უფასო ონლაინ-მეგზური მილანში


სემპიონეს პარკი მილანში

სემპიონეს პარკი XIX საუკუნის ძველებური პარკია მილანის ისტორიულ ცენტრში. ის 1893 წელს შეიქმნა სახელგანთქმული არქიტექტორის ემილიო ალემანიის პროექტის მიხედვით. პარკი სფორცას ციხეკოშკის გვერდით გაშენდა ყოფილი სასწავლო მოედნის ადგილზე და მას 38, 6 ჰექტარი უჭირავს. ის კილომეტრ-ნახევრითაა დაცილებული დუომოდან, მილანის მთავარი ღირსშესანიშნაობიდან და როგორც მილანელების, ისე ქალაქის სტუმრების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დასასვენებელი ადგილია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





სახელწოდება მომდინარეობს სიტყვათშეთანხმებიდან Corso Sempione - ნაპოლეონის დროს გაყვანილი ძირითადი გზიდან. სფორცების დინასტიის მმართველობისას აქ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მდებარეობდა. დინასტიის დამხობის შემდეგ მოსულმა ესპანელებმა ხეები გაჩეხეს და სამხედრო ბასტიონები ააგეს. როდესაც ხელისუფლების სათავეში ნაპოლეონი მოვიდა, მან ბასტიონების დანგრევისა და ციხეკოშკის მახლობლად ტრიუმფალური თაღის აგება ბრძანა იტალიაში თავისი გამარჯვებების აღსანიშნავად. თაღსა და სფორცას ციხეკოშკს შორის სემპიონეს პარკი სამ წელიწადში გაშენდა, თუმცა მას დროდადრო აახლებდნენ. ყველაზე დიდი რეკონსტრუქცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩატარდა.


არქიტექტორმა ლამაზი პარკი შექმნა სფორცას ციხეკოშკსა და მშვიდობის თაღს შორის. პარკის ლანდშტაფში ინგლისური სტილი შეიმჩნევა: ლამაზი ხეები, მრავალრიცხოვანი ბუჩქები, ხასხასა ყვავილები, ხეივნები და ლამაზი გუბურები და ტბები, სადაც იხვები, კუები და გედები ცხოვრობენ. სემპიონეს პარკის ტერიტორიაზე იხილავთ, აგრეთვე, არაჩვეულებრივ შადრევნებსა და თანამედროვე ქანდაკებებს, რომელთა გვერდითაც დაუვიწყარი კადრების გადაღება შეგიძლიათ.



პარკში შესაძლებელია სუფთა გაზონებსა და მოვლილ მდელოებზე დაჯდომა, მზის სხივებისგან თავის შეფარება მაღალი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეების ჩრდილში. სემპიონეს პარკში ტურისტებისთვის საინტერესო რამდენიმე ღირსშესანიშნაობაა.


პალაცო დელ-არტე (Palazzo dell’Arte) - ხელოვნების სასახლე:



შენობა 1931-1933 წლებში აშენდა მას შემდეგ, რაც იტალიელმა პოლიტიკოსმა, მოდელიერმა, მეწარმემ და მეცენატმა ანტონიო ბერნოკიმ ქალაქის მუნიციპალიტეტს შვიდი მილიონი ლირა უანდერძა დეკორატიული ხელოვნებისა და თანამედროვე არქიტექტურის საერთაშორისო გამოფენისთვის ნაგებობის ასაშენებლად. ასე გაიხსნა სასახლეში მილანის ტრიენალე (La Triennale di Milano) - დიზაინისა და ხელოვნების მუზეუმი, სადაც იმართება გამოფენები, კონფერენციები, ხელოვნებასთან, დიზაინთან, არქიტექტურასთან, კინოსთან, მოდასთან დაკავშირებული ღონისძიებები.



მუზეუმის დათვალიერება 10 ევრო ღირს (20 წლამდე - უფასოდ), ყველა გამოფენის ნახვა - 12 ევრო.


კოშკი "ტორე ბრანკა" (Torre Branca) - 108, 60 მეტრი სიმაღლის ლითონის კონსტრუქცია გადმოსახედი მოედნით, სადაც ლიფტით შეგიძლიათ ასვლა. ადით და დატკბით მილანის ხედებით. (ასვლა 5 ევრო ღირს.)



მშვიდობის თაღი (Arco della Pace):



თავდაპირველად თაღი ჩაიფიქრეს მილანში ნაპოლეონის ტრიუმფალურ შესვლასთან დაკავშირებით, მაგრამ მისი მშენებლობა შეჩერდა. ნაპოლეონის მმართველობის შემდეგ, 1826 წელს, ავსტრიის იმპერატორმა მისი დასრულების ბრძანება გასცა. მშენებლობა მისი გარდაცვალების შემდეგ დასრულდა, 1838 წელს კი, იმპერატორ ფერდინანდ I-ის დროს, თაღს სახელი შეუცვალეს, "მშვიდობის თაღი" დაარქვეს და ევროპის ხალხებს შორის მშვიდობას მიუძღვნეს. გაკეთებულია მარმარილოსგან, შესრულებულია ნეოკლასიკურ სტილში. მისი სიმაღლე 25 მეტრია, სიგანე - 24 მეტრი.



თაღის თავზე ცხენების ექვსეულია, რომლებსაც გამარჯვებული მეომარი მართავს, კუთხეებში კი გამარჯვების ქალღმერთის ცხენის ქანდაკებებია. ფრონტონზე ყოფილი ლომბარდიის სამეფოს უდიდესი მდინარეების - ადიჯეს, ტიჩინოს, პოს, ტალიამენტოს - ალეგორიული გამოსახულებებია, სვეტებს შორის - არქიტექტორ ლუიჯი კანიოლას შექმნილი პანო.


ქალაქის აკვარიუმი (Acquario civico):



აკვარიუმი 1906 წელს აიგო ნაციონალურ გამოფენასთან დაკავშირებით. აქ 36 აკვარიუმია, რომლებშიც ასზე მეტი სახეობის თევზია. მათზე დაკვირვება შუშის გვირაბიდან შეგიძლიათ.



სფორცას ციხეკოშკი (Castello Sforzesco) და შადრევანი (Fontana di Piazza Castello):



ამ შადრევანს ხალხმა "საქორწილო ტორტი" შეარქვა.


დეტალურად სფორცას ციხეკოშკის შესახებ =>>


პარკ სემპიონეს მისამართია: Piazza Sempione.


მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა. სამშაბათი-პარასკევი - 09:30-17:00, შაბათ-კვირა - 09:00-18:30.


პარკში შესვლა უფასოა.


მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროს წითელი M1 ხაზით - გაჩერება Cadorna/Cairoli, ან მწვანე M2 ხაზით - გაჩერება Cadorna/Lanza;

- ავტობუსით №50, 58, 68 - გაჩერება Viale di Porta Vercellina/Via S. Vittore, №94, NM2 - გაჩერება S. Agostino m2;

- ტრამვაით №1 - გაჩერება Pagano Milton, №19 - გაჩერება Pagano Canova, №12, 14 - გაჩერება Bramante Lega Lombarda.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.comune.milano.it/aree-tematiche/verde.
















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!