უფასო ონლაინ-მეგზური ავსტრიასა და ვენაში


 წმინდა შტეფანის დიდებული ტაძარი

ვენაში მრავალი ღირსშესანიშნაობაა, მაგრამ ავსტრიისა და ვენის მთავარი სიმბოლო მაინც წმინდა შტეფანის ტაძარია. გვიანდელი რომანული და გოტიკური სტილის ეს საოცარი შენობა გულგრილს არავის დატოვებს. ტაძარი დიდებულია როგორც გარედან, ისე შიგნიდან. აქ ინახება უძვირფასესი რელიკვიები, საკულტო ნივთები, ხელოვნების ნიმუშები. მოგახსენებთ, რომ წმინდა შტეფანი, იგივე სტეფანე პირველწმინდა, ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთაგანია, პირველი ადამიანი, რომელმაც ქრისტესთვის სიცოცხლე გასწირა. მისი წამების დეტალები მოცემულია ახალი აღთქმის ფურცლებზე.



წმინდა შტეფანის ტაძარი წმინდა შტეფანის მოედანზე, ანუ შტეფანსპლაცზე მდებარეობს. მას "შტეფანსდომსაც" უწოდებენ, ვენელები კი, უბრალოდ, "შტეფის". მათთვის ის იგივეა, რაც ჩვენთვის - სვეტიცხოველი, პარიზელებისთვის კი - ნოტრდამი. იგი 800-ზე მეტი წლისაა. ის 1137-1141 წლებში აიგო, - მას საფუძველი მარკგრაფმა ლეოპოლდ IV ჩაუყარა, - მაგრამ თანამედროვე სახით 1511 წლიდან გვევლინება.


უნდა აღინიშნოს, რომ ტაძარი II მსოფლიო ომის დროს დაბომბვებს გადაურჩა, მაგრამ 1945-ში მასში ხანძარი გაჩნდა. მის აღდგენას 7 წელი დასჭირდა.



ტაძარს ოთხი კოშკი აქვს. ყველაზე მაღალი ჩრდილოეთის კოშკის სიმაღლე 68,3 მეტრია, ყველაზე მაღალი სამხრეთის კოშკის - 136,44 მეტრი. ტაძრის სიმაღლე მიწის დონიდან 198 მეტრია. კოშკებიდან დიდებული ხედი იშლება. შეგიძლიათ 343 საფეხური აიაროთ და ქალაქს გადმოხედოთ.


კრამიტის სახურავზე ავსტრიისა და ვენის გერბებია გამოსახული.




ფანჯრებზე ვიტრაჟებია, რომლებიც ბიბლიური სიუჟეტების სცენებს ასახავენ.



სამრეკლოზე 23 ზარია. ყველაზე დიდი, "ახალი პუმერინი", დიამეტრით 3 მეტრი, წონით კი 21 ტონაზე მეტია. ის ევროპაში სიდიდით მეორე ზარია (კიოლნის ტაძრის ზარის შემდეგ). პუმერინი წელიწადში 11-ჯერ რეკავს: უდიდეს დღესასწაულებზე, ტაძრის კურთხევისა (23 აპრილს) და ახალი წლის ღამეს.



ტაძარში დასვენებულია პოჩის მარიამ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელმაც უნგრელმა ლასლო შინგლიმ შეუკვეთა სოფელ პოჩში თურქთა უღლისგან გათავისუფლების აღსანიშნავად.



ტაძარში აღნიშვნის ღირსია კათედრა, მოჩუქურთმებული გომბეშოებისა და ხვლიკების ორნამენტებით, რაც კეთილისა და ბოროტის ბრძოლის ალეგორიაა. აქვე იხილავთ ეკლესიის 4 მასწავლებლის გორელიეფს. სწორედ აქედან მოუწოდებდა წმინდა იოანე კაპისტრანი ჯვაროსნული ლაშქრობისკენ თურქების წინააღმდეგ.



გამოვყოთ, აგრეთვე წმინდა ვალენტინის კაპელა და სამი დიდებული ორგანი, რომელთა მსგავსი მსოფლიოში იშვიათად თუ მოიძებნება. იმასაც დავამატებ, რომ ტაძარში სისტემატურად იმართება წირვა.


ტაძარში დაკრძალულია რუდოლფ IV - ავსტრიის მონარქი ჰაბსბურგების დინასტიიდან, ფრიდრიხ III - წმინდა რომის იმპერიის იმპერატორი (გარდაიცვალა 1493 წელს), პრინცი ევგენი სავოიელი - გამოჩენილი მხედართმთავარი (გარდაიცვალა 1736 წელს), ჰაბსბურგების დინასტიის 72 წარმომადგენელი. მათი საფლავები სიმბოლურია: 1633 წლიდან ტაძარში მონარქების შიგა ორგანოებს მარხავდნენ, სხეულებს - კაპუცინების ეკლესიაში, გულებს - წმინდა ავგუსტინის ეკლესიაში. აი, ფრიდრიხ III-ის აკლდამა:



შეგიძლიათ კატაკომბებშიც ჩახვიდეთ, სადაც, როგორც ამბობენ, 11 ათასი ადამიანია დასაფლავებული: ცნობილია, რომ კარლ IV-მ ქალაქის ტერიტორიაზე ადამიანების დაკრძალვა აკრძალა და ეს სწორედ იმ პერიოდის შედეგია.



აი, როგორ გამოიყურება მზის საათი ტაძარზე:



ტაძარს წელიწადში დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი სტუმრობს.


ტაძრის მისამართია: შტეფანსპლაცის 3 (ამავე სახელწოდების მეტროს სადგურიდან ასიოდე მეტრის დაშორებით).


მუშაობს ყოველდღე:


- ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით - 06:00 - 22:00;

- კვირაობით და დღესასწაულებზე - 07:00 -22:00.


ექსკურსია ტაძარში აუდიოგიდით (40 წთ.):


- ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით - 09:00-11:30 და 13:00-16:30;

- კვირაობით და დღესასწაულებზე - 13:00-16:30;


ბილეთის ღირებულება: მოზრდილებისთვის - 6 ევრო, 6-14 წლის ბავშვებისთვის - 2,50 ევრო.


ექსკურსია ტაძარში გიდით (30 წთ.):


- გერმანულ ენაზე: ორშაბათიდან კვირის ჩათვლით - 15:00-ზე;

- ინგლისურ ენაზე: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით - 10:30-ზე.


ბილეთის ღირებულება: მოზრდილებისთვის - 6 ევრო, 14 წლამდე ბავშვებისთვის - 2,50 ევრო.



ექსკურსია კატაკომბებში:


- ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით - 10:00-11:30 და 13:30-16:30;

- კვირაობით და დღესასწაულებზე - 13:30-16:30;


ბილეთის ღირებულება: მოზრდილებისთვის - 6 ევრო, 6-14 წლის ბავშვებისთვის - 2,50 ევრო.


სამხრეთის კოშკზე ასვლა:


- ორშაბათიდან კვირის ჩათვლით - 09:00-17:30.


ბილეთის ღირებულება: მოზრდილებისთვის - 5,50 ევრო, 14-18 წლის ბავშვებისთვის - 3,50 ევრო, 6-14 წლის ბავშვებისთვის - 2 ევრო, 15-18 წლის მოზარდებისთვის - 3 ევრო.


ჩრდილოეთის კოშკზე პუმერინთან ლიფტით ასვლა:


- ორშაბათიდან კვირის ჩათვლით - 09:00-17:30.


ბილეთის ღირებულება: მოზრდილებისთვის - 6 ევრო, 6-14 წლის ბავშვებისთვის - 2,50 ევრო.


სრული ბილეთი (all-inclusive) აუდიოგიდით - მოზრდილებისთვის - 20 ევრო, ბავშვებისთვის - 5 ევრო.


დეტალებისა და უახლესი ინფორმაციის გასაგებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.stephanskirche.at.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!