უფასო ონლაინ-მეგზური ბუდაპეშტში


 ჰოლოკოსტი - სევდის მომგვრელი ძეგლი ბუდაპეშტში

ჰოლოკოსტი ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და "სრულად დაწვას" ნიშნავს. ჩვენს ეპოქაში ის 1933-1945 წლებში ნაცისტური გერმანიისა და კოლაბორაციონისტების მხრიდან გერმანიაში, მისი მოკავშირეებისა და მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ებრაელების დევნისა და მასობრივი განადგურების აღმნიშვნელია. ჰოლოკოსტმა დიდი ზიანი მიაყენა უნგრეთს. ზემოთ აღნიშნულ წლებში უნგრეთში მცხოვრები ებრაელების 70 პროცენტი განადგურდა. ეს დიდი ტრაგედია იყო.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ძეგლი უნგრეთის პარლამენტის შენობიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს. იქ დაახლოებით 60 წყვილი ფეხსაცმელია. გეგონებათ, ადამიანთა ჯგუფს ფეხშიშველა სიარული მონდომებია და ფეხზე გაუხდია. სინამდვილეში ისინი რკინისაა. მათი ერთობლიობა მნახველს სევდას აღუძრავს. ის იმ ებრაელების ხსოვნას ეძღვნება, რომლებიც ბუდაპეშტში მეორე მსოფლიო ომის დროს დახვრიტეს.



ეს ძეგლი დუნაის სანაპიროზე 13 წლის წინათ დაიდგა, მაგრამ დღეს უკვე მთელ მსოფლიოშია ცნობილი.


თითქოსდა მიტოვებული ფეხსაცმელები შორიდან ნამდვილს ჰგავს.


იქვე, სამგან, ბეტონში ჩამაგრებული ლითონის ფირფიტაა ინგლისურ, უნგრულ და ებრაულ (ივრითის) ენაზე, წარწერით "მათი ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც "გადაჯვარედინებული ისრების" მოხალისეებმა დახვრიტეს 1944-45 წლებში. დადგმულია 2005 წლის 16 აპრილს".



"გადაჯვარედინებული ისრები" უნგრეთის ნაციონალურ-სოციალისტური პარტია იყო. მასში უნგრელი ფაშისტები შედიოდნენ. ეს პარტია უნგრეთს მცირე ხნით მართავდა, თუმცა მოასწრო და დიდი ტკივილი მიაყენა ხალხს, განსაკუთრებით - ებრაელებს. "გადაჯვარედინებული ისრების" წევრები ათეულობით ებრაელს დუნაის სანაპიროს კიდეზე აყენებდნენ, ერთმანეთზე ჯაჭვით აბამდნენ და განაპირას მდგომს ერთ ტყვიას ესროდნენ. წყალში ჩავარდნილი მსხვერპლი დანარჩენებსაც თან ითრევდა. მთელი უნგრეთის მასშტაბით დაახლოებით 500-600 ათასი ებრაელი გაჟლიტეს. დარჩენილ ფეხსაცმელებს ან ყიდდნენ, ან სხვა მიზნით იყენებდნენ.



ნიურნბერგის პროცესის დოკუმენტების მიხედვით, ჰოლოკოსტს 6 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.


სკულპტურის ავტორია უნგრელი დიულა პაუერი. სწორედ ასეთი ფეხსაცმელები ეცვათ მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში. ამჟამად აქ ყოველთვის აწყვია ახალი ყვავილები და ანთია სანთლები...







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!