მილანის ცენტრში მდებარეობს პოლდი-პეცოლის მუზეუმი, რომელიც ევროპის ყველაზე საინტერესო და მდიდარი მუზეუმების რიცხვში შედის. ის განთავსებულია პოლდი-პეცოლის სასახლეში, სადაც XIX საუკუნეში ცხოვრობდა არისტოკრატი ჯან ჯაკომო პოლდი-პეცოლების გვარიდან. სწორედ მისი დამსახურებაა ამ მუზეუმის შექმნა. აქ წარმოდგენილია იარაღის, აბჯარ-საჭურვლის, XIV-XIX საუკუნეების მხატვრობის, იტალიური კლასიცისტური ქანდაკების, აღორძინების ეპოქის ავეჯის, სპარსული ხალიჩების, ფლამანდიური გობელენების, ვენეციური მინისა და ანტიკური კერამიკის დიდი კოლექცია.
პოლდი-პეცოლის ოჯახი, განსაკუთრებით გრაფის დედა როზა ტრივულციო, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მილანის კულტურულ ცხოვრებაში. ტრივულციოს სალონს ხშირად სტუმრობდნენ პოეტები, მწერლები და მხატვრები. სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ჯან ჯაკომო ხელოვნების ნიმუშების ოჯახური კოლექციის გაფართოებას შეუდგა. საინტერესო ექსპონატების შესაძენად ის ესწრებოდა აუქციონებს საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში. სასახლის ინტერიერი სხვადასხვა სტილის ნაზავს წარმოადგენდა. კიბე და საძინებელი არქიტექტორებს ბაროკოს სტილში გააფორმებინეს, ე.წ. "შავი ოთახი" - ადრეული აღორძინების ხანის, "დანტეს სტუდია" კი - XIV საუკუნის სტილში.
ჯან ჯაკომო პოლდი პეცოლი 1879 წელს გარდაიცვალა. მან სასახლე და იქ განთავსებული ხელოვნების ნიმუშები მილანის ბრერის აკადემიას უანდერძა. მუზეუმი 1881 წელს გაიხსნა. ექსპონატები სხვადასხვა დარბაზებშია გადანაწილებული. იარაღის დარბაზებში აბჯარ-საჭურველი, იარაღი და დროშებია გამოფენილი.
"დანტეს სტუდიის" კედლები ფრესკებითაა დამშვენებული, ფანჯრებში კი პოეტისგამოსახულებიანი ვიტრაჟებია ჩასმული.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კიბეები:
ასე გამოიყურება ე.წ. "ოქროს ოთახი":
ესეც ე.წ. "შავი ოთახი":
"საათების ოთახი":
მუზეუმში ინახება, აგრეთვე, ჩრდილოეთ იტალიისა და ფლამანდიის ცნობილი მხატვრების, კერძოდ, მიქელანჯელოს, რაფაელის, ბოტიჩელის, პოლაილოს, მანტენიას, აიეცის, კანალეტოს, ლიპის, ლოტოს, მორონისა და სხვათა ნამუშევრები:
პოლდი-პეცოლის მუზეუმის მისამართია: Via Manzoni, 12.
მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, სამშაბათის გარდა. 10:00-13:00, 14:00-18:00. დასვენების დღეებია: 1-ლი იანვარი, აღდგომის კვირადღე, 25 აპრილი, 1-ლი მაისი, 15 აგვისტო, 1-ლი ნოემბერი, 25 დეკემბერი.
ბილეთის ღირებულებაა:
- მოზრდილებისთვის - 14 ევრო;
- 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის - 10 ევრო;
- 11-18 წლის მოზარდებისა და 26 წლამდე სტუდენტებისთვის - 6 ევრო;
- 11 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ.
მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს წითელი M1 ხაზით - გაჩერება S. Babila/Duomo/Cordusio, ან ყვითელი M3 ხაზით - გაჩერება Duomo/Montenapoleone;
- ავტობუსით №94, 61 - გაჩერება Montenapoleone;
- ტრამვაით №1 - გაჩერება Montenapoleone.
ბილეთების ონლაინრეჟიმში შესაძენად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ პოლდი-პეცოლის მუზეუმის ოფიციალურ საიტს: https://museopoldipezzoli.it/.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.