უფასო ონლაინ-მეგზური ბუდაპეშტში


 მეთევზეთა ბასტიონი ბუდაპეშტში

მეთევზეთა ბასტიონი ბუდაპეშტში შთამბეჭდავი შენობაა. მისი სახელწოდება, ალბათ, თევზსა და ციხესიმაგრეზე დაგაფიქრებთ. თუმცა იქ ვერც თევზს აღმოაჩენთ და ვერც მეთევზეებს. ეს შესანიშნავი ნაგებობა არც თავდაცვითი მიზნით გამოუყენებიათ ოდესმე. სამაგიეროდ, აქედან მშვენიერი ხედი იშლება დუნაისა და პეშტზე. ქვემოთ სხვა საინტერესო ფაქტებსაც გაეცნობით ამ მშვენიერი ღირსშესანიშნაობის შესახებ, რომლის მონახულებასაც დაბეჯითებით გირჩევთ. ის ნამდვილად მოგანიჭებთ სიამოვნებას.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ბუდას ბორცვზე მდებარე ამ არქიტექტურული ნაგებობის მშენებლობა, ბევრი ღირსშესანიშნაობის მსგავსად, უნგრეთის 1000 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიწყეს XIX საუკუნის მიწურულს. თუმცა დროში ვერ ჩაეტივნენ და ის 1905 წლიდან ახარებს ადგილობრივებისა და ჩამოსულების თვალს.



უწინ აქ გალავანშემორტყმული მოედანი იყო, სადაც მეთევზეები თევზით ვაჭრობდნენ. დროთა განმავლობაში კედლები შეილახა და ვაჭრობაც შეწყდა. ბუდას სასახლის რეკონსტრუქციასთან ერთად გადაწყდა, რომ მატიაშის ეკლესიისთვის არქიტექტურული ფონის შესაქმნელად მეთევზეთა ბასტიონი აეგოთ. ეს წარმატებით მოხერხდა.


ბასტიონიც და ეკლესიაც წმინდა სამების მოედანზე მდებარეობს. მატიაშის ეკლესიის რეკონსტრუქცია არქიტექტორმა ფრიდეშ შულეკმა განახორციელა. მანვე შექმნა მეთევზეთა ბასტიონის პროექტი.



მეთევზეთა ბასტიონი შვიდი კარვისებრი კოშკისგან შედგება. მოედანზე კი ცხენზე ამხედრებული წმინდა იშტვანის ქანდაკება დგას. კვარცხლბეკზე წმინდა იშტვანის ცხოვრების ამსახველი ბარელიეფებია. ქანდაკება 1906 წელს დაიდგა.


როგორც უკვე მოგახსენეთ, აქედან ლამაზი ხედი იშლება დუნაისა და პეშტზე.



თუ ბუდაპეშტში რამდენიმე დღით ჩადიხართ, გირჩევთ, მეთევზეთა ბასტიონს საღამოსაც ეწვიოთ. თქვენ ორ, სრულიად განსხვავებულ პანორამას დაინახავთ, რომლებიც აღგაფრთოვანებთ.


მეთევზეთა ბასტიონის მშენებლობის დროს წმინდა მიხეილის სახელობის სამლოცველო აღმოაჩინეს. ამჟამად ამ სამრეკლოში 3D კონოთეატრია განთავსებული, სადაც შეგიძლიათ 15-წუთიანი ფილმი ნახოთ უნგრეთის ათასწლოვანი ისტორიის შესახებ. თქვენ მოგცემენ 3D სათვალეს და ყურსასმენს. შესასვლელი ბილეთი 1500 ფორინტი ღირს.



მეთევზეთა ბასტიონის აივნებისა და კოშკების უმეტესობაზე უფასოდ მოხვდებით, მაგრამ ყველაზე მაღლა მოსახვედრად ბილეთის შეძენა მოგიწევთ. ბილეთის ღირებულებაა:


- მოზრდილებისთვის - 1000 ფორინტი;

- სტუდენტებისთვის და 6 წელზე უფროსი ბავშვებისთვის - 500 ფორინტი;

- პენსიონერებისთვის (ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის) - 500 ფორინტი;

- 6 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა.

- Budapest Card-ის მფლობელებისთვის გათვალისწინებულია შეღავათი.


ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველაზე მაღლა მოხვედრა უფასოდაც შეგიძლიათ:

- 15 ოქტომბრიდან 15 მარტამდე - ნებისმიერ დროს;

- ნებისმიერ დღეს - საღამოს 8 საათიდან დილის 9 საათამდე.


მეთევზეთა ბასტიონამდე მისვლა გიჯობთ ავტობუსით (დღისით - ნომერი 16, 16A, 116; ღამით - 916; გაჩერება Szentháromság tér).


მეთევზეთა ბასტიონი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!