უფასო ონლაინ-მეგზური მილანში


თეატრი ლა სკალა მილანში

მილანის "ლა სკალას" თეატრი მსოფლიო საოპერო კულტურის ცენტრი, საოპერო ხელოვნების მექააა. მას სამართლიანად უწოდებენ იტალიის სიამაყეს. ის როგორც მილანის, ისე მთელი ქვეყნის სავიზიტო ბარათია. ყოველწლიურად ათასობით ტურისტი მიილტვის ამ ღირსშესანიშნაობის დასათვალიერებლად. "ლა სკალას" ადგილას უწინ XIV საუკუნის მეორე ნახევრის ეკლესია - სანტა მარია დელა სკალა იდგა, რომელსაც თავისი მფარველი ჰყავდა - ბეატრიჩე რეგინა დელა სკალების დიდგვაროვანთა ოჯახიდან. სწორედ აქედან მოდის თეატრის სახელი (ზოგს შეცდომით ჰგონია, რომ ის იტალიურ სიტყვა "scala"-ს უკავშირდება, რაც "კიბეს" ნიშნავს, Teatro La Scala კი - "თეატრს კიბეზე"). შემდეგ აქ სამეფო სასახლესთან არსებული ჰერცოგის თეატრი ფუნქციონირებდა, რომელიც 1708 წელს ხანძარმა გაანადგურა.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





იმპერატორის მეუღლემ, მარია ტერეზა ავსტრიელმა, ახალი თეატრის აშენების განკარგულება გასცა. ის 1776-1778 წლებში სამეფო კარის არქიტექტორმა ჯუზეპე პიერმარინიმ ააგო. თანამედროვე დიდებული სახე მან მხოლოდ 1858 წელს მიიღო, როდესაც ამავე სახელწოდების მოედანი მოეწყო. მეორე მსოფლიო ომის დროს ის ნაწილობრივ დაინგრა, თუმცა უკვე 1946 წელს აღადგინეს. თეატრს ბოლო რესტავრაცია 2001-2004 წლებში ჩაუტარდა.


მილანის საოპერო თეატრი მდებარეობს "პიაცა-დელა-სკალას" (ლა სკალას მოედანი) გვერდით, რომლის ცენტრშიც აღმართულია ლეონარდო და ვინჩის ძეგლი. კვარცხლბეკის ქვედა იარუსში დგას ლეონარდოს მიმდევრების - მარკო დ'ოჯონოს, ჩეზარე დე სესტოს, ჯოვანი ბოტრაფიოსა და სალაის ქანდაკებები.



აღსანიშნავია, რომ თეატრის მშენებლობისთვის (ამისთვის ქალაქის 90 არისტოკრატმა 1 მილიონი ლირა გაიღო) მოედნის გათხრისას აღმოაჩინეს მარმარილოს დიდი ლოდი, რომელზეც გამოსახული იყო პილადი - ძველი რომის ცნობილი მიმი. ეს სასიკეთო მინიშნებად მიიღეს.


"ლა სკალას" დარბაზს უზარმაზარი (100მx38მ) ნალის ფორმა ჰქონდა, რომელიც რეკონსტრუქციების შემდეგ გაიწელა, აქვს ლოჟების განლაგების კლასიკური იარუსული მოდელი (ხუთი იარუსი და ორასამდე ლოჟა). თეატრის შენობის გარეგნული სიმკაცრის ფონზე განსაკუთრებით გამოირჩევა ინტერიერის სიმდიდრე და სილამაზე.




მილანის საოპერო თეატრის დიდებისკენ მიმავალი გზა 1778 წლის 3 აგვისტოს დაიწყო ანტონიო სალიერის ოპერის, "აღიარებული (ან შეცნობილი) ევროპის", პრემიერით. კომპოზიტორმა ის სპეციალურად დაწერა ევროპის თეატრალური სამყაროსთვის მნიშვნელოვანი ამ დღისთვის. აქ იდგმებოდა, აგრეთვე, როსინის, ბელინის, ვერდის, პუჩინის, ბონიცეტის, ბეთჰოვენის, ვაგნერის, დებიუსის, ჩაიკოვსკის, შოსტაკოვიჩისა და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები. სცენაზე უმღერიათ სახელგანთქმულ მომღერლებს: კარუზოს, რუფოს, ჯილის, ბენზანცონის, დელ მონაკოს, მარია კალასს, ტებალდის, კორელის, შალიაპინს, პავაროტის, კაბალიესა და სხვებს. დირიჟორებს შორის იყვნენ ფრანკო ფოჩი, არტურო ტოსკანინი, ვიქტორ დე საბატა და სხვ.



"ლა სკალა" საოცარი აკუსტიკით გამოირჩევა. დარბაზში 2030 ადამიანი ეტევა. უშველებელი ლუსტრა ბოჰემიური ბროლისგან არის დამზადებული.


აღსანიშნავია, რომ "ლა სკალა" პირველი თეატრია ევროპაში, რომელშიც ელექტროგანათება შეიყვანეს. ეს 1883 წელს მოხდა. მანამდე სპექტაკლები სანთლების შუქზე მიმდინარეობდა.


გირჩევთ, აუცილებლად ეწვიოთ "ლა სკალას" მუზეუმს. ის 1913 წელს გაიხსნა კაზინო "რიკარდიში" და თეატრის შესასვლელის მარცხნივ მდებარეობს. 14 დარბაზში გამოფენილი ექსპოზიცია წარმოდგენას შეგიქმნით როგორც "ლა სკალას", ისე იტალიის თეატრალური ხელოვნების ისტორიას. აქ წარმოდგენილია კოსტიუმები, დეკორაციები, მუსიკალური ინსტრუმენტები (მათ შორის ფერენც ლისტის პიანინო), იმ ცნობილი მსახიობებისა და მუსიკოსების ნახატები, ქანდაკებები, პარტიტურები და სხვა პირადი ნივთები, რომლებმაც ცხოვრების დიდი ნაწილი სახელგანთქმულ თეატრს მიუძღვნეს.






თუ სპექტაკლზე დასწრებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცებს მკაცრი კოსტიუმი უნდა ეცვათ, ქალებს კი - საღამოს კაბა.


"ლა სკალას" თეატრის მისამართია: Via Filodrammatici 2. მუზეუმი თეატრის გვერდითაა. მისამართი: Largo Chiringheli,1, Piazza Scala.


მუზეუმი მუშაობს ყოველდღე - 09:00-17:30. არ მუშაობს 1-ელ და 6 იანვარს, 1-ელ მაისს, 15 აგვისტოს, 8, 24, 25, 26 და 31 დეკემბერს, აღდგომის კვირადღეს.


"ლა სკალას" თეატრისა და მისი მუზეუმის დათვალიერება შეგიძლიათ როგორც გიდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად. 1-საათიანი ტურის ღირებულებაა:


- გიდთან ერთად: მოზრდილებისთვის - 29 ევრო, 4-11 წლის ბავშვებისთვის - 19 ევრო, 4 წლამდე - უფასოდ.

- დამოუკიდებლად: მოზრდილებისთვის - 9 ევრო, სკოლის მოსწავლეებისთვის 12 წელს ზემოთ - 7 ევრო;

- 12 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ.


ბილეთების შეძენა შეგიძლიათ თეატრის სალაროებში ან ინტერნეტით.



მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროს წითელი M1 ხაზით - გაჩერება Duomo/Cordusio ან ყვითელი M3 ხაზით - გაჩერება Duomo/Montenapoleone;

- ავტობუსით №61 ან ტრამვაით №1, 2 - გაჩერება Manzoni Scala/S.Margherita Scala.


ბილეთების ონლაინრეჟიმში შესაძენად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ლა სკალას თეატრის ოფიციალურ საიტს: https://www.teatroallascala.org/en/index.html.















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!