უფასო ონლაინ-მეგზური პარიზში


 ფრანგული კერძები - მრავალფეროვნება და დახვეწილობა

ფრანგებისთვის საჭმლის მომზადება მთელი ხელოვნებაა, საკვების მიღება კი განსაკუთრებული რიტუალი. ეს კულტურითა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით განპირობებული ნაციონალური თვისებაა. საფრანგეთის ტრადიციული სამზარეულო, პირობითად, ორ ძირითად ნაწილად იყოფა - რეგიონალური სახალხო და დახვეწილი არისტოკრატიული. რეგიონალურს მიეკუთვნება კერძები, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ამზადებდა ქვეყნის სხვადასხვა ისტორიული ოლქის მოსახლეობა, არისტოკრატიული კი ბურბონების მმართველობის დროს ჩამოყალიბდა, როდესაც პარიზი მსოფლიო მოდის კანონმდებელი გახდა. ფრანგული სოუსი, ყველი, ღვინო... ქვემოთ შემოგთავაზებთ ფრანგული სამზარეულოს ყველაზე პოპულარულ კერძებს ფოტოსურათებითა და მოკლე აღწერით.


ღვეზელი კიშ ლორენი (Quiche Lorraine) ფრანგული სამზარეულოს კლასიკაა. ეს შედევრი წარმოშობით ლოტარინგიიდანაა. მასში შედის ფქვილი, კარაქი, ბეკონი, კვერცხი, ყველი, ნაღები და სხვ.:



განათავსე შენი რეკლამა აქ!





რატატუი (Ratatouille) - ძველებური პროვინციული კერძია და აუცილებლად იმსახურებს თქვენს ყურადღებას. ამ კერძში შედის ბულგარული წიწაკა, ტომატი, ბადრიჯანი, ყაბაყი, კარტოფილი, ხახვი, სტაფილო, ნიორი, ოხრახუში, კარაქი, ზეითუნის ზეთი და ასე შემდეგ. ეს დაბალკალორიული საჭმელი საკმაოდ ნოყიერია:



კონფი იხვის ფეხებისგან (confit de canard) - უწინ ამ კერძს, ძირითადად, მარაგის შესაქმნელად იყენებდნენ. მასში შედი იხვის ბარკალი, იხვის ცხიმი, ოხრახუში, დაფნა, შავი პილპილი და სხვ. შინაურ პირობებში იხვის ნაცვლად სხვა ნებისმიერი შინაური ფრინველის გამოყენებაც შეიძლება:



ფრანგული ხახვის სუპი (La soupe à l’oignon) - შესაძლოა, სახელწოდება არც ისე გემრიელად ჟღერს, მაგრამ მას საოცრად კარგი გემო აქვს. მასში ხახთან ერთად შედის კარაქი, ხორცის ბულიონი, ბაგეტი, მყარი სახეობის ყველი და სხვ. აი, როგორ გამოიყურება ეს კერძი:



ტარტ ტატენი (Tarte Tatin) - თქვენ წინაშეა ვაშლის ჰაეროვანი ღვეზელი. მისი ისტორია სათავეს XIX საუკუნის დასაწყისიდან იღებს. პატარა ქალაქ ლამოტ-ბევრონის მცხოვრებმა სტეფანი ტატენმა ნამდვილი შედევრი შექმნა:



კასულე (Cassoulet) - ეს საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი კერძია - მოთუშული ლობიო ორიგინალური ხორცის დანამატებით. გასინჯეთ, ნამდვილად არ ინანებთ:



კლაფუტი ალუბლით (Clafoutis with cherries) - ფრანგი დიასახლისების ტრადიციული დესერტი. ადვილად მოსამზადებელი და სასარგებლო კერძია. გამოიყენება როგორც კურკიანი, ისე უკურკო ალუბალი:



ბლინები "სიუზეტი" (Suzette, Crêpes Suzette) - ეს არის ფორთოხლით გაჟღენთილი უაღრესად ნაზი, თხელი ბლინები. ძალიან გემრიელია:



ნისუაზი (Salade niçoise) - საფრანგეთისთვის ტიპური სალათაა, ბევრი ბოსტნეულითა და მწვანილით, და ვინაიდან ძალზე გემრიელი და ნოყიერია, მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. არსებობს მისი რამდენიმე ვარიანტი. აი, ერთ-ერთი მათგანი:



ფლამიში (Flamiche) - ეს კერძი პიცას ჰგავს, ოღონდ იტალიურ ანალოგზე გაცილებით ხანდაზმულია და მისგან მაინც განსხვავდება. ის რაღაც საშუალოა ლოტარინგიულ კიშსა და კლასიკურ პიცას შორის:



ფუა-გრა (Foie gras) - სახელგანთქმული ფრანგული დელიკატესია. მზადდება იხვის ან ბატის ცხიმიანი ღვიძლისგან. ფრინველს სპეციალური საკვებით ზრდიან:



სტეიკი (Steak frites) - კლასიკური პარიზული კერძი. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელებს შორის. ფრანგი მზარეულები იმდენს ახერხებენ, რომ ამ საკმაოდ მარტივი კერძისგან ნამდვილ შედევრს ქმნიან:



მამალი ღვინოში (Coq Au Vin) - ფრანგული სამზარეულოს კლასიკური კერძი ქათმის ხორცისგან - სასურველია ერთი წლის სამკილოგრამიანი მამალი და ბურგუნდიული ღვინო, ვინაიდან ამ კერძის სამშობლო ბურგუნდიაა. აი, ისიც:



ეს ფრანგული კერძების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. აუცილებლად უნდა ვახსენოთ კრუასანი, ლოკოკინები, ტრიუფელი, ხამანწკები. რომელი ერთი დავასახელოთ.















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!