პანთეონი რომში ოდესღაც გაბატონებული იმპერიის ძალასა და დიდებულებას გვახსენებს. VII საუკუნემდე აქ კერპთაყვანისმცემლები აღავლენდნენ ლოცვებს, შემდეგ - ქრისტიანები. ამჟამად პანთეონი რომის უმთავრესი ღირსშესანიშნაობების სიაში შედის. რომის იმპერიის მთავარი ტაძრის აშენების ინიციატივა მხედართმთავარ მარკ აგრიპას ეკუთვნოდა. მისი ჩანაფიქრით, პანთეონი, ანუ "ყველა ღმერთის ტაძარი", მარსის მოედანზე არქიტექტურული კომპლექსის ნაწილი უნდა გამხდარიყო. ლეგენდის თანახმად, ის იმ ადგილას ააგეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 27 წელს, საიდანაც რომის ერთ-ერთი დამაარსებელი, რომული, ცად აღევლინა. კომპლექსში აგრეთვე შედიოდა აგრიპას თერმები და ნეპტუნის ბაზილიკა.
უწინ მიიჩნევდნენ, რომ პანთეონმა ყველა ქარტეხილს გაუძლო და პირველსაწყისი სახე შეინარჩუნა. ამ მოსაზრების გამყარებას მის ფასადზე გაკეთებული დღემდე შემორჩენილი წარწერაც უწყობდა ხელს: "მარკ აგრიპამ, ლუციუსის შვილმა, სამგზის არჩეულმა კონსულმა, შევქმენი ეს". მაგრამ არქეოლოგიურმა გათხრებმა დაამტკიცა, რომ პანთეონის შენობა, ფასადის გარდა, მთლიანად დაინგრა, რის შემდეგაც ის ნახაზების მიხედვით აღადგინეს. 80 წელს გაჩენილმა ხანძარმა ტაძარიც შთანთქა და მის შორიახლოს მდებარე შენობებიც. დომიციანის ბრძანებით ის აღადგინეს, თუმცა 30 წლის შემდეგ კვლავ იგივე ბედი ეწია. საბოლოოდ, ის იმპერატორმა ადრიანემ აღადგინა ჩვენი წელთაღრიცხვით 128 წელს და ფასადზე გაკეთებული წარწერაც უცვლელად დატოვა.
VII საუკუნემდე პანთეონი 7 პლანეტას ეძღვნებოდა, რომლებიც მაშინდელი წარმოდგენით, დედამიწის გარშემო ბრუნავდნენ: მთვარეს, მერკურის, ვენერას, მზეს, მარსს, იუპიტერსა და სატურნს. მივიწყებასა და კერპთაყვანისმცემლების მხრიდან განადგურებას ის იმან გადაარჩინა, რომ 609 წელს აკურთხეს, რის შემდეგაც ქრისტიანულ ტაძრად გადაიქცა.
პანთეონი უნიკალური ნაგებობაა - მისი გუმბათი და კედლები ერთიან მთელს ქმნის. თითოეული კედლის სისქე 6 მეტრია. გუმბათის ცენტრში ე.წ. "პანთეონის თვალია" მოთავსებული - 9 მეტრი დიამეტრის მრგვალი ხვრელი. ლეგენდის თანახმად, ის მაშინ გაჩნდა, როცა ტაძარში წირვა დაიწყო. ბოროტმა სულებმა წმინდა ლიტურგიას ვერ გაუძლეს, ტაძარი სასწრაფოდ დატოვეს გუმბათიდან და იქ "ფანჯარა" დატოვეს. სწორედ ამ ოკულუსიდან შემოდის პანთეონში შუქი, ვინაიდან ტაძარს სხვა ფანჯრები არა აქვს.
პანთეონის გუმბათს კიდევ ერთი ლეგენდა უკავშირდება - მისმა იდეალურმა მოხაზულობამ და "თვალიდან" შემოსულმა შუქმა ცნობილ ასტრონომ კოპერნიკს ჰელიოცენტრული თეორიის საბოლოოდ ჩამოყალიბებაში შეუწყო ხელი. შენობის შიგნით ნიშები მოჩანს, სადაც ზემოთ ჩამოთვლილ პლანეტებთან დაკავშირებული ღმერთების ქანდაკებები იდგა. ოკულუსიდან შემოჭრილი მზის სხივები რიგ-რიგობით ეცემოდა თითოეულ ქანდაკებას და რომის პანთეონს ერთგვარ ობსერვატორიად გადააქცევდა.
აი, ასე გამოიყურება გუმბათი ზემოდან:
ინტერიერში სჭარბობს გეომეტრიული ფიგურები: მართკუთხედები, კვადრატები და წრეები. ისინი, ძირითადად, პანთეონის მარმარილოს იატაკზეა გამოსახული: "საჭადრაკო უჯრებს" ენაცვლება, სავარაუდოდ, ომფალიები - მეწამული წრეები.
ტაძარში დასაფლავებული არიან იტალიის გამოჩენილი ადამიანები: მეფე ვიტორიო ემანუელე II, მისი შვილი უმბერტო I მეუღლითურთ, მევიოლინე არქანჯელო კორელი, მოქანდაკე ფლამინიო ვაკი, მხატვრები - ჯოვანი და უდინე, ტადეო ცუკარო, პერინო დელ ვაგა და წმინდანად შერაცხული რაფაელ სანტი.
პორტიკი ეყრდნობა მარმარილოს 16 სვეტს. თითოეულის დიამეტრი 1,5 მეტრია, სიმაღლე - 12 მეტრი, წონა - 60 ტონა.
პანთეონის წინ აღმართულია ფარაონ რამზეს II-ის ობელისკი და შადრევანი.
პანთეონის მისამართია: Piazza della Rotonda, 00186.
პანთეონი მუშაობს ყოველდღე: 09:00-19:00.
პანთეონში შესვლა უფასოა.
მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს A ხაზით - გაჩერება Barberini;
- ავტობუსით №30, 40, 62, 64, 81, 87, 492 - გაჩერება Argentina;
- ტრამვაით №8 - გაჩერება Argentina.
რომის პანთეონის ოფიციალური საიტია: www.pantheonroma.com.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.