უფასო ონლაინ-მეგზური ბუდაპეშტში


 გავიცნოთ უნგრული სამზარეულო

ბუნებრივია, რომ ყველა ტურისტს, რომელიც პირველად ჩადის უნგრეთში, აინტერესებს, რა მიირთვას ბუდაპეშტში. ამ ქვეყნის ეროვნული სამზარეულო ძალზე მდიდარი და თავისებურია. ის, ძირითადად, ხორცს, ხახვსა და პაპრიკას ეფუძნება, გამოირჩევა, აგრეთვე, უამრავი კერძით, რომლებიც პირველი და მეორე კერძების ნაზავია. გამოუცდელი გურმანი ადვილად დაიკარგება ამდენ სახელწოდებაში, ამიტომ ვეცდები დაგეხმაროთ და მოგითხროთ იმ კერძების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ყველაზე ცნობილი კერძი, რომლის სახელიც კარგა ხანია, გასცდა ქვეყნის ფარგლებს, მაინც გულიაშია. უნგრულად ის "მწყემსების სუპს" ნიშნავს. სუპი ჰქვია, თორემ, სინამდვილეში, ის პირველი კერძიცაა და მეორეც. თანაც, მსუყე. საქონლის ან ხბოს ხორცი წინასწარ იბრაწება, შემდეგ კი შპიკთან, ხახვთან, კარტოფილსა და სხვა სანელებლებთან ერთად ითუშება. გამოვყოფთ კვლიავსა და პაპრიკას, რომლებიც გულიაშს დამახასიათებელ წითელ ფერს, გემოსა და არომატს აძლევს.



ქათმის პაპრიკაში - ამჟამად მას ქათმის მკერდისა და ფეხებისგან ამზადებენ, თუმცა მის ნაცვლად შესაძლებელია თევზის, ხბოს ან ბატკნის ხორცის გამოყენებაც.




პაპრიკაშს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ამზადებდნენ. მას აუცილებლად უმატებენ არაჟანს (არაჟანშივე მოშუშავენ). აღსანიშნავია, რომ ეს კერძი ავსტრიაშიც პოპულარულია.


პერკელტი - ამ კერძზს ამზადებენ საქონლის, ხბოს, ღორის, ცხვრის, კურდღლის ან ქათმის ხორცისგან, აგრეთვე თევზისგან, კიბორჩხალისგან, ბოსტნეულისა და სოკოსგან. პერკელტში იგულისხმება ყველაფერი, რაც წვრილად იჭრება და ხახვთან ერთად იწვება, შემდეგ კი ზედ პაპრიკას აყრიან და თუშავენ.



შემდეგი კერძია ლეჩო. ის მზადდება ხახვისგან, პომიდვრისგან, პაპრიკასგან და ნახევრად შებოლილი ღორის ხორცის ძეხვისგან.



გარეგნულადაც კარგად გამოიყურება და არც გემო დაეწუნება.


მომდევნო კერძი, ტოკანი, პერკელტისგან იმით განსხვავდება, რომ ხორცს თხლად ჭრიან, ხახვსა და პაპრიკას ცოტას დებენ, სამაგიეროდ, ამატებენ არაჟანს, სოკოს, ბარდასა და მწვანილს.



გადავიდეთ ბატის ღვიძლზე. ფუა-გრა ფრანგული სამზარეულოს კლასიკური კერძია, მაგრამ უნგრეთში მას ჯერ კიდევ XI საუკუნეში ამზადებდნენ. უნგრულად მას "ლიბა-მაი" ეწოდება.



მომზადების წესი მარტივია: ბატის უმ ღვიძლს წვრილად ჭრიან და ბრაწავენ. ინგრედიენტების სახით იყენებენ კვერცხსა და ფქვილს, ძალზე ცოტა სანელებელს. კლასიკური ბატის შემწვარ ღვიძლს შეწვა უნდა აკლდეს, რათა ბუნებრივი ვარდისფერი შეინარჩუნოს. გარნირად ამატებენ ბრინჯს, მარინადში ჩაწყობილ ბოსტნეულს. უხდება კარგი ღვინო.


კიდევ ერთი კერძია ჰალასლე. ეს არის თევზის სუპი. მოგეხსენებათ, უნგრეთს ზღვაზე გასასვლელი არა აქვს, თუმცა დუნაი იქვე არ არის? ჰალასლეს სხვადასხვა სახის თევზისგან ამზადებენ, ამატებენ ხახვს, პაპრიკასა და პომიდორს.



უნგრული სამზარეულოს დესერტიდან ავღნიშნავთ შომლოი გალუშკას. ის ტირამისუს ჰგავს, მაგრამ მასზე ადრე გაჩნდა.



მისი ავტორია ოფიციანტი კაროი გოლერიცი, რომელიც ცნობილ კულინარ კაროი გუნდელთან მუშაობდა ვაროშლიგეტის პარკში მდებარე რესტორანში.


მაშ, ასე _ უნგრულ სამზარეულოს ნაწილობრივ მაინც გავეცანით. გაითვალისწინეთ, რომ ეს კერძები საკმაოდ მსუყეა და თუ ბევრს შეუკვეთთ, შესაძლოა ვერ მოერიოთ.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!