უფასო ონლაინ-მეგზური მილანში


მილანის საკათედრო ტაძარი დუომო

მილანის საკათედრო ტაძარი დუომო წმინდა მარიამ ღვთისმშობლის შობის მოქმედი ეკლესიაა. ეს გრანდიოზული ნაგებობა თეთრი მარმარილოთია მოპირკეთებული და თავისი არქიტექტურული დიდებულებით გვაოცებს. მისი მშენებლობა 1386 წელს დაიწყო ჰერცოგ ჯანგალეაცო ვისკონტის განკარგულებით და საბოლოოდ მხოლოდ 1965 წელს დასრულდა, ანუ თითქმის 600 წელი გაგრძელდა! ტერმინი "დუომო" XII საუკუნიდან არის ცნობილი. ის მოდის ლათინური სიტყვიდან domus, ანუ "სახლი". იგულისხმება domus Dei - "ღვთის სახლი". ზოგიერთი წყარო სხვა ვარიანტებსაც გვთავაზობს: domus ecclesiae - "ეკლესიის სახლი" და domus episcopi - "ეპისკოპოსის სახლი". ტაძრის სიგრძე 158 მეტრია, სიმაღლე - 108 მეტრი, ტევადობა - 40 ათასი ადამიანი.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ეპოქათა ცვლამ გოტიკური ტაძრის თავდაპირველ პროექტში რენესანსის ელემენტები შეიტანა. მოსაპირკეთებლად იყენებდნენ კანდოლიის კარიერიდან წამოღებულ თეთრ, ვარდისფერი ელფერის მარმარილოს. 1805 წელს აქ აკურთხეს იტალიის მეფედ ნაპოლეონ ბონაპარტე. მანვე დაამტკიცა ტაძრის მოედნისკენ მიმართული ფასადის საბოლოო პროექტი. შედეგად, დუომომ მიიღო ცისკენ ატყორცნილი 135 მარმარილოს "ნემსი", რომლებიც გოტიკური არქიტექტურის ნიმუშის სახეს ქმნიან.



II მსოფლიო ომის დროს დაბომბვებმა ქალაქის შენობების ნახევარზე მეტი დაანგრია, მაგრამ ტაძარი სასწაულებრივად გადარჩა.


დუომოს დიდებული კომპლექსი ზომით ევროპის მხოლოდ სამ ქრისტიანულ ტაძარს ჩამორჩება: წმინდა პეტრეს ტაძარს ვატიკანში, სევილიის ტაძარს ანდალუზიაში და წმინდა პავლეს ტაძარს ლონდონში.


დუომოს ფასადი ეს არის ეკლექტიკა გოტიკური სტილის დომინანტით, რაც ნახევარი ათასწლეულის განმავლობაში იქმნებოდა. თავდაპირველად მას ადგილობრივი, ლომბარდიის გოტიკის ტრადიციების მიხედვით აშენებდნენ, პროპორციების მკაცრად დაცვით. ამიტომაცაა დასავლეთის ფასადის კვეთა სამკუთხედი. კონტრრეფორმაციის პერიოდში მილანის ტაძარმა რომაული საეკლესიო არქიტექტურის ელემენტები შეიძინა, მოგვიანებით კი, XVII საუკუნის პირველ ნახევარში, ბაროკოს სტილის გავლენა განიცადა.


როგორც ყველა სხვა გოტიკურ ტაძარში, მილანის დუომოს ქანდაკებებიც ქრისტიანული ხსნის იდეას ეძღვნება. ფასადზე, შპილებსა და შენობის შიგნით 3400 ქანდაკება და მარმარილოს გორელიეფებში ჩასმული 700-ზე მეტი ფიგურაა განთავსებული. ისინი ისტორიულ და ბიბლიურ პერსონაჟებს გამოსახავენ - პატრიარქებსა და წინასწარმეტყველებს, წამებულებსა და წმინდანებს, აგრეთვე ქერუბიმებს, გარგულიებსა და ქიმერებს.



მილანის დუომოს ქანდაკებები არა მხოლოდ დეკორაციაა, არამედ ტაძრის სიმბოლიკის განუყოფელი ნაწილი. ომის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქანდაკებები დუომოს მუზეუმში გადაიტანეს. სხვათა შორის, ტაძარში ახალი ქანდაკებები ჩვენს დროშიც იდგმება. ბოლოს ეს 2013 წელს მოხდა.



ტაძრის მთავარი ქანდაკება ღვთისმშობლის 4 მეტრი და 16 სანტიმეტრი სიმაღლის ფიგურაა ცენტრალურ შპილზე:



დუომო შიგნიდანაც არანაკლებ დიდებულია. ყურადღებას იმსახურებს ასტრონომიული საათი იატაკზე, XII საუკუნის 5-მეტრიანი შანდალი და IV საუკუნის ეგვიპტური აბაზანა ნათლობისთვის.





მილანის დუომოს მთავარი სიწმინდე - ლურსმანი, რომლითაც იესო ქრისტე ჯვარზე იყო მიკრული. ის 42 მეტრ სიმაღლეზეა მმოთავსებული ბროლის ყუთში მთავარი საკურთხევლის თავზე. რელიკვია მორწმუნეთა სანახავად წელიწადში მხოლოდ ერთხელ, 14 სექტემბერს გამოაქვთ. ამ დღეს ეს ლურსმანი ანგელოზებიანი ღრუბლის ფორმის პლატფორმით ჩამოაქვთ, დღესასწაულის შემდეგ კი ძველ ადგილზე აბრუნებენ. ლეგენდის თანახმად, ასაწევი მექანიზმი ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა და მოხატა.




ტაძარში დგას წმინდა ბართლომეს საოცარი ქანდაკება:



გადმოცემის თანახმად, ჯალათებმა წამების დროს მას ტყავი გააძრეს. ქანდაკება ადამიანის ანატომიის სრულყოფილი ნიმუშია. მისმა შემქმნელმა 1562 წელს კვარცხლბეკზე ასეთი წარწერა გააკეთა: "მე პრაქსიტელემ კი არა, მარკო დ'არგატემ შემქმნა".


მილანის ტაძარს ამშვენებს 45 ვიტრაჟული პანო, რომელთაგანაც ყველაზე ძველი 500-ზე მეტი წლისაა. მათზე გამოსახულია ძველი და ახალი აღთქმის, აპოკალიფსისა და იესოს ცხოვრების სცენები.



ორ ფიგურას შორის, რომლებიც ომსა და მშვიდობას განასახიერებენ, დგას ჯაკომო მედიჩის - იტალიელი მხედართმთავრისა და წმინდა კარლო ბარომეოს ბიძის - ქანდაკება, სახელწოდებით მედიგინო. ორ ანგელოზს ფარი უჭირავს მედიჩების ოჯახის საგვარეულო გერბით.



აღსანიშნავია, აგრეთვე, კრიპტა მილანის არქიეპისკოპოსის, კარლო ბარომეოს ნეშტით. ბარომეო წმინდანად არის შერაცხული. მისი სახელი უკავშირდება ქალაქის გათავისუფლებას შავი ჭირის ეპიდემიისგან, რომელიც იტალიაში 1575-1578 წლებში მძვინვარებდა. არქიეპისკოპოსი ავადმყოფებს უვლიდა, გაჭირვებულებს საკვებს უგზავნიდა, დაკრძალვის რიტუალებს ასრულებდა. მან ბრძანა, ტაძრიდან წმინდა რელიკვია (ლურსმანი) გამოეტანათ და პირადად ჩაუდგა სათავეში მონანიების პროცესიას, რათა საშინელ ავადმყოფობას უკან დაეხია.



დუომოს კიდევ ერთი განსაკუთრებულობა ტერასაა გადმოსახედი მოედნით, სადაც ლიფტით ან კიბით შეიძლება ასვლა.



მილანის საკათედრო ტაძრის ფასადის მარჯვნივ, სამეფო მოედანზე, მდებარეობს დუომოს მუზეუმი. მუზეუმის ექსპოზიცია მოგვითხრობს ტაძრის მშენებლობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე. 26 საგამოფენო დარბაზში გამოფენილია ტაძრის ვიტრაჟების ფრაგმენტები, ნახატები, გობელენები და ქანდაკებების ასლები.



მილანის საკათედრო ტაძრის მისამართია: Piazza del Duomo.


მილანის საკათედრო ტაძარი მუშაობს ყოველდღე:


- 1-ლი ნოემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით: სამუშაო დღეებში - 09:30-16:30, შაბათ-კვირასა და სადღესასწაულო დღეებში - 09:00-17:00;

- 1-ლი მაისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით: ყოველდღე - 09:00-19:00.


გაითვალისწინეთ, რომ ტაძარში შორტით, მინი-ქვედაწელით და მოშიშვლებული მხრებით შესვლა არ შეიძლება. შეზღუდვა მამაკაცებსაც ეხებათ და ქალებსაც.


შესვლისას შემოწმების გავლა მოგიწევთ. აკრძალულია დიდი ზომის ჩანთების, აგრეთვე წვეტიანი და მჭრელი საგნების შეტანა.


ბილეთის ღირებულებაა:


- დუომოში შესვლა: მოზრდილებისთვის - 5 ევრო, 6-18 წლის მოზარდებისთვის - 2 ევრო;

- გადმოსახედ მოედანზე ფეხით ასვლა: მოზრდილებისთვის - 10 ევრო, 6-18 წლის მოზარდებისთვის - 5 ევრო;

- გადმოსახედ მოედანზე ლიფტით ასვლა: მოზრდილებისთვის - 14 ევრო, 6-18 წლის მოზარდებისთვის - 7 ევრო;

- 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ.


არსებობს კომბინირებული ბილეთებიც, რომლებშიც შედის ტაძრის, ტერასის, დუომოს მუზეუმისა და არქეოლოგიური ზონის დათვალიერება და რომელთა ფასია 10/4, 15/7, 20/9 ევრო და 26/14 ევრო.


ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ტაძრის Info Point-ში, დუომოს მუზეუმის სალაროებში და ინტერნეტით.


მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროს წითელი M1 და ყვითელი M3 ხაზით - გაჩერება Duomo;

- ტრამვაით №24, 27 - გაჩერება Piazza Fontana; №2, 3, 14 - გაჩერება Via Torino; №12, 16, 19 - გაჩერება Via Mazzini.


ბილეთების ონლაინრეჟიმში შესაძენად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მილანის საკათედრო ტაძრის ოფიციალურ საიტს: https://www.duomomilano.it/en/.















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!