უფასო ონლაინ-მეგზური ავსტრიასა და ვენაში


 ჰოფბურგის დიდებული სასახლე

ჰოფბურგი, ჰაბსბურგების დინასტიის იმპერატორთა ზამთრის რეზიდენცია დიდებულებითა და ზომებით ნებისმიერ მნახველს აღაფრთოვანებს. თუ იმპერატორთა ოჯახის სამყაროს გაცნობა გსურთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ავსტრიის უძველეს და ლამაზ დედაქალაქში მდებარე ამ სასახლეს. ის უმთავრესია იმ ღირსშესანიშნაობათა შორის, რომლებიც ყველა ტურისტმა საკუთარი თვალით უნდა იხილოს. ჰოფბურგის საიმპერატორო რეზიდენციის დათვალიერებისას თქვენ თვალწინ ავსტრიის სახელმწიფოს მთელი ისტორია გაირბენს.



ჰოფბურგის სასახლის ადგილას უწინ შუასაუკუნეების ციხესიმაგრე მდებარეობდა. შემდეგ კი 600-ზე მეტი წლის მანძილზე ის ავსტრიის მეფეთა რეზიდენცია იყო. ყოველი ახალი მმართველი მის გაფართოებას ცდილობდა. ამჟამად კი ეს კომპლექსი 240000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული 18 ფრთით, 19 დარბაზითა და 2600 ოთახით, სადაც 5 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს და მუშაობს. ამჟამად ჰოფბურგის სასახლე ავსტრიის პრეზიდენტის სამუშაო ადგილია.



სასახლეში იხილავთ ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესია. ის 1723-1735 წლებში აშენდა და ბაროკოს სტილის არქიტექტურული დიდებულებით გამოირჩევა. აქ უნიკალური წიგნები ინახება - დაახლოებით 7,5 მილიონი ეგზემპლარი. აქვეა პაპირუსების უდიდესი კოლექცია.




შვეიცარიულ ფრთაში მოთავსებულია საიმპერატორო საგანძური, სადაც თავმოყრილია რომისა და ავსტრიის იმპერიათა რეგალიები და სხვა ძვირფასი ნივთები.



კვირაობით საიმპერატორო კაპელაში შეგიძლიათ ვენის ბიჭების გუნდს მოუსმინოთ. ამ ღონისძიებას სათავე ჯერ კიდევ XV საუკუნეში დაუდო იმპერატორმა მაქსიმილიანე პირველმა.



საიმპერატორო კანცელარიის ფრთაში ვერცხლეულისა და ვერცხლის ნაკეთობების უძვირფასესი კოლექციაა. ზოგიერთი მათგანი დღესაც გამოიყენება სახელმწიფო ბანკეტებისა და წვეულებების დროს, დანარჩენი ვერცხლის დარბაზშია გამოფენილი.




დღესდღეობით აქ 7 ათასამდე ექსპონატია. გამოვყოფთ ზოგიერთ მათგანს.


დესერტის სერვიზი "მინტონი", რომელიც დედოფალმა ვიქტორიამ 1851 წელს შეიძინა ლონდონის მსოფლიო გამოფენაზე და იმპერატორ ფრანც-იოზეფს საჩუქრად გაუგზავნა. ხელოვნების ეს ნიმუში 116 ერთეულისგან შედგება, მაგრამ ფაიფურის სიმყიფის გამო პირდაპირი მნიშვნელობით არასდროს გამოუყენებიათ:



ცენტრალური მილანური მაგიდა, რომელიც 1838 წელს იმპერატორ ფერდინანდის, ლომბარდიის მეფის კორონაციისთვის დამზადდა:



ჰოფბურგის სასახლეში მდებარეობს სისის მუზეუმი. ელისაბედ ბავარიელი, იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის მეუღლე, ისტორიაში შევიდა, როგორც ახალგაზრდობისა და სილამაზის ეტალონი. სისის ახლობლები ეძახდნენ მოფერებით.



იმპერატორის აპარტამენტებიდან აღსანიშნავია საკონფერენციო დარბაზი, სადაც სხდომებს იმპერატორი უძღვებოდა:



იმპერატორის კაბინეტი. იქ იგი დილის ოთხი საათიდან მუშაობდა, ექვსზე საუზმობდა, შემდეგ კი სიგარას აბოლებდა:



იმპერატორის მეუღლის დიდი სალონი, იგივე მისაღები:



ჰოფბურგის სასახლის დათვალიერება შეგიძლიათ:

- ნებისმიერ დღეს, მათ შორის დღესასწაულებზე - 9:00 - 17:00;

- 26.11, 02.12.-03.12, 08.12.-10.12, 17.12, 24.12, 31.12.2022 - 06.01.2023 - 9:00 - 17.30;


ბილეთების ღირებულებაა:

- ჩვეულებრივი (იმპერატორის აპარტამენტები, სისის მუზეუმი და ვერცხლის ნაკეთობათა კოლექცია), აუდიოგიდით - მოზრდილებისთვის - 16 ევრო, 6-18 წლის ბავშვებისთვის - 10ევრო, 19-25 წლის სტუდენტებისთვის - 15 ევრო; Vienna City Card - 15 ევრო. 6 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა.

- სისის ბილეთი (იმპერატორის აპარტამენტები, სისის მუზეუმი და ვერცხლის ნაკეთობათა კოლექცია ჰოფბურგში, ვენის ავეჯის მუზეუმი და შონბრუნის სასახლე) - მოზრდილებისთვის - 40 ევრო, 6-18 წლის ბავშვებისთვის - 27 ევრო, Vienna City Card - 37 ევრო.


უფრო დაწვრილებით იხილეთ ოფიციალურ საიტზე hofburg-wien.at.



ჰოფბურგის სასახლემდე მისასვლელად გამოგადგებათ: მეტრო - U1 და U3 ხაზი, სადგურამდე Stephansplatz, ან U3 ხაზით, გაჩერებამდე Herrengasse; ტრამვაი - №1, №2 და "D", გაჩერებამდე Burgring; ავტობუსი - 2A, 3A, გაჩერებამდე Hofburg, ან 57A, გაჩერებამდე Burgring. ბილეთებთან დაკავშირებით წაიკითხეთ ვენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!