მილანის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად ორი დღე ბევრი არ არის, მაგრამ არც ცოტაა. ახლა ნამდვილად მოასწრებთ ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტების მონახულებას. ესენია ტაძრები, მუზეუმები, სასახლეები, არქიტექტურული ძეგლები და ქანდაკებები. პირველ ყოვლისა, ყურადღებით გაეცანით სტატიას მილანი 1 დღეში, მოინიშნეთ თქვენთვის საინტერესო ღირსშესანიშნაობები და მათ მეტი ყურადღება დაუთმეთ. შეგიძლიათ ორად გაყოთ მილანის მთავარი ღირსშესანიშნაობები და, შესაბამისად, ორ დღეზე გადაანაწილოთ. ასე შოპინგისა და გართობისთვისაც მეტი დრო დაგრჩებათ.
თუკი მუზეუმებისთვის არც ფული გემეტებათ და არც დრო, გეტყვით, კიდევ რისი ნახვა შეგიძლიათ მილანში.
ვერტიკალური ტყე (Bosco Vertikale):
ეს არის 111 და 76 მეტრი სიმაღლის ორი საცხოვრებელი კორპუსი, რომელთა ფასადებზეც 2 ათასამდე ხე და ბუჩქი იზრდება. ამ შენობებმა 2014 წელს საერთაშორისო ჯილდო Highrise Award დაიმსახურეს, როგორც მსოფლიოში ყველაზე ლამაზმა და ინოვაციურმა მრავალსართულიანმა ნაგებობამ. ხეები ისეა შერჩეული, რომ მათ წელიწადის დროების ცვლილებასთან ერთად სხვადასხვა ფერი მიიღონ: სამხრეთ-დასავლეთ მხარეს მარადმწვანე მცენარეებია, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ფოთლოვანი. ისინი სპეციალურ კონტეინერებშია ჩარგული, რათა არ გაიზარდონ. წვეთოვანი მორწყვის სისტემა ფესვებს ავტომატურად აწვდის წყალს.
"ვერტიკალური ტყის" მისამართია: Via Gaetano de Castillia, 17.
მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს M2 მწვანე ან M5 იასამნისფერი ხაზით, გაჩერება Porta Garibaldi.
მონუმენტური სასაფლაო (Cimitero Monumentale):
ეს არა მხოლოდ სასაფლაო, არამედ ნამდვილი მუზეუმია, რომელიც მარმარილოს ქანდაკებების დიდებულებით განცვიფრებთ. ის 1866 წელს გაიხსნა.
აქ განისვენებენ იტალიის ელიტის წარმომადგენლები - ცნობილი და დაუვიწყარი კომპოზიტორები, პოლიტიკოსები, პოეტები, მხატვრები, მუსიკოსები, ფინანსისტები. სკულპტურული კომპოზიციების შექმნაში ცნობილი იტალიელი ოსტატები მუშაობდნენ.
თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ცნობილი ოჯახის, კამპარების, აკლდამაზე, რომლის შესასვლელთანაც ლეონარდო და ვინჩის "საიდუმლო სერობის" ქვის ანალოგი დაგხვდებათ.
შემოგთავაზებთ კიდევ რამდენიმე საფლავს:
მონუმენტური სასაფლაოს მისამართია: P.le Cimitero monumentale.
მისასვლელად ისარგებლეთ: მეტროს M2 მწვანე ხაზით, გაჩერება Garibaldi, ავტობუსით №43, 70 ან ტრამვაით №3, 4, 7, 11, 12, 14, 29, 30, 33.
სანტ-ეუსტორჯოს ეკლესია (Sant'Eustorgio):
ბაზილიკა XI-XII საუკუნეებშია აგებული, თუმცა XIV-XV საუკუნეებში მას ბევრი რენესანსული კაპელა მიადგეს. ბაზილიკას მილანში ყველაზე მაღალი სამრეკლო აქვს და ის ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან მოჩანს.
ეკლესიაში სპეციალურად მოდიან რომსა და იერუსალიმში მიმავალი მომლოცველები. მათ, პირველ ყოვლისა, აინტერესებთ ჯერ კიდევ ბიბლიაში აღწერილი განსაკუთრებული სიწმინდე. საქმე ეხება "სამი მეფის" რელიკვიებს, რომლებსაც დიდ პატივს სცემენ მთელი მსოფლიოს ქრისტიანები.
ეკლესიაში შესვლა უფასოა, მასში განთავსებულ მუზეუმში კი - ფასიანი (6 ევრო).
სანტ-ეუსტორჯოს ეკლესიის მისამართია: Piazza Sant’Eustorgio 1.
მისასვლელად ისარგებლეთ: მეტროს M2 მწვანე ხაზით, გაჩერება S. Agostino, ავტობუსით №71, N15, გაჩერება P.za Ventiquattro Maggio ან ტრამვაით №3, გაჩერება P.za S. Eustorgio.
პირელის ცათამბჯენი (Grattacielo Pirelli):
ეს ცათამბჯენი პირველი მრავალსართულიანი ნაგებობაა, რომელიც მილანში ააგეს. 1955-1959 წლებში ეს გააკეთა ავტომობილების საბურავების მწარმოებელი კონცერნის პრეზიდენტმა ალბერტო პირელიმ. ამ ცათამბჯენის აშენება არღვევდა ქალაქის კანონს იმის შესახებ, რომ აკრძალული იყო მილანის საკათედრო ტაძარზე მაღალი ნაგებობის მშენებლობა - შენობის სიმაღლე 127 მეტრია და 19 მეტრით აღემატება ტაძრის სიმაღლეს. 32-სართულიანი ექვსკუთხა შენობის სიგრძე 60 მეტრია, სიგანე - 18 მეტრი. პრობლემური ვითარებიდან თავის დასაღწევად, მის სახურავზე დუომოს შპილზე აღმართული მარიამ ღვთისმშობლის ქანდაკების ზუსტი ასლი განათავსეს. სამწუხაროდ, დღეს მას ვეღარ იხილავთ, ვინაიდან 2002 წელს თვითმფრინავის შეჯახებისას დაიმტვრა.
პირელის ცათამბჯენის მისამართია: Piazza Duca d'Aosta, 5.
მისასვლელად ისარგებლეთ: მეტროს M2 მწვანე ან M3 ყვითელი ხაზით, გაჩერება Centrale FS (რკინიგზის ცენტრალური სადგური), ავტობუსით №42, 60, 82 ან ტრამვაით №2, 5, 9, 33.
ბაზილიკა სანტა მარია პრესსო სან სატირო (Santa Maria presso San Satiro):
ბაზილიკა XV საუკუნეშია აგებული. ის იმითაა გამორჩეული, რომ საკურთხეველი ისეა მოხატული, გეგონებათ თაღი შიგნით ათეულ მეტრზე გრძელდება.
ბაზილიკა ყოფილი სამლოცველოს ადგილას არის აშენებული. გადმოცემის თანახმად, 1242 წელს ვინმე მასანციო და ვიგონცონემ მთელი თავისი ქონება ბანქოში წააგო. ამით გაბრაზებული ფრესკას მივარდა, რომელზეც მარიამ ღვთისმშობელი და ყრმა იესო იყვნენ გამოსახულნი, და დანა დაარტყა. ფრესკიდან სისხლი გადმოიღვარა. გაოგნებული მასანციო მუხლებზე დაეცა და პატიება ითხოვა. მთელი დარჩენილი ცხოვრება მან ლოცვებსა და კეთილი საქმეების კეთებაში გაატარა. ეს შემთხვევა 1817 წელს თავის ფრესკაზე გამოსახა მხატვარმა აგოსტინო კომერიომ. ის მარიამ ღვთისმშობლის ზემოთ მოჩანს.
ბაზილიკაში შესვლა უფასოა.
ბაზილიკა სანტა მარია პრესსო სან სატიროს მისამართია: via Torino 17-18.
ბაზილიკა დუომოდან ფეხით რამდენიმე წუთის სავალზეა, ამიტომ მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს M1 წითელი ან M3 ყვითელი ხაზით, გაჩერება Duomo.
ქანდაკება L.O.V.E.. ბევრს შეიძლება ეგონოს, რომ ეს ქანდაკება შეყვარებულებს ეძღვნება, მაგრამ მის დანახვაზე ნამდვილ კულტურულ შოკს მიიღებენ:
აღსანიშნავია, რომ იტალიელი მხატვრის, მაურიციო კატელანის, ხელოვნების ეს საკამათო ნიმუში მოედანზე მხოლოდ 120 წუთის განმავლობაში უნდა მდგარიყო, მაგრამ გადაიფიქრეს და დატოვეს.
ქანდაკება დუომოს ტაძრიდან დაახლოებით 800 მეტრითაა დაშორებული, საფონდო ბირჟის შტაბბინის წინ მდებარეობს და ქალაქის ფინანსური საქმეების მომკვარახჭინებლების მიმართ პროტესტს გამოხატავს. L.O.V.E. ასე იშიფრება: liberta, odio, vendetta, eternita (თავისუფლება, სიძულვილი, შურისძიება, მარადიულობა).
ქანდაკება L.O.V.E.-ის მისამართია: Piazza degli Affari.
მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს M1 წითელი ან M3 ყვითელი ხაზით, გაჩერება Duomo.
ველასკას კოშკი (Torre Velasca):
106 მეტრი სიმაღლის 26-სართულიანი ცათამბჯენი მილანის ცენტრალურ ნაწილში 1950 წელს გაჩნდა. ის გიგანტურ სოკოს წააგავს და მეორე მსოფლიო ომის დასასრულისა და ახალი აღმშენებლობის სიმბოლოა. მასთან მოსახვედრად დუომოდან ჯერ Pattari-ს ქუჩას უნდა გაუყვეთ, შემდეგ კი - Larga-ს ქუჩას.
გთავაზობთ მილანის ღირსშესანიშნაობების რუკას:
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია