უფასო ონლაინ-მეგზური მილანში


სანტა მარია დელლე გრაციე მილანში

სანტა მარია დელლე გრაციე დომინიკანური მონასტრის მოქმედი ეკლესიაა მილანის ცენტრში. ის XV საუკუნეში აიგო და არქიტექტურის თვალსაჩინო ძეგლია. ის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. სანტა მარია დელლე გრაციე დიდი ხანია, მილანის ღირსშესანიშნაობა გახდა სხვა ცნონილ ნაგებობებთან ერთად, რომელთა სანახავადაც ყოველდღიურად უამრავი ტურისტი მოდის. გვიანდელი გოტიკის ეკლესიის ისტორია 1463 წლიდან იწყება, როდესაც გრაფმა ვიმერკატიმ მიწის ნაკვეთი აჩუქა დიმინიკელების ორდენს, რომლებმაც ამ ადგილას საკუთარი ეკლესიის აშენება გადაწყვიტეს. 1490 წელს ჰერცოგმა ლუდოვიკო სფორცამ ჩაიფიქრა, რომ ეკლესია საძვალედ გადაეკეთებინა და არქიტექტორად დონატო ბრამანტე მოიწვია. ბრამანტემ მთლიანად შეცვალა არქიტექტურა, გადააკეთა დეტალები, კერძოდ, ტაძრის გუმბათი, მთავარი ტრიბუნა კი რენესანსის სტილში დააპროექტა. შიგა ეზო ვრცელი, ნათელი და უხვად გამწვანებული გამოვიდა, პატარა აუზით ცენტრში.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





მშენებლობის დასრულების შემდეგ მილანის მდიდარ კლანებს შორის ბრძოლა გაჩაღდა იქ თავიანთი ოჯახის წევრების დაკრძალვის უფლების მოსაპოვებლად. 1980 წელს ეკლესია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა - იტალიისთვის ეს პირველი შემთხვევა იყო.


ტაძარი წითელი აგურით არის აშენებული, ფასადი კი ღია ფერის მარმარილოთია მოპირკეთებული. ფასადის წითელ კედელზე სფორცების ოჯახის გერბია გამოსახული. ისრული თაღის ქვეშ მოჩანს ფრესკა "მწყემსთა თაყვანისცემა". ეკლესიის ორივე მხარეს შვიდი სამლოცველოა განთავსებული.


მილანის ჰერცოგის განკარგულება უკავშირდებოდა მისი 22 წლის მეუღლის გარდაცვალებას. ჰერცოგის მეუღლე ბაზილიკაში დაკრძალეს, თეთრი მარმარილოს სარკოფაგში, ორივე მეუღლის ნატურალური ზომის ფიგურების გამოსახულებით.



ტაძარში იხილავთ ცნობილი ოსტატების შექმნილ სხვადასხვა ფრესკებს მაგალითად, დონატო მონტორფანომ შექმნა ფრესკა "ჯვარცმა". წმინდა კატარინას სამლოცველოში შემორჩა ანტონელო და მესინას ქანდაკებები, სხვაგან - გოდენსიო ფერარისა და ბრამანტინოს ფრესკები. ეკლესიის არკადიდან დელლე გრაციეს ძველებურ სამლოცველოში მოხვდებით.





Chiesa e Convento Domenicano di Santa Maria delle Grazie-ს (ეს ტაძრის სრული სახელწოდებაა) მთავარი ღირსშესანიშნაობაა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრესკა "საიდუმლო სერობა", რომელიც ცნობილმა იტალიელმა მხატვარმა ლეონარდო და ვინჩიმ დახატა. ფრესკა 1495-1498 წლებში იქმნებოდა. მასზე იესო ქრისტესა და მისი მოწაფეების ბოლო ტრაპეზია გამოსახული. ნახატის ზომებია 460x880 სმ.



ნახატის შექმნისას ლეონარდოსთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა სიკეთის (იესოს) და ბოროტების (იუდას) მოდელების პოვნა. არსებობს ლეგენდა, თუ როგორ მიაგნო მხატვარმა მათ. ერთხელ ის ეკლესიის გუნდის გამოსვლას დაესწრო და ერთ-ერთ მომღერალში იესოს შესანიშნავი სახე დაინახა. მან ყმაწვილი თავის სახელოსნოში მიიწვია და ჩანახატები გააკეთა. სამი წლის შემდეგ "საიდუმლო სერობა" თითქმის დასრულებული იყო - ლეონარდოს მხოლოდ იუდას შესაფერისი მოდელისთვის ვერ მიეგნო. ერთხელაც გზისპირა თხრილში ჩაწოლილ ტანსაცმელშემოფლეთილ მთვრალ ახალგაზრდა კაცს მოჰკრა თვალი, და ვინჩის თხოვნით, კაცის უნებისყოფო სხეული ტაძარში გადაიტანეს და ოსტატი მის სახეზე აღბეჭდილი ცოდვის ხატვას შეუდგა. როცა მუშაობა დაამთავრა, მათხოვარი გონზე მოვიდა, ნახატი დაინახა და შეშინებულმა შეჰყვირა. აღმოჩნდა, რომ უკვე ენახა ის - სამი წლის წინათ. მაშინ, ახალგაზრდა და ოცნებებით სავსე, ვიღაც მხატვარს მიეწვია იესოს სახის დასახატავად. მოგვიანებით ყველაფერი შეიცვალა და ის ცხოვრების ფსკერზე დაეშვა. შესაძლოა ეს ლეგენდა გვეუბნება, რომ სიკეთე და ბოროტება ერთი მედლის ორი მხარეა, და რომ ცხოვრებაში ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ მომენტში შეხვდებიან ისინი ერთმანეთს ჩვენს გზაზე.


სანტა მარია დელლე გრაციეს მისამართია: Piazza di Santa Maria delle Grazie.


ტურისტებისთვის ეკლესია მუშაობს ყოველდღე - 09:00-12:00, 16:00-17:55.


სანტა მარია დელლე გრაციეს ტერიტორიაზე შესვლა უფასოა, მაგრამ სატრაპეზოში მოსახვედრად ბილეთის შეძენა მოგიწევთ, ვინაიდან ის სახელმწიფო მუზეუმია. ბილეთი წინასწარ უნდა იყიდოთ მუზეუმის ერთ-ერთ საიტზე, ისიც კარგა ხნით ადრე - სატრაპეზოში მოხვედრა საკმაოდ რთულია.


ბილეთის ღირებულებაა - 14 ევრო.


გაითვალისწინეთ, რომ სატრაპეზოში მხოლოდ 15 წუთით შეგიშვებენ. ხმაური და ლაპარაკი არ შეიძლება. ფრესკასთან მხოლოდ საგულდაგულო შემოწმების შემდეგ მიგიშვებენ - სპეციალური აპარატი ჭუჭყისა და მტვრის ნაწილაკებს მოგაცილებთ, რათა ფრესკა არ დაზიანდეს.


მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროს წითელი M1 ხაზით - გაჩერება Conciliazione;

- ავტობუსით №50, 58 - გაჩერება P.za Giovine Italia, №94,NM1, NM2 - გაჩერება Cadorna M1 M2;

- ტრამვაით №16 - გაჩერება S. Maria Delle Grazie, №2, 10 - გაჩერება P.le Baracca, №1, 19 - გაჩერება P.za Virgilio.


ბილეთების ონლაინრეჟიმში შესაძენად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ სანტა მარია დელლე გრაციეს ოფიციალურ საიტს: http://legraziemilano.it.
















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!