უფასო ონლაინ-მეგზური ჩეხეთსა და პრაღაში


 კარლოვის ულამაზესი ხიდი პრაღაში

მდინარე ვლტავაზე გადებული ხიდი პრაღის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს და სტარე მესტოსა და მალო სტრანას აერთებს - ჩეხეთის დედაქალაქის შუა საუკუნეების რაიონებს. მძლავრი ნახევარკილომეტრიანი ნაგებობა მძიმე თაღებითა და კათოლიკე წმინდანების ბრინჯაოს ქანდაკებებით ყოველთვის ტურისტებითა სავსე. აქ შეგიძლიათ ჩაიფიქროთ სურვილი, შეიძინოთ სუვენირები ადგილობრივი მხატვრებისგან, დატკბეთ მდინარისა და სანაპიროს კვარტალების ხედებით ხიდზე განლაგებული კოშკების გადმოსახედი მოედნებიდან. კარლოვის ხიდი პრაღის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა - მას ყველა ტურისტი აუცილებლად სტუმრობს.



კარლოვის ხიდის სიგრძე 515,76 მეტრია, სიგანე _ 9,4-9,5 მეტრი, სიმაღლე - 13 მეტრი, ბურჯების სიმაღლე - 14 მეტრი.


კარლოვის ხიდის ადგილას უწინ ივდითის ხიდი მდებარეობდა, რომელიც 1342 წელს წყალდიდობამ შეიწირა. (ამჟამად კარლოგვის ხიდზე არსებობს ბარელიეფი წვეროსანი კაცისა, რომელმაც ივდითის ხიდი ააგო). 1357 წელს ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო. მისი პირველი არქიტექტორი გახლდათ ოსტატი ოტო. უცნობია, ზუსტად რომელს წელს დასრულდა მშენებლობა, მაგრამ ვიცით, რომ 1378 წელს დამკრძალავმა პროცესიამ კარლ IV-ის ნეშტთან ერთად სწორედ ამ ხიდზე გაიარა. 1890 წელს ხიდი კიდევ ერთმა კატასტროფულმა წყალდიდობამ დააზიანა, რასაც მასშტაბური რეკონსტრუქცია მოჰყვა. ბოლო სრული რეკონსტრუქცია 2007 წელს ჩატარდა.


ძველ დროში ციფრებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ამიტომ ხიდის მშენებლობის დაწყებამდე კარლ IV ასტროლოგებს მიმართა და მათი რეკომენდაციით პირველი ქვა თვითონვე დადო 1357 წლის 9 ივლისი დილის 5 საათსა და 31 წუთზე. თუ რიცხვებს შემდეგი თანმიმდევრობით დავალაგებთ: წელი, დღე, თვე და დრო, მივიღებთ 135795531-ს - რიცხვს, რომელიც წაღმა უკუღმა ერთნაირად იკითხება, ანუ პალინდრომს. ლეგენდის თანახმად, სწორად შერჩეულმა თარიღმა განსაზღვრა ის, რომ ხიდმა ამდენ ხანს გაძლო.



ხიდის კოშკებს მდებარეობის მიხედვით ჰქვიათ სახელები: ერთს - სტარე მესტოს კოშკი და ორს - მალა სტრანას კოშკი. სტარე მესტოს კოშკი მდინარე ვლტავას მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს და ხიდთან ერთადაა აშენებული XIV საუკუნეში. მისი სიმაღლე 47 მეტრია. ამ მკაცრ და, შეიძლება ითქვას, პირქუშ კოშკს ამშვენებს წმინდა რომის იმპერიის გერბები და სხვა სიმბოლიკა, აგრეთვე წმინდა ვიტას, მეფე კარლ IV-ისა და მეფე ვაცლავ IV-ის, წმინდა ვოიტეხისა და წმინდა სიგიზმუნდის (ჩეხეთის მფარველების) გამოსახულებები.



დასავლეთის კოშკები სხვადასხვა დროსაა აშენებული: მაღალი - 1464 წელს, დაბალი - 1591 წელს.



კარლოვის ხიდი ცნობილია თავისი ქანდაკებებით. მათი უმრავლესობა წმინდანების გამოსახულებებია, რომელთა დადგმაც მხოლოდ 1683 წლიდან დაიწყეს პირველი ქანდაკება ჯვარცმა იყო.



ზემოთ მოთავსებულია ოთხი ასო INRI (იესო ნაზარეველი იუდეიის მეფე) და წარწერა არამეულ ენაზე: "წმინდანი, წმინდანი, წმინდანი, ჩვენი მხსნელი ღმერთი".


სულ არის 30 ქანდაკება + 1 ბარელიეფი ივდითის ხიდის ამგები წვეროსანი კაცისა + რაინდი ბრუნსვიკი (მასზე ქვემოთ მოგახსენებთ). მოდი, კიდევ რამდენიმე ქანდაკება ჩამოვთვალოთ. აი, წმინდა იან ნეპომუკის ქანდაკება. იან ნეპომუკი მღვდელი იყო და დედოფალი ჟოფია, მეფე ვაცლავ IV-ის მეუღლე, მას აღსარებას აბარებდა. ეჭვიანმა მეფემ იან ნეპომუკს აღსარების გათქმა მოსთხოვა, რასაც მღვდელი არ დაემორჩილა. მაშინ ის წამებით მოკლეს და ხიდიდან მდინარეში გადააგდეს. ლეგენდის თანახმად, ამ დროს 5 ვარსკვლავი აინთო, რაც ხიდზე მყოფმა ყველა ადამიანმა დაინახა, მაგრამ მის მნიშვნელობას ვერავინ მიხვდა. მოგვიანებით რომის პაპმა განმარტა, რომ ეს სიმბოლიკა იან ნეპომუკის წამებას აღნიშნავდა, ხუთი ვარსკვლავი კი - სიტყვას "tacei", რაც უტყვს, მდუმარეს ნიშნავს - მღვდელმა ხომ აღსარების საიდუმლო არ გაამხილა.



ტურისტები მის პოსტამენტზე რელიეფს ხელით ეხებიან და სურვილს ჩაიფიქრებენ. როგორც ამბობენ, მარჯვენა ხელი ვარსკვლავებს უნდა დაადოთ, მარცხენა კი წმინდანის ფეხებს ან სპილენძის ჯვარს:



აი, წმინდა იოანე და იანი თურქების მიერ დატყვევებული ქრისტიანების ბორკილებზე მიუთითებენ. ტყვეებს ქამარზე ხმალჩამოკიდებული თურქი იცავს. როგორც ამბობენ, როცა დაბნელდება, თურქი კვარცხლბეკიდან ჩამოდის და ათვალიერებს, ყველა ქანდაკება ადგილზეა თუ არა:



ესეც იოანე ნათლისმცემლის ქანდაკება:



აი, წმინდა ლუტგარდის (სვატავა ჩეშკას) ქანდაკება. უსინათლო მონაზონი ძილში ჯვარზე გაკრული იესოს ჭრილობებს კოცნის:



შემდეგი ქანდაკება გამოსახავს, თუ როგორ დასტირიან მარიამ ღვთისმშობელი და მარიამ მაგდალინელი ჯვრიდან ჩამოხსნილ გარდაცვლილ იესოს. მათ უკან იოანე ღვთისმეტყველი დგას:



რატომღაც ბევრს ავიწყდება ხიდთან, ნაპირთან მარტოდ მდგარი რაინდი ბრუნსვიკი. მას ხელში ხმალი უჭირავს, ფეხებთან - ფარი, მის ზურგს უკან კი ლომია, რომელიც მან დრაკონისგან დაიხსნა. რაინდი თავისი ხმლით პრაღის ორ უძველეს ნაწილს შორის საზღვარზე მიუთითებს, ამიტომაც დგას აქ და არა ხიდზე. ფარზე გერბია პრაღისა, რომელსაც იგი დარაჯობს.



ხიდიდან ნეოგოტიკური კიბით შეგიძლიათ ჩახვიდეთ კუნძულ კამპაზე, რომელსაც "პრაღის ვენეციას" უწოდებენ.



როგორ მივიდეთ კარლოვის ხიდამდე?


მის უშუალო სიახლოვეს ტრამვაის სამი გაჩერებაა:

- მარჯვენა სანაპირო: Karlovy lázně - ტრამვაი №2, 17, 18, 93; Staroměstská - ტრამვაი №2, 17, 18.

- მარცხენა სანაპირო: Malostranské náměstí - ტრამვაი №1, 12, 15, 20, 22, 25, 97.


შეგიძლიათ, აგრეთვე, ისარგებლოთ მეტროს A ხაზით - გაჩერებამდე Staroměstská ან Malostranská.








© 2019-2023 ყველა უფლება დაცულია




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!