ვაცის ქუჩა ბუდაპეშტში ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხმავლო ზონა და მაღალი საზოგადოების სავიზიტო ბარათია. ეს მთავარი სავაჭრო ქუჩა ძალზე პოპულარულია როგორც ღირსშესანიშნაობების, ისე შოპინგის მოყვარულთა შორის. მისი ისტორია XVI საუკუნიდან იწყება, ნამდვილ ქუჩად კი XVIII საუკუნეში ჩამოყალიბდა. მაშინ ვაცის ქუჩა ქალაქის ელიტურ სივრცედ ითვლებოდა და მისი და პეშტის სიგრძე ერთმანეთს თანხვდებოდა. ამჟამად ის 1200 მეტრზეა გადაჭიმული ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ.
ვაცის ქუჩა დუნაის პარალელურად, მისგან 200 მეტრის დაშორებით, ისტორიულ რაიონ ბელვაროშში მდებარეობს. აქ განსაკუთრებული ატმოსფეროა: ძველებურ შენობებში მაღაზიები, გალერეები, საგამოფენო ცენტრები, კაფე-რესტორნები და ძვირფასი სასტუმროებია განთავსებული.
ვაცის ქუჩა ვერეშმარტის მოედნიდან იწყება და თითქმის ცენტრალურ ბაზრამდე, ფევამის მოედნამდე გრძელდება. მისი ჩრდილოეთი ნაწილი მაღაზიებისა და და სავაჭრო ცენტრების სიმრავლით გამოირჩევა, სამხრეთი კი - რესტორნებითა და კაფეებით.
ამ ქუჩას ხშირად მოდების ქუჩას უწოდებენ. აქ განლაგებულია მსოფლიო მოდის ისეთი გიგანტი კომპანიების მაღაზიები, როგორიცაა, მაგალითად, H&M, Benetton, Zara, C&A, Bershka.
ბუტიკების გარდა, აქ არის "ჰერენდისა" და "ჟოლნაის" ადგილობრივი ფაიფურის საფირმო მაღაზიები, იშტვან ჩოკის ანტიკვარული გალერეა, წიგნების მაღაზია "ლიბრი", სუვენირების უამრავი კიოსკი.
ვაცის ქუჩაზე ბევრი სასტუმროა - ეკონომიურით დაწყებული, პრემიუმკლასით დამთავრებული. ჩამოგითვლით რამდენიმე მათგანს: Estilo Fashion Hotel Budapest, Old Monarchia Hotel, Cosmo City Hotel, Váci apartment, Midtown Apartments, Best Choice Hostel, Mercure Budapest City Center, Fashion Street Apartment.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია