უფასო ონლაინ-მეგზური მილანში


 მილანი ერთ დღეში

არსებობს მოსაზრება, რომ მილანში ცოტა ღირსშესანიშნაობაა. ეს, ცხადია, მცდარი აზრია. თუ ყურადღებით გაეცნობით ამ სტატიას, მიხვდებით, რომ მილანს თავისუფლად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ისეთ ქალაქებს, როგორიცაა რომი, ვენეცია და ფლორენცია. არ დაგავიწყდეთ, რომ ის, იმავდროულად, იტალიის ეკონომიკის, მოდისა და შოპინგის ცენტრიცაა. ასე რომ, გულახდილად გეტყვით - მილანის ერთ დღეში სრულფასოვნად დათვალიერება (ვგულისხმობ ღირსშესანიშნაობებისა და მუზეუმების დეტალურად გაცნობას) შეუძლებელია. იმაში კი დაგეხმარებით, რომ მისი უმთავრესი ღირსშესანიშნაობები იხილოთ და შოპინგისთვისაც დაგრჩეთ დრო.


მოდი, ექსკურსია დავიწყოთ ტაძრის (დუომოს) მოედნიდან (piazza del Duomo). იქ მოხვედრა შეგიძლიათ მეტროს M1 წითელი ან M3 ყვითელი ხაზით (გაჩერება Duomo).



განათავსე შენი რეკლამა აქ!





მოედანზე აღმართულია მილანის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო - საკათედრო ტაძარი დუომო, რომელიც 500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შენდებოდა. ამ ფანტასტიკურ ტაძარს აქვს სამკუთხა ფასადი 100-ზე მეტი შპილითა და 3500 ქანდაკებით (მათ შორის გამოირჩევა 4-მეტრიანი სიმაღლის მოოქროვილი სპილენძის Madonnina). ტაძარში 40 ათასზე მეტი ადამიანი ეტევა.


დეტალურად საკათედრო ტაძარ დუომოს შესახებ =>>


დუომოს მოედანზე იხილავთ, აგრეთვე გაერთიანებული იტალიის პირველი მეფის - ცხენზე ამხედრებული ვიტორიო ემანუელე II-ის ქანდაკებას.


მოედნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს სამეფო სასახლე (Palazzo Reale), რომელიც თანამედროვე სახით 1772-1778 წლებში აშენდა. ამჟამად სასახლეში განთავსებულია მილანის ტაძრის მუზეუმი.



იქვეა სამხრეთის სვეტების სასახლე (Palazzo dei Portici Meridionali) არენჯარიოს სასახლის ორი ერთნაირი, სიმეტრიულად მდებარე შენობით. ერთ-ერთში გახსნილია XX საუკუნის ხელოვნების მუზეუმი "ნოვოჩენტო".



თუ პირით დუომოს ტაძრისკენ დადგებით, ხელმარცხნივ დაინახავთ შესასვლელს ვიტორიო ემანუელ II-ის გალერეაში.



ეს არის ჯვრის ფორმის მოზაიკით გაწყობილი პასაჟი, რომლის სახურავიც მინის გუმბათებისგან შედგება, კედლებს კი ფრესკები ამშვენებს. ბრენდული მაღაზიების ვიტრინებსა და რესტორნებს შორის, გალერეის ცენტრში, დაინახავთ ქალაქის სიმბოლოს - ხარის - მოზაიკურ გამოსახულებას, რომელსაც, როგორც ამბობენ, ბედნიერების მოტანა შეუძლია.



დეტალურად ვიტორიო ემანუელ II-ის გალერეის შესახებ =>>


თუ ვიტორიო ემანუელ II-ის გალერეას ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გაივლით, მოხვდებით ლა სკალას მოედანზე (Piazza della Scala). სწორედ აქ მდებარეობს მსოფლიოში სახელგანთქმული ოპერის თეატრი ლა სკალა (Teatro alla Scala):



აქ იდგმებოდა როსინის, მეიერბერის, პუჩინის, ვერდის, დონიცეტის, ბელინისა და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ოპერები. თეატრის სცენაზე მღეროდნენ ენრიკო კარუზო, მარია კალასი, მარიო დელ მონაკო, ფიოდორ შალიაპინი, ლუჩანო პავაროტი და სხვ. შენობა გარედან ბევრით არაფრით გამოირჩევა, აი, შიგნიდან კი ნამდვილად დიდებულია:



დეტალურად ლა სკალას ოპერის თეატრის შესახებ =>>


ლა სკალას მოედანზე აღნიშვნის ღირსია, აგრეთვე, ლეონარდო და ვინჩისა და მისი მოწაფეების ქანდაკებები. მოედანზე გამოდის მარინოს სასახლის ფასადი, რომელიც დღესდღეობით ქალაქის თავის რეზიდენციაა.



ახლა 2 ვარიანტს გთავაზობთ:


პირველი ვარიანტი - თეატრიდან გაუყევით via Alesandro Manzoni-ს და მალე ხელმარჯვნივ პოლდი-პეცოლის მუზეუმს (Museo Poldi pezzoli) დაინახავთ.



აქ იხილავთ ცნობილი იტალიელი მხატვრების ფერწერულ ტილოებს, ფრესკებს, ქანდაკებებს, იარაღისა და საათების კოლექციებსა და სხვ.


დეტალურად პოლდი-პეცოლის მუზეუმის შესახებ =>>


მუზეუმიდან დაახლოებით 700 მეტრითაა დაშორებული ბრერის პინაკოთეკა (Pinacoteca di Brera). იქ მისასვლელად უკან გამოუყევით via Alesandro Manzoni-ს, შეუხვიეთ ხელმარჯვნივ via Romagnosi-ს, შემდეგ ხელმარცხნივ via Monte de Pieta-ზე და ხელმარჯვნივ via Brera-ზე (სხვათა შორის, ბრერას კვარტალს "მილანის მონმარტრს" უწოდებენ). მუზეუმი თქვენგან ქუჩის მარჯვენა მხარესაა.



აქ 38 დარბაზში განთავსებულია სხვადასხვა ეპოქის ნახატების უმდიდრესი კოლექცია. ნახატების ძირითადი თემა ქრისტიანობაა. ბრერას კომპლექსში სანახავი სხვაც ბევრია. თუ ბილეთის შესაძენად ფული არ დაგენანებათ, მერწმუნეთ, კმაყოფილი დარჩებით.


დეტალურად ბრერას პინაკოთეკის შესახებ =>>


ახლა განაგრძეთ სვლა ბრერას ქუჩაზე, შეუხვიეთ მარცხნივ via Fiori Chiari-ზე, შემდეგ გაიარეთ via Mercato (ხელმარცხნივ), via delle Erbe (მარჯვნივ), Foro Buonaparte (მარცხნივ), via Luca Beltrami. მიადგებით კასტელოს მოედნის შადრევანს.



მეორე ვარიანტი - (თუ ხელოვნება ნაკლებად გაინტერესებთ და წინა ორი ღირსშესანიშნაობის დათვალიერებას არ აპირებთ, მით უმეტეს, რომ ამაში ფულის გადახდა მოგიწევთ) - ლა სკალას თეატრიდან დაახლოებით სამასი მეტრი გაიარეთ via S. Dalmazio, via Bassano Porrone და via S. Prospero ქუჩებით და ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე - via Dante - გადით. აქ ლამაზაივნებიანი და სვეტებიანი სახლები ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებია.



ქუჩის ბოლოში, ლარგო კაიროლის მოედანზე, დაინახავთ ცხენზე ამხედრებული ჯუზეპე გარიბალდის ძეგლს, იმის მიღმა კი - კასტელოს მოედნის შადრევანს (ე.წ. "საქორწილო ტორტს") და სფორცას ციხეკოშკს.



სფორცას ციხეკოშკი, იგივე კასტელო სფორცესკო, 700-ზე მეტი წლისაა. მასში განთავსებულია ძველი ხელოვნების, დეკორატიული ხელოვნების, ავეჯისა და ხის ქანდაკებების, ეგვიპტური, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და სხვა მუზეუმები, აგრეთვე სამხატვრო გალერეა, ლეონარდო და ვინჩის ფრესკებით მოხატული დარბაზი და მიქელანჯელო ბუანაროტის ბოლო ნამუშევარი - დაუმთავრებელი ქანდაკება "პიეტა რონდანინი".



ციხეკოშკში შესვლა უფასოა, მუზეუმების დათვალიერება კი ფასიანი.


დეტალურად სფორცას ციხეკოშკის შესახებ =>>


სფორცას ციხეკოშკის გარშემო და უკან მდებარეობს სემპიონეს პარკი (Parco Sempione).



აქ ბევრი რამ არის სანახავი, კერძოდ, ხელოვნების სასახლე, რომელშიც განთავსებულია დიზაინისა და ხელოვნების მუზეუმი, კოშკი "ტორე ბრანკა" გადმოსახედი მოედნით, ქალაქის აკვარიუმი და მშვიდობის თაღი.



დეტალურად სემპიონეს პარკის შესახებ =>>


დავბრუნდეთ კასტელოს მოედნის შადრევანთან და via Marco Minghetti, piazzale Luigi Cadorna, via Boccaccio, via Caradosso, via Sassi-ის გავლით მივიდეთ სანტა მარია დელლე გრაციეს ეკლესიასთან (Santa Maria delle Grazie).



XV საუკუნის ამ ეკლესიის სატრაპეზოში განთავსებულია ლეონარდო და ვინჩის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრესკა "საიდუმლო სერობა".


დეტალურად სანტა მარია დელლე გრაციეს შესახებ =>>


აქედან დაახლოებით 400 მეტრშია ლეონარდო და ვინჩის სახელობის მეცნიერებისა და ტექნიკის ნაციონალური მუზეუმი. ამისათვის უნდა გაიაროთ piazza di Santa Maria delle Grazie, Corso Magenta, via Bernardino Zenale, via San Vittore.



50 ათას კვადრატულ მეტრზე გამოფენილია 16 ათასზე მეტი ექსპონატი. აქ იხილავთ ლეონარდო და ვინჩის გალერეას, ჰაერსანაოსნო და სამხედრო-საზღვაო პავილიონს, რკინიგზის პავილიონს, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის პავილიონს, ჯოვანი დონდის პლანეტარულ საათს, ენრიკო ფორლანინის შვეულმფრენს, ლეგენდარულ სარბოლო მანქანა "ალფა რომეოს" და კიდევ მრავალ საინტერესო ობიექტს. შესვლა ფასიანია.



დეტალურად ლეონარდო და ვინჩის მუზეუმის შესახებ =>>


თუ მუზეუმიდან სან-ვიტორეს ქუჩას (via San Vittore) გაუყვებით, მიადგებით წმინდა ამბროსის ბაზილიკას (Basilica di Sant'Ambrogio).



ტაძარი IV საუკუნეში აიგო ეპისკოპოს ამბროსი მედიოლანელის თაოსნობით. მოგვიანებით იგი წმინდანად შერაცხეს და მილანის მფარველად ითვლება. უწინ ტაძარს "წამებულთა ბაზილიკა" ეწოდებოდა, ვინაიდან, ლეგენდის თანახმად, ამ ადგილას ადრექრისტიანული ეპოქის წამებულებს მარხავდნენ. ბაზილიკაში აღნიშვნის ღირსია IX საუკუნის ოქროს საკურთხეველი, V საუკუნის კაპელა სან-ვიტორე (ოქროს მოზაიკით გაწყობილი) და წმინდანების ძვლები (წმინდა ამბროსის,წმინდა გერვასისა და წმინდა პროტასიასი). აქვეა დაკრძალული იტალიის მეფე ლუდოვიკო II.




ბაზილიკა ღიაა ყოველდღე. შესვლა უფასოა.


ბაზილიკიდან გავუყვეთ via Lanzone, via Circo, via Santa Maria-ს. დაახლოებით 800-1000 მეტრის შემდეგ მივადგებით ამბროსიანას (Ambrosiana).




ეს არის ორსართულიანი სასახლე - Palazzo Ambrosiana - რომელშიც განთავსებულია ბიბლიოთეკა (ის 1609 წელს გაიხსნა. მასში ინახება ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნის "ილიადას" ეგზემპლარი, რომაელი პოეტის, ვირგილიუსის ლექსების კრებული, ლეონარდო და ვინჩის ხელნაწერები, ფრანჩესკო პეტრარკას ნაშრომები და მრავალი სხვა), პინაკოთეკა - 1618 წელს გახსნილი ნახატების გალერეაა (24 დარბაზში გამოფენილია ლეონარდო და ვინჩის "მუსიკოსის პორტრეტი", ტიციანის "მოგვთა თაყვანისცემა", ბოტიჩელის "მადონა", კარავაჯოს "კალათა ხილით" და სხვა შედევრები):







ამბროსიანაში შესვლა ფასიანია. ბილეთის ღირებულებაა - 15 ევრო, 14 წლამდე - უფასოდ, 14-18 წლის ახალგაზრდებისა და 65 წელს გადაცილებულებისთვის - 10 ევრო.


ამით მილანის დათვალიერება 1 დღეში დასრულებულია. თუ მუზეუმებში სიარული არ გიყვართ ან ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გაქვთ, ნუ მიხვალთ ზემოთ ჩამოთვლილ მუზეუმებში, ყურადღებით გაეცანით სტატიას მილანი 2 დღეში, და იქ მითითებული სხვა ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეთ. ახლა შეგიძლიათ დუომოს მოედანზე დაბრუნდეთ - ის 5-6 წუთის სავალზეა.















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!