ტრევის შადრევანი რომის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია. შადრევნის ნახვა დილით ან გვიან საღამოს ჯობს - ამ დროს ის განსაკუთრებით მომხიბლველია. არ დაგავიწყდეთ მასში მონეტის ჩაგდება და სურვილის ჩაფიქრება! ეს შადრევანი რომში ყველაზე დიდი და პოპულარულია. გრანდიოზული და ეფექტური ღირსშესანიშნაობა ანტიკური პიესის ქვისგან შესრულებულ სცენას უფრო ჰგავს, ვიდრე სუფთა წყლის წყაროს. ხელსაყრელი ადგილმდებარეობა და წარმოუდგენელი სილამაზე ყოველდღიურად იტალიის დედაქალაქის უამრავ სტუმარს იზიდავს. მის გარშემო ყოველთვის ხალხმრავლობაა.
ტრევის შადრევანს საინტერესო ისტორია აქვს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 19 წელს იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის სიძემ, მარკუს აგრიპამ, აკვედუკის აგება გადაწყვიტა, რათა ალბანეთის მთების ფერდობებიდან რომისთვის სასმელი წყალი მიეწოდებინა. აკვედუკის სიგრძე 21 კილომეტრს შეადგენდა. გადმოცემის თანახმად, რომაელ ჯარისკაცებს წყარო ვიღაც ქალწულმა (ლათინურად "virgo") მიუთითა, ამიტომ აკვედუკს "აკვა ვირგო" - ქალწულის წყალი - უწოდეს.
საუკუნეების განმავლობაში ტრევის მოედანზე წყლის დალევა ჩვეულებრივი წყაროდან შეიძლებოდა, რომელიც ქვის თასში ჩაედინებოდა. 1629 წელს რომის პაპმა ურბან VIII-მ გადაწყვიტა დედაქალაქის ცენტრი უფრო ელეგანტური არქიტექტურით დაემშვენებინა და შადრევნის შექმნა ბაროკოს ცნობილ ოსტატს, ბერნინის დაავალა. მაგრამ ურბან VIII მალე გარდაიცვალა და ეს საქმეც შეჩერდა. 1732 წელს რომის პაპის, კლემენტ XII-ის განკარგულებით, შადრევნის პროექტი არქიტექტორმა ნიკოლო სალვიმ შექმნა. მუშაობაში მონაწილეობდნენ მოქანდაკეები პიეტრო ბრაჩი და ფილიპო დელა ვალე. ყველა სამუშაო 1732 წელს დასრულდა.
შადრევნის უკან პოლის სასახლეა (მისი უკანასკნელი მფლობელის სახელის მიხედვით). ის და შადრევანი ერთიან არქიტექტურულ ანსამბლს ქმნის. ამჟამად სასახლეში გრაფიკული ხელოვნების ეროვნული ინსტიტუტია განთავსებული.
შადრევნის სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან "trivium", რაც სამი ქუჩის გადაკვეთას ნიშნავს. ეს ქუჩებია: ვია დე კროჩიჩი, ვია პოლი და ვია დელე მურატე.
შადრევნის ცენტრალური ფიგურაა ოკეანე. ის ნიჟარის ფორმის ეტლით მოდის, რომელსაც ორი ჰიპოკამპი (თევზისკუდიანი ცხენი) ექაჩება.
ოკეანე უზარმაზარი მდინარის განსახიერებაა. ის დედამიწის გარშემო მიედინება, წყლის ყველა ნაკადი კი მისგან გამოდის. ოკეანის წვერი სიბრძნისა და ძალის სიმბოლოა. ცხენებს ტრიტონები მართავენ. ერთი ცხენი მშვიდი და დამჯერეა, მეორე - მოუსვენარი. ისინი ზღვის მერყევ ხასიათზე მეტყველებენ.
ოკეანის მარცხნივ, ნიშაში, სიუხვის ქალღმერთის ქანდაკებაა. მას ხელში სხვადასხვა ძღვენით სავსე რქა უჭირავს. მარჯვნივ, მეორე ნიშაში, ჯანმრთელობის ქალღმერთის ქანდაკებას ხედავთ. ქალღმერთს მარჯვენა ხელში ფიალა უჭირავს, რომელსაც გველი შემოხვევია.
მათ თავზე ორი ბარელიეფია. მარცხენაზე მარკუს აგრიპაა გამოსახული, რომელმაც აკვედუკი "აკვა ვირგო" ააგო:
მარჯვენა ბარელიეფზე ის მომენტია აღბეჭდილი, როდესაც ქალწული რომაელ ჯარისკაცებს წყაროზე მიუთითებს.
პოლის სასახლის თავზე რომის პაპის, კლემენტ XII-ის გერბი მოჩანს. მას აქეთ-იქიდან დიდების ორი ქანდაკება ამშვენებს, ქვემოთ კი წელიწადის ოთხი დროის გამომხატველი ალეგორიული ქანდაკებები და ინფორმაციაა შადრევნის დაარსების შესახებ.
ყველაზე ცნობილი ტრადიცია, რომელიც ტრევის შადრევანს უკავშირდება, მასში მონეტის ჩაგდებაა (ერთგვარი ძღვენი ღმერთებისა და სულების გულის მოსაგებად). როგორც ამბობენ, თუ ერთ მონეტას ჩააგდებთ, რომში აუცილებლად დაბრუნდებით, თუ ორს - მეორე ნახევარს შეხვდებით, თუ სამს - ქორწინება გელით, თუ ოთხს - გამდიდრდებით. ამ დროს შადრევანს ზურგი უნდა შეაქციოთ, თვალები დახუჭოთ და მონეტა მარჯვენა ხელით მარცხენა მხარზემოდან (ან მარცხენა ხელით მარჯვენა მხარზემოდან) გადააგდოთ. იქ მისულ მეუღლეებსა და შეყვარებულებს შეუძლიათ ე.წ. შეყვარებულთა მილებიდან რამდენიმე ყლუპი წყალი დალიონ და თავიანთი კავშირი უფრო მეტად გაიმყარონ.
შადრევანში ყოველდღიურად დაახლოებით 3 ათასი ევრო გროვდება. ეს თანხა ყოველ საღამოს ამოაქვთ და საქველმოქმედო ორგანიზაცია აძლევენ.
გაითვალისწინეთ, რომ თუ შადრევნიდან მონეტას ამოიღებთ, რამდენიმე ასეული ევროთი დაჯარიმდებით. აკრძალულია, აგრეთვე, მის სიახლოვეს ჭამა-სმა.
შადრევნის სიგანე დაახლოებით 50 მეტრია, სიმაღლე - 26 მეტრი.
შადრევანთან შეგროვილ ხალხში ჯიბის ქურდებიც საკმაოდ არიან. ასე რომ, ყურადღებით იყავით, რომ რამე არ მოგპარონ.
აი, როგორ გამოიყურება ტრევის შადრევანი საღამოს:
ტრევის შადრევნის მისამართია ტრევის მოედანი.
მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს A ხაზით - გაჩერება Spagna ან Barberini.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.