წმინდა იშტვანის ბაზილიკა ნეოკლასიციზმის სტილის კათოლიკური ეკლესიაა. ის ბუდაპეშტის ისტორიულ რაიონში - პეშტში მდებარეობს. წმინდა იშტვანი იყო უნგრეთის პირველი მეფე არპადების დინასტიიდან. უნგრელების გაქრისტიანებისთვის იგი წმინდანად შერაცხეს. წმინდა იშტვანის ბაზილიკა უნგრეთის პარლამენტის შენობასა და ბუდას ციხედარბაზთან ერთად სამართლიანად მიიჩნევა ბუდაპეშტის სავიზიტო ბარათად.
წმინდა იშტვანი ტახტზე 1000 წლის 20 აგვისტოს ავიდა. ამიტომ 20 აგვისტო უნგრელების ეროვნული დღესასწაულია - წმინდა იშტვანის დღე. დღესასწაული დუნაის თავზე ლამაზი ფეიერვერკით სრულდება. ეს ბაზილიკა არა მხოლოდ შესანიშნავი კათოლიკური ტაძარია. აქ საორგანო მუსიკის კონცერტებიც იმართება, გადმოსახედი მოედნიდან კი საუცხოო პანორამა იშლება.
ტაძარს სამი არქიტექტორი აშენებდა. პირველს პროექტში რაღაც შეცდომა გაეპარა და თითქმის დასრულებული შენობის გუმბათი ჩამოიქცა, თუმცა ხუროთმოძღვარი ამას ვერ მოესწრო, რადგან მანამდე გარდაიცვალა. მისმა შემცვლელმა, მიკლოშ იბლმა, საოცარი ნიჭი და მოხერხება გამოავლინა და ახალი გუმბათი შექმნა, მაგრამ ვერც მან მიაღწია მშენებლობის დასრულებამდე, რადგან მანაც უფალს მიაბარა სული. მისი ნახაზების მიხედვით, სამუშაო ბოლომდე მესამე არქიტექტორმა მიიყვანა.
მშენებლობა 1905 წელს დასრულდა. მის კურთხევას ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი დაესწრო. ტაძრის შესასვლელის თავზე ლათინური წარწერაა, რომელიც ასე ითარგმნება: "მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე". ეს იესოს სიტყვებია იოანეს სახარებიდან (14:6).
1983 წელს ტაძრის 20-წლიანი რესტავრაცია დაიწყო. მას გადმოსახედი მოედანი დაამატეს. იქ მოსახვედრად 364 საფეხურის ავლაა საჭირო. ვინაიდან ამის გაკეთებას ბევრი ტურისტი ვერ შეძლებდა, მშენებლებმა ბაზილიკის კედლებში ორი ლიფტი დააყენეს.
ბაზილიკის ფართობი 4700 კვადრატული მეტრია, სიმაღლე - 96 მეტრი. მასში ერთდროულად 8 ათასი მორწმუნე ეტევა. 22 მეტრი დიამეტრის მქონე გუმბათის გვერდებზე 2 კოშკია. ერთში 9-ტონიანი ზარი ჰკიდია, რომლის ხმაც ძალზე შორს ვრცელდება. სულ ბაზილიკაში 4 ზარია.
ტაძრის ინტერიერი მნახველებში აღფრთოვანებას იწვევს. წელიწადში ერთხელ, 20 აგვისტოს, წმინდა იშტვანის წმინდა ნაწილები ღია ცის ქვეშ გამოაქვთ.
ბაზილიკის მთავარი შესასვლელის მარჯვენა მხარეს მდებარეობს საგანძურის მუზეუმი. აქ ინახება ექსპონატები, რომლებიც მოგითხრობენ ტაძრის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ძველებური სალიტურგიო ნივთები (მათ საზეიმო წირვის დროს იყენებენ.
შენობაში საუცხოო აკუსტიკაა. ამიტომ საღამოობით ბევრი ტურისტი ესწრება საორგანო მუსიკის კონცერტს. ბილეთების ფასი 6 ათასი ფორინტიდან იწყება. მისი შეძენა ადგილზეც შეგიძლიათ და ინტერნეტითაც. სალარო ბაზილიკის მარჯვენა მხარეს მდებარეობს.
წმინდა იშტვანის ბაზილიკაში ბილეთების ღირებულებაა:
- შესასვლელი ბილეთი და გადმოსახედ მოედანზე ასვლა მოზრდილებისთვის - 1 200 ფორინტი, 7 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ;
- მუზეუმის დათვალიერება მოზრდილებისთვის - 2 200 ფორინტი, 7 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ;
- სრული ბილეთი (გადმოსახედი მოედანი და საგანძურის მუზეუმი) მოზრდილებისთვის - 3200 ფორინტი, 7 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ.
ბაზილიკის მისამართია: წმინდა იშტვანის მოედანი 1 (Szent István tér 1).
მუშაობს ყოველდღე. გადმოსახედი მოედანი: ორშაბათი - 09:00-16:30, სამშაბათი-შაბათი - 09:00-17:45, კვირა - 13:00-17:45.
დეტალები და უახლესი ინფორმაცია იხილეთ წმინდა იშტვანის ბაზილიკის ოფიციალურ საიტზე https://www.bazilika.biz/.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია