უფასო ონლაინ-მეგზური იტალიასა და რომში


სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკა

სანტა მარია მაჯორე (წმინდა მარია დიდებული) რომის ერთ-ერთი უმთავრესი ტაძარია, კათოლიკური ეკლესიის უდიდესი ტიტულის მატარებელი - პაპის ბაზილიკა. ის ადრეული ქრისტიანული ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ძეგლია, ევროპის ულამაზესი ბაზილიკა, მსოფლიო ბაროკოს დიდებული ნიმუში. მისი მშენებლობის ისტორია ლამაზ ლეგენდას უკავშირდება - პატრიციუსმა ჯოვანიმ და მისმა ცოლმა, რომლებსაც შვილი არ ეძლეოდათ, სიზმარი ნახეს: მათ ქალწული მარიამი გამოეცხადა და უბრძანა, ტაძარი აეგოთ ესკვილინის ბორცვზე იმ ადგილას, სადაც დილით თოვლი მოვიდოდა. ცოლ-ქმარი რომის პაპ ლიბერიუსთან წავიდა. აღმოჩნდა, რომ მასაც იგივე სიზმარი ენახა. 352 (ან 358) წლის ზაფხულის, 5 აგვისტოს, ცხელი დღე იდგა. სასულიერო პირების თანხლებით სამივენი ესკვილინის ბორცვისკენ გაემართნენ და იქ თოვლი აღმოაჩინეს. ასე დაიდო პირველი ქვა ეკლესიის ასაშენებლად. ყოველწლიურად ამ დღეს ეკლესიის მრევლს თავზე თეთრი ყვავილების ფურცლებს აყრიან.



440 წელს რომის პაპმა სიქსტუს III-მ ეკლესიის მნიშვნელოვნად გაფართოება და რეკონსტრუქცია გადაწყვიტა. დროთა განმავლობაში ბაზილიკას რამდენჯერმე შეეცვალა სახელწოდება. თავდაპირველად მას "თოვლის სანტა მარიას" უწოდებდნენ, შემდეგ "სანტა მარია ლიბერიანას". როდესაც ბაზილიკაში ერთ-ერთი მთავარი რელიკვია - იესოს აკვნის ფრაგმენტები - მოიტანეს, მას "სანტა მარია პრესეპე (აკვნით)" უწოდეს. მას შემდეგ, რაც ბაზილიკამ საბოლოო სახე მიიღო და ქალწულ მარიამისადმი მიძღვნილი უდიდესი ბაზილიკა გახდა, მან "სანტა მარია მაჯორეს" სახელი დაიმკვიდრა. XIV საუკუნეში სამნავიან ბაზილიკაზე 75 მეტრი სიმაღლის სამრეკლო აღმართეს. ეს რომის პაპის გრიგორიუს XI-ის თაოსნობით განხორციელდა. მთავარი ფასადი პორტიკითა და ლოჯიით 1740-იან წლებში ფერნანდო ფუგამ ააგო. მან ეს ისე ოსტატურად გააკეთა, რომ ლოჯიაში, კედელზე, რომელიც ეკლესიის ძველი ფასადი იყო, შეინარჩუნა XIV საუკუნის მოზაიკური დეკორი, აგრეთვე V საუკუნის ზოგიერთი დეტალი.


ცენტრალური ფასადის თავზე რამდენიმე ქანდაკებაა. შუაში მარიამ ღვთისმშობელი დგას, რომელსაც ხელში პატარა იესო უჭირავს.



სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკა ამავე სახელწოდების მოედანზე მდებარეობს. მთავარი ფასადის წინ აღმართულია მონუმენტი. ის ეძღვნება ქალწულ მარიამს, რომელმაც ხალხი შავი ჭირისგან იხსნა. სვეტის თავზე მარიამ ღვთისმშობლის ქანდაკებაა. შავი ჭირის სვეტი რომში 1614 წელს დაიდგა, რამაც სათავე დაუდო ანალოგიური ძეგლების დადგმას მთელ ევროპაში:



ტაძარი შიგნიდან თავისი დიდებულებით გაგაოცებთ:



ინტერიერში გამოირჩევა მთავარი საკურთხეველი და ოთხ სვეტზე დაყრდნობილი ბალდახინი.



საკურთხეველში დგას ურნა, რომელშიც წმინდა მათეს წმინდა ნაწილებია მოთავსებული. პაპის საკურთხევლის ქვეშ მდებარეობს ერთგვარი აკლდამა. ის ბეთლემის შობის მღვიმეს გვაგონებს. შესასვლელთან დგას მუხლმოყრილი რომის პაპის, პიუს IX-ის, ქანდაკება, სახელწოდებით "აღსარება".



აკლდამაში ინახება ძვირფასი რელიკვია - ახალშობილი იესოს აკვნის რამდენიმე ხის ნაჭერი, რომლებიც იერუსალიმიდან წმინდა ელენემ ჩამოიტანა.



მთავარი საკურთხევლის მარჯვნივ დაინახავთ ჯოვანი ლორენცო ბერნინის საფლავის ქვას, წარწერით: "ჯოვანი ლორენცო ბერნინი - ხელოვნებისა და ქალაქის დიდება - აქ განისვენებს მორჩილად". შეგახსენებთ, რომ ბერნინი აღორძინების ეპოქის უდიდესი მოქანდაკეა.



ბაზილიკაში დაკრძალული არიან, აგრეთვე, რომის პაპები - პიუს V, კლემენტ VIII, კლემენტ IX, პავლე V, სიქსტუს V და ნაპოლეონ I-ის შუათანა და ყველაზე საყვარელი და მარი-პოლეტ ბონაპარტი.


თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს მოზაიკების სიმრავლე, რომლებზეც ძველი და ახალი აღთქმის სცენები და ქალწულ მარიამის ცხოვრების სცენებიაა გამოსახული.



აი, მოზაიკა, რომელიც ქალწულ მარიამის კორონაციას გამოხატავს:



აი, შიგა ინტერიერის კიდევ ერთი ფრაგმენტი:



ყურადღებას იმსახურებს სამი კაპელა, კერძოდ, სიქსტეს კაპელა:



პაოლინის, იგივე ბორგეზეს კაპელა:



და შედარებით მოკრძალებული ფორცას კაპელა, რომელიც შესაძლოა მიქელანჯელოს პროექტის მიხედვითაა აგებული:



ბაზილიკაში ნათლობის რიტუალის ჩასატარებლად გამოყოფილია სპეციალური ადგილი - ბაპტისტერიუმი. მას ამშვენებს იოანე ნათლისმცემლის ბრინჯაოს ქანდაკება.



არც ორგანი უნდა გამოგვრჩეს, რომელიც 1955 წელს შეიქმნა. 1716 წელს შექმნილი ორგანი ალიფორნის ეკლესიაში გადაიტანეს.



სანტა მარია მაჯორეს ქვეშ მდებარეობს მუზეუმი, რომელიც მნახველებს ტაძარზე მოუთხრობს. რვა ოთახში განთავსებული ექსპონატები უკავშირდება ბაზილიკის ისტორიას, იესოს შობის საიდუმლოს, ქალწულ მარიამს, ეკლესიის მფარველ წმინდანებს. აქ ინახება ნახატები, ქანდაკებები, პაპის ხელისუფლების ძვირფასი ატრიბუტები, წმინდა რელიკვიები და სხვა ფასეულობები.


სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკის მისამართია: Piazza di Santa Maria Maggiore, 42, Rome Italy.


მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროს A/B ხაზით - გაჩერება Termini, შემდეგ ფეხით 5-10 წუთს ივლით Via Cavour-ის გასწვრივ;

- ავტობუსით №16,70,75,360,717 - გაჩერება Santa Maria Majore;

- ტრამვაით №5,14 - გაჩერება Santa Maria Majore.


ბაზილიკას შეგიძლიათ ეწვიოთ ყოველდღე - 07:00-19:00.


ბაზილიკაში შესვლა უფასოა.


ვფიქრობ, ნაწილობრივ მაინც შეგიქმენით წარმოდგენა სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაზე.

















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!