დისნეილენდში მოხვედრა მრავალი ბავშვის ოცნებაა. ზოგს ეს ოცნება ბავშვობაშივე აუხდება, ზოგს კი - დიდობაში. დისნეილენდი ეს არის გასართობი პარკი, სადაც საყვარელი მულტფილმების ატმოსფეროში მოხვდებით. 2 ათას ჰექტარზე გადაჭიმულ ფართობზე მთელი კომპლექსია განთავსებული, რომელშიც შედის ორი თემატური პარკი: დისნეილენდისა და უოლტ დისნეის სტუდიისა, აგრეთვე გასართობი ტერიტორია დისნეილენდის სოფელი, გოლფის მოედანი, სასტუმროების, მაღაზიების, კაფე-რესტორნებისა და სუვენირების დახლების ქსელი. დისნეილენდი ზღაპრული სამყაროა, სადაც ყველა მნახველი, ასაკის მიუხედავად, მცირე ხნით ბავშვობაში ბრუნდება. ამასთან, ჯადოსნობის შეგრძნება პირველი წუთებიდანვე დაგეუფლებათ.
პარიზის დისნეილენდის მშენებლობის იდეა ამერიკულმა ორიგინალმა გააჩინა და ის პარიზის შორეულ გარეუბან მარნ-ლა-ვალეში, დედაქალაქის ცენტრიდან 43 კმ-ში, 1992 წელს გაიხსნა. მსგავსი პარკი ევროპაში არ არსებობს. მას ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი მნახველი სტუმრობს.
პარკის ტერიტორია 5 თემატურ ზონად იყოფა, რომლებიც "მძინარე მზეთუნახავის" ციხესიმაგრის ირგვლივაა განთავსებული. მთელი ტერიტორიის დათვალიერება მატარებლის ფანჯრიდანაც შეგიძლიათ, რომელიც მინიმალური სიჩქარით მოძრაობს.
პარკის ძირითადი ნაწილებია:
Adventureland, ანუ თავგადასავლების ქვეყანა. სწორედ აქ მდებარეობს ინდიანა ჯონსის ატრაქციონების მთა უკუმიმართულების სამმაგი მკვდარი მარყუჟით, რობინზონის ხე მის წვერზე მოთავსებული სახლით, გემი ფილმიდან "კარიბის ზღვის მეკობრეები" და კუნძული-ლაბირინთი.
Frontierland "ველური დასავლეთის" სტილშია აგებული. აქ არის მთელი ქალაქები ტავერნებით, ინდიელებით, კოვბოებითა და ოქროის მაძიებელი ავანტიურისტებით. აქვეა რეტროს სტილის მრავალი რესტორანი და კაფე. აუცილებლად შეიხედეთ "მთავარ გზაზე", რათა სუვენირებიც შეიძინოთ და სურათებიც გადაიღოთ მომენტალური ფოტოების კაბინებში.
ყველაზე პატარებს, ალბათ, "ფანტაზიების ქვეყანა" Fantasyland მოეწონებათ, სადაც ყველა ატრაქციონი ცნობილი ზღაპრების სიუჟეტებს უკავშირდება (მძინარე მზეთუნახავი, ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი, ალისა, პიტერ პენი, სპილო დამბო).
თუკი დროში მოგზაურობასა და კოსმოსურ თავგადასავლებზე ოცნებობთ, აუცილებლად ეწვიეთ "აღმოჩენების ქვეყანას" - Discoveryland. აქ იხილავთ მომავლის ფანტასტიკურ სურათებს, ორბიტალური სადგურების მაკეტებს, წყალქვეშა სამყაროს პანორამულ ხედებს, კინოფილმებს ჰოლოგრაფიული და სტერეოეფექტებით.
კინემატოგრაფის მოყვარულები ეწვიეთ უოლტ დისნეის კინოსტუდიის პარკს. აქ შესაძლებლობა მოგეცემათ შეიგრძნოთ გადასაღები მოედნის ატმოსფერო, ნახოთ, როგორ იქმნება სპეცეფექტები, და თვითონაც გახდეთ შემოქმედებითი პროცესების მონაწილე.
დისნეილენდში შეგიძლიათ ეწვიოთ, აგრეთვე, მოჩვენებების სახლს,
სპეცეფექტებისა და ბლასტერების დახმარებით კი სამყარო ბოროტი ჯადოქრისგან იხსნათ:
დისნეილენდამდე მისასვლელად ისარგებლეთ:
მატარებლით RER A. აირჩიეთ მარნ-ლა-ვალეს მიმართულება (Marne-la-Vallée Chessy) და ბოლო გაჩერებაზე ჩამოდით (35 წუთი მეტროს სადგურიდან Nation). მატარებელი ყოველ 15 წუთში ერთხელ გადის.
დისნეილენდი მუშაობს ყოველდღე 10:00-23:30.
ბილეთების ღირებულება მოზრდილებისთვის 56 ევროდან იწყება, ბავშვებისთვის - 52 ევროდან.
ბილეთის ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი დღის განმავლობაში აპირებთ დისნეილენდში მისვლას, ერთ პარკში გაისეირნებთ თუ ორში, აგრეთვე კვირის დღესა და სეზონზე.
ბილეთების ონლაინ რეჟიმში შესაძენად ან სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.disneylandparis.com/en-gb/.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია