ჟორჟ პომპიდუს სახელობის ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული ცენტრი პარიზის უმთავრესი ღირსშესანიშნაობების სამეულში შედის და ყოველწლიურად 4-6 მილიონ მნახველს მასპინძლობს. ამ მხრივ, ის მხოლოდ ლუვრსა და ეიფელის კოშკს ჩამორჩება. მისმა არქიტექტორებმა უჩვეულოდ გაბედული ნაბიჯი გადადგეს და ყველა კომუნიკაცია გარეთ გამოიტანეს. ამით მნიშვნელოვნად გააფართოეს შიგა სასარგებლო ფართობი. მნახველები ხედავენ მინისა და ლითონისგან გაკეთებულ პარალელეპიპედს, ვენტილაციის ლურჯ მილებს, მწვანე წყალგაყვანილობას, ელექტროგაყვანილობის ყვითელ მილებს, წითელ ლიფტებსა და ესკალატორებს.
შენობის სიმაღლე 42 მეტრია, სიგრძე - 166 მეტრი, სიგანე - 60 მეტრი. ის თქვენზე აუცილებლად მოახდენს წარუშლელ შთაბეჭდილებას.
1969 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟორჟ პომპიდუმ დედაქალაქის ბობურის რაიონში კულტურული ცენტრის აშენება გადაწყვიტა.
ცენტრი 1977 წელს გაიხსნა და მალევე მოიპოვა პოპულარობაპარიზელებსა და ტურისტებს შორის, თუმცა თავდაპირველად მას, ისევე, როგორც თავის დროზე ეიფელის კოშკს, ამრეზით შეხვდნენ. ახლა მას, უბრალოდ, პომპიდუს ან ბობურს უწოდებენ. აქ ეწყობა თანამედროვე დიზაინერებისა და მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. 1992 წელს ცენტრში განხორციელებული გარდაქმნების შემდეგ გაჩნდა კულტურული განვითარების განყოფილება, რომლის წყალობითაც იმართება ლექციები, ღია დისკუსიები, კინოჩვენებები და სხვა ღონისძიებები.
1997-1999 წლებში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შემდეგ გაფართოვდა გალერეის დარბაზი და ცენტრის საერთო ფართობმა 100 ათას კვადრატულ მეტრს მიაღწია. ახლა აქ არის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, საგამოფენო დარბაზები, ბიბლიოთეკები, აკუსტიკისა და მუსიკის კვლევისა და კოორდინაციის ინსტიტუტი, სამრეწველო დიზაინის ცენტრი, კინოდარბაზები, გადმოსახედი მოედანი და სხვ.
შენობაში სულ ექვსი სართულია. არის კიდევ მიწისქვეშა სართული, სადაც განთავსებულია კინოდარბაზები, სტუდია 13/16 ბავშვებისა და მოზარდებისთვის, შემოქმედებითი სტუდია - "ატელიე ბავშვებისთვის" და ფოტოსურათების გალერეა. პირველ სართულზე არის კინოდარბაზი, საგამოფენო დარბაზები და ბიბლიოთეკა, მეორე და მესამე სართულზე - ბიბლიოთეკა. წიგნების წაკითხვა ცალკე დარბაზში შეიძლება. ბიბლიოთეკაში შესვლა თავისუფალია. მეოთხე და მეხუთე სართულზე გამოფენებია - "მუზეუმი: უახლესი ხელოვნება" და "გრაფიკული ხელოვნების გალერეა", მეექვსეზე - ევოლუციის გალერეა, სახურავზე - გადმოსახედი მოედანი.
დარბაზებში წარმოდგენილია 60 ათასამდე ექსპონატი, რომლებიც შეეხება თანამედროვე ფერწერას, მუსიკას, არქიტექტურას, გრაფიკას. აქ შეგიძლიათ ნახოთ სალვადორ დალის, ანრი მატისის და სხვათა ნამუშევრები. სულ მსოფლიოს 5 ათასამდე ავტორია წარმოდგენილი.
ევოლუციის გალერეაში გამოფენილია დროებითი ექსპოზიციები - ხელოვნების ისეთი მიმართულებების ნიმუშები, როგორიცაა სიურრეალიზმი, კუბიზმი და ექსპრესიონიზმი.
ჟორჟ პომპიდუს ცენტრის მისამართია: place Georges Pompidou, 75004, Paris.
ჟორჟ პომპიდუს ცენტრამდე მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროთი: მე-11 ხაზი - სადგური Rambuteau, 1-ლი და მე-11 ხაზი - სადგური Hôtel de Ville, 1-ლი, მე-4, მე-7, მე-11, მე-14 ხაზი - სადგური Châtelet;
- ავტობუსით, №29, 38, 47, 75 - გაჩერება Centre Georges Pompidou.
მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, გარდა სამშაბათისა, 11.00- 21.00.
ბილეთების ღირებულებაა:
- მოზრდილებისთვის მთელი დღით - 18 ევრო;
- 18-25 წლის ახალგაზრდებისთვის - 15 ევრო;
- 18 წლამდე - უფასოდ;
- გადმოსახედი მოედანი - 5 ევრო;
- ყოველი თვის პირველ კვირადღეს - ყველასთვის უფასოდ.
ბილეთების ონლაინ რეჟიმში შესაძენად ან სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.centrepompidou.fr.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია