეთი ფორმა სავსებით გასაგებია: ის თანამედროვე ადამიანებს იმ წყალდიდობას ახსენებს, რომელიც რომს თავს XVIსაუკუნის ბოლოს, 1598 წელს დაატყდა. შადრევანს წყალი აკვედუკ "აკვა ვირგოდან" მიეწოდება.
ესპანური კიბის გვერდით დგას შენობა, რომელიც იმითაა ღირსშესანიშნავი, რომ იქ ცნობილი ინგლისელი პოეტი ჯონ კიტსი გარდაიცვალა.
ბორკაჩას შადრევნის მეზობლად აღმართულია საუცხოო სასახლე "დი პროპაგანდა ფიდე", რომელიც რომის ეკლესიის საკუთრებაა. მის წინ, მარმარილოს კვარცხლბეკზე დგას უბიწო ჩასახვის თერთმეტმეტრიანი სვეტი, მარჯვნივ კი ესპანეთის საელჩოა.
ესპანეთის მოედანი ის ადგილია, საიდანაც იწყება სავაჭრო ქუჩები რომის ცენტრში. აქ იხილავთ ისეთი ცნობილი ბრენდების ბუტიკებს, როგორიცაა Prada, Valentino, Gucci და სხვ.
ესპანური კიბის მისამართია: Piazza di Spagna, Roma, Italy.
მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს A ხაზით - გაჩერება Spagna.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.