უფასო ონლაინ-მეგზური გერმანიასა და ბერლინში


პოტსდამის მოედანი ბერლინში (Potsdamer Platz)

პოტსდამის მოედანი ცენტრალური რაიონია ბერლინში, ტირგარტენის რაიონში, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან ქუჩას აერთებს. ოდესღაც პოტსდამის მოედანზე პოტსდამის კარიბჭე მდებარეობდა და პოტსდამისკენ, გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქისკენ მიმავალი გზა გადიოდა. 1924 წელს სწორედ ამ გზაზე გაჩნდა ევროპაში პირველი შუქნიშანი. ის ნიუ-იორკში შეიძინეს და ბერლინში დააყენეს. არსებობს ვარაუდი, რომ ევროპაში პირველი ელექტრული ფანარიც პოტსდამის მოედანზე აღმართეს.


პოტსდამის მოედანი ახალი ბერლინის სიმბოლოა. თანამედროვე სახე ცათამბჯენებითა და ფუტურისტული ფორმებით მან გერმანიის გაერთიანების შემდეგ მიიღო.



XX საუკუნის პირველ ნახევარში პოტსდამის მოედანი ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზჯვარედინი და ბერლინის სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრი იყო. მაგრამ მეორე მსოფლიო ომმა ყველაფერი ძირეულად შეცვალა. მოვლენების დრამატულმა განვითარებამ ის მოიტანა, რომ აქ გადიოდა "სამი ქვეყნის საზღვარი" (საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთი, აშშ) - ბერლინის ოკუპაციის სამი სექტორის. ინვესტორებმა მოედნის მიმართ ყოველგვარი ინტერესი დაკარგეს. 1961 წელს ვითარება ბერლინის კედლის აგებამაც დაამძიმა.


პოტსდამის მოედანმა ახალი ცხოვრება ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ დაიწყო. მსოფლიოს უდიდესმა კორპორაციებმა ცნობილ არქიტექტორებს თავიანთი ოფისებისთვის შენობები შეუკვეთეს. ახალმშენებლობა ოთხ წელიწადში დასრულდა.



დღევანდელი პოტსდამის მოედანი მთელი კვარტალია, რომელიც სრულიად განსხვავდება ბერლინის დანარჩენი რაიონებისგან. ფანტასტიკური არქიტექტურის გარდა, შენობების კომპლექსი მოწინავე ეკოლოგიური და ლოჯისტიკური ტექნოლოგიებითაა შესრულებული, ყველა სატრანსპორტო და დამხმარე სამსახური მიწისქვეშა სართულებზეა განთავსებული. ჩამოგითვლით, რისი ნახვა შეიძლება პოტსდამის მოედანზე.


ბერლინის კედელი (Berliner Mauer):



ბერლინის კედელი დაცემიდან (1989 წ.) რამდენიმე თვეში ტურისტულ ღირსშესანიშნაობად გადაიქცა. იმ ადგილს, სადაც ის იდგა, ათასობით ტურისტი მიაწყდა, რათა საკუთარი თვალით ეხილათ რარიტეტი, რომელიც თვალსა და ხელს შუა ქრებოდა. პოტსდამის მოედანზე ისტორიული ბერლინის კედლის რამდენიმე ბლოკი დატოვეს, საინფორმაციო სტენდები კი მის ისტორიაზე მოგითხრობთ.


სონი-ცენტრი (Sony-Center):



სონი-ცენტრი პოტსდამის მოედანზე შენობათა ყველაზე ცნობილი კომპლექსია. ის შვიდი შენობისგან შედგება, ფორმით სამკუთხედია, რომლის წვერსაც 103 მეტრი სიმაღლის "ბანთაუერი" ქმნის. განსაკუთრებით შთამბეჭდავი მისი სახურავია. კომპლექსის მშენებლობა 600 მილიონი ევრო დაჯდა. კომპლექსის შენობებში განთავსებულია ბერლინის კინოს მუზეუმი, მრავალი ოფისი, კაფე, რესტორანი, კინოთეატრი, გასართობი ზონა, აგრეთვე - "ლეგოლენდი" (Legoland Discovery Centre).


ცათამბჯენი კოლჰოფის კოშკი (Kollhoff-Tower):



კოლჰოფის კოშკი შესანიშნავ ანსამბლს ქმნის 103-მეტრიან "ბანთაუერსა" და PWC-თან ერთად. მის 24-ე და 25-ე სართულებს შორის მდებარეობს გადმოსახედი მოედანი Panorama Punkt, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება პოტსდამის მოედანსა და ბერლინზე. იქამდე ევროპაში ყველაზე სწრაფი ლიფტი აგიყვანთ - 8,65 მეტრი წამში. მოზრდილებისთვის ბილეთი 7 ევრო ღირს, 6 წელზე უფროსი ბავშვებისთვის, სტუდენტებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის და უმუშევრებისთვის - 6 ევრო, 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოა.


სავაჭრო-გასართობი ცენტრი არკადენი (Potsdamer Platz Arkaden):



აქ 133 მაღაზია, რესტორანი, კაფე და ბარია. ეწვიეთ, კმაყოფილი დარჩებით:



პოტსდამის მოედნამდე მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროს U2 ხაზით, გაჩერება Potsdamer Platz ან Mendelssohn-Bartholdy-Park;

- ავტობუსით №129, 148, 200, 248, 348, გაჩერება Potsdamer Platz;

- S-Bahn-ით: S1, S2, S25, S26, გაჩერება Potsdamer Platz.









© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!