უფასო ონლაინ-მეგზური პარიზში


 ნოტრდამი - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

ნოტრდამი, ანუ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, მთელ მსოფლიოში ფრანგული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმბოლოდ არის აღიარებული. ის რომანული და გოტიკური არქიტექტურის ნაზავია, დანიშნულებით კი კათოლიკური ეკლესიაა. ნოტრდამი საუკუნეობრივი საიდუმლოებებითა და ლეგენდებითაა მოცული. მან ბევრჯერ გადაიტანა მძიმე დღეები და კვლავ და კვლავ აღდგა. მიუხედავად იმისა, რომ აქ პარიზის არქიეპარქიაა, ის სახელმწიფო საკუთრებაა, კათოლიკურ ეკლესიას კი უვადო და უფასო სარგებლობაში აქვს გადაცემული. სწორედ ნოტრდამშია დაცული იესო ქრისტეს ეკლიანი გვირგვინი, რომელიც მანამდე იერუსალიმში ინახებოდა.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





საკათედრო ტაძარი მდინარე სენის ერთ-ერთ კუნძულზე - სიტეზეა აღმართული, საფრანგეთის დედაქალაქის გულში.


თავდაპირველად ნოტრდამის ადგილას, სავარაუდოდ, წარმართული ტაძარი მდებარეობდა. IV საუკუნეში ის ადრექრისტიანულმა ეკლესიამ შეცვალა. VII საუკუნეში გაჩნდა ახალი, უფრო დიდი საკულტო შენობა - წმინდა შტეფანის ტაძარი, 1160 წელს კი პარიზის ეპისკოპოსმა მორის დე სიულიმ გრანდიოზული და ლამაზი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობის შესახებ გააკეთა განცხადება. ნოტრდამის მშენებლობა 1163 წელს დაიწყო და 1345 წელს დასრულდა.



პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს უდიდესი ზიანი მიაყენა საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ. 1793 წელს რობესპიერის განკარგულებით თავი მოჰკვეთეს ფასადის ქანდაკებებს, კერძოდ, იუდეველ მეფეებს, ვინაიდან ისინი ფრანგი მონარქების ფიგურები ეგონათ. დაზიანდა, აგრეთვე, უნიკალური ვიტრაჟები, მოანგრიეს XIII საუკუნის შუა წლებში აღმართული შპილი. აი, როგორ გამოიყურება ახლა აღდგენილი შპილი და მოციქულთა ფიგურები:



სავალალო მდგომარეობაში მყოფი ნოტრდამი ეკლესიას 1802 წელს დაუბრუნეს, 1804 წელს კი აქ აკურთხეს იმპერატორად ნაპოლეონ ბონაპარტი. აქვე დაიწერა მან ჯვარი. მიუხედავად ამისა, დაიწყო ლაპარაკი მისი აღების შესახებ. ვითარება ვიქტორ ჰიუგომ განმუხტა, რომელმაც დაწერა რომანი "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი". ამას მალე გრანდიოზული რესტავრაციაც მოჰყვა.


ნოტრდამის დასავლეთი (მთავარი) ფასადი ტაძრის მოედანს გადაჰყურებს, სადაც მდებარეობს საფრანგეთის ნულოვანი კილომეტრი:



ტაძრის წინ დგას ცხენზე ამხედრებული კარლ დიდის ქანდაკება, სამხრეთიდან კი ძეგლი რომის პაპის, იოანე პავლე II-სი, რომელიც რომის კათოლიკურმა ეკლესიამ 2014 წელს წმინდანად შერაცხა.


იუდეველი მეფეების ზემოთ, ვარდის ვიტრაჟზე, მადონაა ახალშობილთან ერთად, მის მარჯვნივ და მარცხნივ კი, ცოტა მოშორებით, ადამისა და ევას ფიგურები მოჩანს.


ტაძრის გადმოსახედ მოედანზე ასასვლელად 387 საფეხური უნდა აიაროთ დახვეული ვიწრო კიბით. აქედან საუცხოო ხედი იშლება პარიზზე.



ტაძრის სიმაღლეა 35 მეტრი, სიგრძე - 130 მეტრი, სიგანე - 48 მეტრი, სამრეკლოს სიმაღლე - 69 მეტრი, შპილის სიმაღლე - 96 მეტრი, სამხრეთ კოშკზე ზარი "ემანუელა" 13 ტონას იწონის, მისი ენა კი - ნახევარ ტონას.


აი, როგორ გამოიყურება ნოტრდამი შიგნიდან:



110 ფანჯარაზე საოცრად ლამაზი ვიტრაჟებია დაყენებული.



პირველი ორგანი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 1402 წელს დააყენეს, ახლანდელი კი კომპიუტერული ტექნოლოგიებითაა გაუმჯობესებული. რეგისტრების რაოდენობის მიხედვით ის მთელ საფრანგეთში ყველაზე დიდია.


აი, მთავარი საკურთხეველი:



ყოველი თვის პირველ პარასკევს, დიდმარხვის დროს კი ყოველ პარასკევს, 15.00-ზე, მორწმუნეებისთვის იესო ქრისტეს ეკლიანი გვირგვინი გამოაქვთ - უნიკალური რელიკვია და ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე.


ნოტრდამში ფუნქციონირებს მუზეუმი, სადაც ყოველ სტუმარს შეუძლია დაწვრილებით შეიტყოს ტაძრის ისტორიის, ამ ადგილთან დაკავშირებული ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ფაქტების შესახებ. აქ ინახება სხვადასხვა ექსპონატები, რომლებიც უშუალოდ შეეხება ნოტრდამის მრავალსაუკუნოვან ცხოვრებას. იქვეა მიწისქვეშა საგანძური, მასში ისტორიული და რელიგიური რელიკვიებია, მათ შორის ქრისტეს ეკლიანი გვირგვინი და ერთ-ერთი ლურსმანი, რომლითაც ის ჯვარზე მიაჭედეს.



ტაძარი ღიაა ყოველდღე დილის 8 საათიდან. სამუშაო დღეებში იკეტება 18.45-ზე, შაბათ-კვირას - 19.15-ზე.


იშვიათი გამონაკლისის გარდა, საკვირაო წირვას პარიზის არქიეპისკოპოსი წარმართავს.


ნოტრდამის ზუსტი მისამართია: 6, Pavris Notre-Dame Place Jean-Paul II 75004 Paris).


ინფორმაცია ნოტრდამამდე მისასვლელად:


უშუალოდ კუნძულ სიტეზე მდებარეობს მეტროს მე-4 ხაზის სადგური Cité, აგრეთვე ავტობუსების გაჩერებები: Pont Neuf - №70, 72, 74; Cité — Palais de Justice — №21, 38, 47, 58, 96; Cité — Pont d'Arcole — №75. მდინარე სენის მარცხენა ნაპირზე ჩერდება ჩქარი ელექტრომატარებლები RER B, RER C - სადგური Saint-Michel — Notre-Dame. მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს მეტროს 1-ლი, მე-7, მე-11, მე-14 ხაზის სადგური Châtelet.


ბილეთების ღირებულება:


- ტაძარში შესვლა უფასოა;


- ტაძრის საგანძურის ნახვა - 5 ევრო;


- ტაძრის კოშკებზე ასვლა - 10 ევრო.


2019 წლის აპრილში ნოტრდამში ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც დაინგრა შპილი, დაიწვა სახურავის ხის კარკასი, თვითონ შენობა კი მნიშვნელოვნად დაზარალდა. მას შემდეგ ტაძარი დაიკეტა. ოფიციალური წყაროების თანახმად, ის გაიხსნება 2024 წლის 25 დეკემბერს.



სიახლეებს თვალი ადევნეთ ნოტრდამის ოფიციალურ საიტზე: https://www.notredamedeparis.fr.











© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!