უფასო ონლაინ-მეგზური იტალიასა და რომში


სიქსტეს კაპელა

სიქსტეს კაპელა არის სამლოცველო მოციქულეობრივ სასახლეში, ვატიკანში, რომის პაპის ოფიციალური რეზიდენცია. ის 1473-1481 წლებში ააგო არქიტექტორმა ჯორჯე დე დოლჩიმ ბაჩო პონტელის პროექტის მიხედვით, რომის პაპის სიქსტუს IV-ის ბრძანებით. სახელწოდებაც აქედან გაჩნდა. სიქსტეს კაპელა აღორძინების ეპოქის დიდებული ნიმუშია, ამჟამად კი - მუზეუმი, თუმცა აქ იმართება კონკლავი, სადაც კარდინალები რომის ახალ პაპს ირჩევენ. კაპელას მსოფლიო დიდება მოუტანა მიქელანჯელოსა და სხვა მხატვრების ფრესკებმა და იმან, რომ ის საოცრად ჰგავს სოლომონის ტაძარს ძველი აღთქმიდან.


სიქსტეს კაპელა მდებარეობს ვატიკანის მუზეუმებში, სადაც 54 გალერეა, ანუ დარბაზია. სიქსტეს კაპელა მათ შორის ბოლოა.



შენობა გარედან ციხესიმაგრე გეგონებათ, მაგრამ შიგნით ინახება აღორძინების ეპოქის შედევრები - ბოტიჩელის, პინტურიკიოს, პერუჯინო როსელისა და სხვების.



1481-1483 წლებში ფლორენციიდან მოწვეულმა მხატვრებმა - ბოტიჩელიმ, გირლანდაიომ, როსელიმ, პერუჯინომ - და მათმა თანაშემწეებმა სიქსტეს კაპელის გვერდითი კედლები მოხატეს. სულ 16 ფრესკა იყო, რომელთაგანაც 12 შემორჩა. ექვსი იესო ქრისტეს უკავშირდება, ექვსი - მოსეს ცხოვრებას.



1508 წელს რომის პაპმა იულიუს II ჭერის მოხატვა მიქელანჯელოს შეუკვეთა. მხატვარმა ამ დავალებას ოთხი წელი მოანდომა. სამუშაოს უდიდესი ნაწილი მან თვითონ შეასრულა, ვინაიდან თანაშემწეებს არ ენდობოდა. ეს ნამუშევარი აღორძინების ეპოქის ხელოვნების ერთ-ერთ უმთავრეს შედევრადაა აღიარებული. ცხრა ცენტრალურ ფრესკაზე გამოსახულია "წიგნი დაბადებისა"-ს სცენები: "ადამის შექმნა", "წარღვნა", "წყვდიადისგან სინათლის გამოყოფა", "ევას შექმნა" და სხვ.





1536-1541 წლებში მიქალანჯელომ საკურთხევლის კედელი მოხატა რომის პაპის პავლე III-ის შეკვეთით. ფრესკას ეწოდება "საშინელი სამსჯავრო".



კომპოზიცია სამ ნაწილად იყოფა: ზემოთ მფრინავი ანგელოზები არიან, ცენტრში - იესო ქრისტე, მარიამ ღვთისმშობელი და ნეტარები, ქვემოთ კი - აპოკალიფსის ანგელოზები, რომლებიც აღსასრულის მოახლოებას იუწყებიან, წმინდანები, რომლებიც ზეცად ამაღლდებიან, და ცოდვილები, რომლებსაც ეშმაკები ჯოჯოხეთში მიათრევენ. ფრესკაზე სულ 400-მდე ფიგურაა.


მიიჩნევა, რომ "საშინელი სამსჯავრო" ის ნამუშევარია, რომელმაც ხელოვნების ისტორიაში აღორძინების ეპოქა დაასრულა. თავის დროზე ნამუშევარი მკაცრად გააკრიტიკეს. მიქელანჯელო მწვალებლობასა და უზნეობაში დაადანაშაულეს იმის გამო, რომ მან შიშველი ადამიანები დახატა. ბრალდების პასუხად, ოსტატმა ერთ-ერთი მთავარი ბრალმდებელი ჯოჯოხეთში მყოფი მეფე მინოსის სახით წარმოადგინა.


სიქსტეს კაპელასთან ფუნქციონირებს მომღერალ მამაკაცთა გუნდი (ის ბიჭების გუნდსაც შეიცავს). ის ცნობილია, როგორც რომის პაპის კაპელა ან, უბრალოდ, "სიქსტეს კაპელა", და კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესიული სიმღერის გუნდია. ის 1471 წელს დააფუძნა რომის პაპმა სიქსტუს IV-მ. ამჟამად მასში შედის 20 მამაკაცი (ტენორი და ბასი) და 20 ბიჭი (სოპრანო და ალტი).


სიქსტეს კაპელას მისამართია: Viale Vaticano Rome 00136.


ორიენტაციის გასაადვილებლად გთავაზობთ ვატიკანის რუკას:



ვატიკანის მუზეუმი, სადაც მდებარეობს სიქსტეს კაპელა, მუშაობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 09:00-18:00.


კვირაობით მუზეუმი დაკეტილია, გარდა ყოველი თვის ბოლო კვირადღისა, როდესაც ის ღიაა 09:00-დან 14:00-მდე და შესვლა ყველასთვის უფასოა. რელიგიური დღესასწაულების დროს მუზეუმი დაკეტილია. ეს დღეებია: 1-ლი და 6 იანვარი, 19 მარტი, 2 აპრილი, 1-ლი მაისი, 29 ივნისი, 14 და 15 აგვისტო, 1-ლი ნოემბერი, 8, 25, 26 დეკემბერი.


ბილეთის ღირებულებაა:


- სტანდარტული ბილეთი ვატიკანის მუზეუმში შესასვლელად - 17 ევრო;

- იგივე ბილეთი ონლაინ-დაჯავშნით ურიგოდ შესასვლელად - 21 ევრო;

- შეღავათიანი ბილეთი (6-17 წლის ბავშვებისთვის, 25 წლამდე სტუდენტებისთვის, მღვდელმსახურებისა და სემინარიის მოსწავლეებისთვის) - 8 ევრო;

- იგივე ბილეთი ონლაინ-დაჯავშნით ურიგოდ შესასვლელად - 12 ევრო;


მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროს A ხაზით - გაჩერება Ottaviano ან Cipro;

- ავტობუსით №32, 81, 982 - გაჩერება Piazza del Risorgimento; №492, 990 - გაჩერება Via Leone IV / Via degli Scipioni; №116 - გაჩერება მოედანზე ვატიკანის მუზეუმის წინ.

- ტრამვაით №19 - გაჩერება Piazza del Risorgimento.


სიქსტეს კაპელა წმინდა პეტრეს ტაძრის ხელმარჯვნივ მდებარეობს, მაგრამ იქ მხოლოდ ვატიკანის მუზეუმის მთავარი შესასვლელიდან, Viale Vaticano-ს ქუჩიდან მოხვდებით:



სიქსტეს კაპელას ოფიციალური საიტია: www.museivaticani.va.















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!