უფასო ონლაინ-მეგზური რომში


წმ. პეტრეს ტაძარი რომში - ვატიკანში

წმინდა პეტრეს ეკლესია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უმნიშვნელოვანესი კათოლიკური ტაძარია, აგრეთვე ვატიკანის უმთავრესი და უდიდესი ნაგებობა, ამ სახელმწიფოს რელიგიური და რომის კათოლიკური ეკლესიის საცერემონიო ცენტრი. ყოველწლიურად მილიონობით ქრისტიანი ესწრება წირვებს, რომლებსაც რომის პაპი აღავლენს. ტაძარი ააგეს პეტრე მოციქულის, რომის პირველი ეპისკოპოსის სახელზე. სწორედ მისი მემკვიდრეა რომის ყველა პაპი. 1990-იან წლებამდე წმინდა პეტრეს ეკლესია ყველაზე დიდი ქრისტიანული საკრალური ნაგებობა იყო (1989 წელს დასრულდა ნოტრ-დამ-დე-ლა-პეს ბაზილიკის მშენებლობა რესპუბლიკა კოტ-დ'ივუარის ქალაქ იამუსუკროში).



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ტაძარი იმ ადგილას ააშენეს, სადაც ჩვენი წელთაღრიცხვით 67 წელს პეტრე მოციქული წამებით მოკლეს. პირველი ბაზილიკა აქ 324 წელს ააგეს, მაგრამ როდესაც 11 საუკუნის შემდეგ მისი ჩამონგრევის საფრთხე გაჩნდა, რომის პაპმა იულიუს II-მ ახალი ტაძრის აგება ბრძანა, რომელსაც იქამდე არსებული ყველა ქრისტიანული ეკლესია უნდა დაეჩრდილა. მშენებლობა 1506 წელს დაიწყო და 1626 წელს დასრულდა.


წმინდა პეტრეს ეკლესიის სიმაღლე 136,6 მეტრია, სიგანე - 211,5 მეტრი, საერთო ფართობი - 22067 კვ.მ. მის აშენებაში მონაწილეობდნენ ლეგენდარული ოსტატები: დონატო ბრამანტე, მიქელანჯელო ბუანაროტი, ჯაკომო დელა პორტა, რაფაელ სანტი, ჯოვანი ბერნინი, დომენიკო ფონტანა, კარლო მადერნო და სხვები. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის 120 წლის განმავლობაში 20 რომის პაპი შეიცვალა და ტაძარი პაპმა ურბან VII აკურთხა.


ტაძრის ფასადის თავზე განთავსებულია იესო ქრისტეს, იოანე ნათლისმცემლისა და თერთმეტი მოციქულის (პეტრეს გარდა) 5,65 მეტრი სიმაღლის ქანდაკებები, შენობის წინ კი - წმინდა პეტრეს და წმინდა პავლეს ქანდაკებები. წმინდა პეტრეს ხელში ცათა სასუფევლის გასაღები უჭირავს.



მარცხენა ზედა კუთხეში არქიტექტორ ჯუზეპე ვალადიეს შექმნილი ჩვეულებრივი, მარჯვენაში კი მზის საათია დაყენებული.



ფრიზზე გაკეთებული ლათინური წარწერა გვამცნობს: "მოციქულთა პრინცეპსის პატივსაცემად პავლე V ბორგეზე პონტიფიკოსი მასიმო რომანო, 1612, მისი პონტიფიკატის მეშვიდე წელი".


ტაძარს შიგნიდან ამშვენებს 800 სვეტი და ტუფის, მარმარილოს, თაბაშირისა და ბრინჯაოს 390 ქანდაკება. მნახველები ბაზილიკაში მასიური ბრინჯაოს კარიდან შედიან. იქვეა "წმინდა კარიც", რომელიც მხოლოდ მაშინ იღება, როცა რომის პაპი დღესასწაულს ან წმინდა წელს აცხადებს.


პაპის საკურთხევლის თავზე 42,2 მეტრი დიამეტრის ორმაგი გუმბათი მძლავრ სვეტებს ეყრდნობა, მათ შორის ნიშებში კი წმინდა ელენეს, წმინდა ვერონიკის, წმინდა ლონგინისა და წმინდა ანდრიას ქანდაკებები დგას. გუმბათის რგოლზე ლათინურ ენაზეა ამოკვეთილი წარწერა მათეს სახარებიდან: "შენა ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას. მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებებს". ფარნის ქვეშ კი წერია: "წმინდა პეტრეს სადიდებლად, პაპი სიქსტუს V, 1590, პონტიფიკატის მეხუთე წელი". გუმბათის წონა 14000 ტონაა!



ტამბურის შიგნით, გალერეის თავზე, კიბეს გუმბათის ორ ფენას შორის ფარნისკენ მივყავართ, საიდანაც წმინდა პეტრეს მოედნის, ვატიკანისა და რომის საუცხოო ხედი იშლება.



პაპის, ანუ მთავარი საკურთხევლის თავზე ოთხ მოოქროვილ ხვეულ სვეტზე ბრინჯაოს დიდი ბალდახინია, რომელიც ბერნინიმ შექმნა. საკურთხევლის წინ ორმაგ კიბეს ქვევით, Confessio-კენ მივყავართ - ადგილისკენ, სადაც, სავარაუდოდ, პეტრე მოციქულის აკლდამაა.




ე.წ. "ზედა გროტები" წმინდა პეტრეს ტაძრის ქვეშ 3 მეტრის სიღრმეზეა განთავსებული. აქ ინახება პეტრე მოციქულის წმინდა ნაწილები, რომის პაპებისა და სამეფო ოჯახის წევრების ნეშტები.



ბერნინის კიდევ ერთი შედევრია წმინდა პეტრეს კათედრა აფსიდში. ოთხ მღვდელმსახურს პეტრეს ეპისკოპოსის სავარძელი უჭირავს, ზემოთ კი მოჩანს გასაღები, ტიარა (პაპის ძალაუფლების სიმბოლოები) და სულიწმიდის სიმბოლო.



მარჯვენა გვერდითი ნავის პირველ კაპელაში ინახება მიქელანჯელოს დიდებული ქმნილება - სკულპტურული ჯგუფი "პიეტა". ის მას ფრანგმა კარდინალმა ჟან ბილერ დე ლაგროლმა შეუკვეთა საკუთარი საფლავის ქვისთვის. ახალგაზრდა მარიამს მუხლებზე ჯვრიდან ჩამოხსნილი იესო დაუწვენია.



აი, ტაძრის ინტერიერის ზოგადი ხედი:




წმინდა პეტრეს ტაძრის მისამართია: Piazza San Pietro, Vatican.


წმინდა პეტრეს ტაძარი მუშაობს ყოველდღე:


- 1-ლი ოქტომბრიდან 31 მარტის ჩათვლით - 07:30-17:00;

- 1-ლი აპრილიდან 30 სექტემბრის ჩათვლით - 07:30-18:00;

- ოთხშაბათობით - 13:00-19:00.


გაითვალისწინეთ, რომ ტაძარში შორტით, მინი-ქვედაწელით და მოშიშვლებული მხრებით შესვლა არ შეიძლება. შეზღუდვა მამაკაცებსაც ეხებათ და ქალებსაც.


შესვლისას შემოწმების გავლა მოგიწევთ. აკრძალულია დიდი ზომის ჩანთების, აგრეთვე წვეტიანი და მჭრელი საგნების შეტანა.


ბილეთის ღირებულებაა:


- წმინდა პეტრეს ტაძარში შესვლა უფასოა;

- გუმბათზე ფეხით ასვლა (551 საფეხური) - 8 ევრო;

- ჯერ ლიფტით, შემდეგ კი ფეხით ასვლა (320 საფეხური) - 10 ევრო;

- 12 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ;

- წმინდა პეტრეს საფლავის და ნეკროპოლის ნახვა - 13 ევრო.

- წმინდა პეტრეს ბაზილიკის დათვალიერება ექსპერტი გიდის დახმარებით - 15 ევრო.


მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროს A ხაზით - გაჩერება Ottaviano;

- ავტობუსით №11, 23, 32, 81, 590, 982 - გაჩერება Risorgimento; №64, 40 - ექსპრეს-მარშრუტები სადგურ ტერმინიდან (Termini) ტაძრამდე; №116 - გაჩერება Terminal Gianicolo;

- ტრამვაით №19 - გაჩერება San Pietro.


დეტალურ და უახლეს ინფორმაციას გაეცანით წმინდა პეტრეს ტაძრის ოფიციალურ საიტზე: https://www.vatican.va/various/basiliche/san_pietro/index_it.htm.















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!