გრანდ ოპერა, ანუ ოპერა გარნიე, საფრანგეთის დედაქალაქის მთავარი თეატრი და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საოპერო სცენაა. აქ ხელოვნების მოყვარულებს შეუძლიათ დატკბნენ ოპერითა და ბალეტით, ნახონ გარნიეს სასახლის სახელგანთქმული ბიბლიოთეკა, დიდი ფოიე, მაყურებელთა უზარმაზარი დარბაზი, მარკ შაგალის მოხატული ჭერი. აქ ხომ დეკორაციებზე თვითონ პიკასო მუშაობდა, კოსტიუმების დიზაინზე კი კოკო შანელი. პარიზის გრანდ ოპერის თეატრალური სცენა ერთგვარი მუსიკალური ოლიმპია, რომლის დაპყრობაც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.
1661 წელს ლუდოვიკო XIV-ის ბრძანებით დაარსდა ცეკვის სამეფო აკადემია, 1669 წელს კი - მუსიკის სამეფო აკადემია. მოგვიანებით ისინი გააერთიანეს. თეატრს სახელწოდება ბევრჯერ შეეცვალა. 1858 წელს, მას შემდეგ, რაც ოპერის ძველ შენობასთან ნაპოლეონ III-ს თავს დაესხნენ, იმპერატორმა თეატრში სიარულზე უარი განაცხადა. გადაწყდა ახალი შენობის აშენება. სამუშაოს ხელი არქიტექტორმა შარლ გარნიემ მოჰკიდა.
მშენებლობა 15 წელი გაგრძელდა. ქვებს მთელი ევროპიდან და აფრიკის ქვეყნებიდან ეზიდებოდნენ. გრანდ ოპერა 1875 წელს გაიხსნა.
სასახლეს შთამბეჭდავი ზომები აქვს. მისი სიგრძე 173 მეტრია, სიგანე - 125 მეტრი.დარბაზში 2100 მაყურებელი ეტევა. სვეტებს შორის მოთავსებულია მოცარტის, ბახის, ბეთჰოვენის, როსინისა და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ბიუსტები.
ჯერ კიდევ გასტონ ლერუს "ოპერის მოჩვენებაში" იყო ნახსენები, რომ შენობის მიწისქვეშა სართულზე ტბა მდებარეობდა. სინამდვილეში იქ წყლის რეზერვუარებია - ჩანაფიქრის მიხედვით, ხანძრის შემთხვევაში წყლის მარაგი იქვე ექნებოდათ.
შენობა შიგნიდან ძველბერძნული ღმერთებითა და ნიმფებითაა დამშვენებული. ოპერაში ოქროსფერი და ბორდოსფერი ჭარბობს.
სცენის უკან, ფარდისა და რკინის ტიხრის მიღმა, რომელსაც სივრცის გასაზრდელად აიღებენ ხოლმე, საცეკვაო ფოიეა. კედლებზე საუკეთესო მოცეკვავეების პორტრეტებია, სიღრმეში დიდი სარკეა მოთავსებული. მოგვიანებით საცეკვაო ფოიე მდიდრებისა და დიდგვაროვნების სალონად გადაიქცა. 1935 წლიდან ფოიეში უცხო პირებს შესვლა აეკრძალათ.
დიდი ფოიეს ჭერის სიმაღლე 18 მეტრია, სიგრძე - 54 მეტრი, სიგანე - 13 მეტრი. კამარა მოზაიკითაა დაფარული. სარკეები ისედაც დიდ სივრცეს კიდევ უფრო ადიდებენ. მთავარი ელემენტი ლირაა. ისინი არა მხოლოდ ჭერზეა, არამედ კედლებზე და კარის სახელურებზეც კი. ფოიეს ცენტრში არქიტექტორ შარლ გარნიეს ბიუსტის ასლი დგას.
მაყურებელთა დარბაზი იტალიური თეატრების ტრადიციების მიხედვითაა შექმნილი - სავარძლებს ნალის ფორმა აქვს. აქ ყველაფერი ოქროსფერი და ბორდოსფერია. ბროლისა და ბრინჯაოს უზარმაზარი ჭაღი რვა ტონას იწონის და მასზე 340 ნათურაა დაყენებული.
გრანდ ოპერას უნიკალური ჭერი აქვს. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ის მარკ შაგალის მოხატულია, ხუთ სექტორადაა დაყოფილი და მათზე რამდენიმე კლასიკური ოპერისა და ბალეტის სიუჟეტებია გამოსახული. იქვეა ბეთჰოვენის, ვერდისა და გლიუკის ოპერების პერსონაჟები, აგრეთვე პარიზის მთავარი ღირსშესანიშნაობები - ტრიუმფალური თაღი, ეიფელის კოშკი, ბურბონების სასახლე და ოპერა გარნიე.
გრანდ ოპერის ბიბლიოთეკა-მუზეუმი ე. წ. იმპერატორის როტონდაშია განთავსებული. წიგნების კოლექცია საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეკუთვნის. აქ ინახება თეატრის სამსაუკუნოვან ისტორიასთან დაკავშირებული წიგნები, ნახატები და ფოტოსურათები, აგრეთვე თეატრალური დეკორაციების შემცირებული ასლები.
ოპერა გარნიეს ზუსტი მისამართია: 8, rue Scribe, 75009, Paris.
გრანდ ოპერამდე მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროთი: მე-ე, მე-7 ან მე-8 ხაზი - სადგური Opéra;
- ავტობუსით, №20, 21, 22, 27, 29, 42, 52, 53, 66, 68, 81, 95 - გაჩერება Opéra.
ოპერის სალარო მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 9.00-16.30, შაბათს - 9.00-13.00, ივლისი-სექტემბერი - 9.00-17.30.
შესასვლელი ბილეთების ღირებულებაა:
- დამოუკიდებელი ტური - მოზრდილებისთვის - 15 ევრო, 12+ წლის ბავშვები და 26 წლამდე სტუდენტები - 10 ევრო, 12 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა.
- ექსკურსია გიდის თანხლებით - მოზრდილებისთვის - 18,50 ევრო, 4-10 წლის ბავშვებისთვის - 10 ევრო, 11-25 წლის ახალგაზრდებისა და 65 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის - 13 ევრო, 4 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ.
წარმოდგენაზე დასასწრები ბილეთების ფასი 50 ევროდან იწყება (დამოკიდებულია სპექტაკლსა და დასაჯდომ ადგილზე).
ბილეთების ონლაინ რეჟიმში შესაძენად ან სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.operadeparis.fr.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია