მილანს სამი აეროპორტი ემსახურება - მალპენსა (Malpensa), ლინატე (Linate) და ბერგამო (Bergamo). ეს სამი აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 40 მილიონ მგზავრს იღებს, რის გამოც მილანი ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკვანძია. გაეცანით დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ მოვხვდეთ ამ სამი აეროპორტიდან მილანში და პირიქით. შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს (ავტობუსი, ელექტრომატარებელი, ტაქსი), არჩევანი კი თვითონ გააკეთეთ თქვენი გემოვნებისა და ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით.
მალპენსას საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა გამტარუნარიანობის მიხედვით იტალიაში მხოლოდ რომის ლეონარდო და ვინჩის სახელობის აეროპორტს ჩამორჩება (წელიწადში დაახლოებით 30 მილიონი მგზავრი). ის 1909 წლიდან ფუნქციონირებს. მალპენსა მილანის ცენტრიდან 45 კილომეტრითაა დაშორებული. აეროპორტი 2 ტერმინალისგან შედგება. პირველი ტერმინალი განკუთვნილია შიგა, შენგენის ქვეყნებისა და ტრანსკონტინენტური რეისებისთვის, მეორე კი - ბიუჯეტური ავიაკომპანიებისთვის.
მალპენსას აეროპორტიდან მილანში მოხვედრა შეგიძლიათ ავტობუსით, მატარებლითა და ტაქსით.
Terravision/Autostradale/Air Pullman-ის კომპანიების ავტობუსები მიგიყვანთ ცენტრალურ რკინიგზის სადგურში. მოძრაობის ინტერვალია 20 წუთი, მგზავრობის ხანგრძლივობა - 50-60 წთ., ბილეთის ღირებულება - 10 ევრო.
ბილეთების ყიდვა შეგიძლიათ როგორც მძღოლთან, ისე Terravision-ის საიტზე: www.terravision.eu/. მგზავრობა მოზრდილს 10 ევრო დაუჯდება, 5-12 წლის ბავშვს - 5 ევრო, 5 წლამდე ბავშვისთვის მგზავრობა უფასოა. ბილეთები, აგრეთვე, შეგიძლიათ იყიდოთ საიტებზე www.autostradale.it და www.malpensashuttle.it/en/.
მალპენსას აეროპორტიდან მილანში ჩასვლა შეგიძლიათ, აგრეთვე, მატარებლით Malpensa Express.
მატარებელი მიგიყვანთ სადგურებამდე Cadorna, Milano Centrale, Milano Porta Garibaldi. მგზავრობის ხანგრძლივობა - 51 წთ., ბილეთის ღირებულება - 13 ევრო.
ბილეთების ყიდვა შეგიძლიათ საიტზე: www.malpensaexpress.it/en/. მგზავრობა მოზრდილს 13 ევრო დაუჯდება, 4-13 წლის ბავშვს - 6,50 ევრო, 4 წლამდე ბავშვისთვის მგზავრობა უფასოა.
მალპენსას აეროპორტიდან მილანში ტაქსით ჩასვლა 80-90 ევრო დაგიჯდებათ. მგზავრობის ხანგრძლივობა 45 წუთია.
ენრიკო ფორლანინის სახელობის აეროპორტი ლინატე 1937 წლიდან ფუნქციონირებს და წელიწადში 10 მილიონამდე მგზავრს ემსახურება. ის იმით არის მოსახერხებელი, რომ მილანის ცენტრიდან მხოლოდ 8 კილომეტრითაა დაშორებული. მილანის ცენტრამდე, კერძოდ, დუომოს მოედნამდე მისვლა შეგიძლიათ ავტობუსით №73, რომელიც ყოველ ათ წუთში ერთხელ გადის. მგზავრობის ხანგრძლივობა 35-40 წუთია. რკინიგზის ცენტრალურ სადგურამდე მიგიყვანთ StarFly-ის ავტობუსი (ბილეთის ფასი 5 ევრო, მგზავრობის ხანგრძლივობა 25 წუთი.)
მილანამდე ტაქსით მისვლა დაახლოებით 35-50 ევრო დაგიჯდებათ.
აეროპორტი ბერგამო, იგივე მილანი-ბერგამო, იგივე კარავაჯოს სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ორიო-ალ-სერიო მილანის ცენტრიდან 45 წუთის სავალზეა. ის წელიწადში დაახლოებით 9 მილიონ მგზავრს ემსახურება.
ბერგამოს აეროპორტიდან მილანის ცენტრალურ რკინიგზის სადგურამდე შეგიძლიათ Terravision/Autostradale/Orioshuttle-ის კომპანიების ავტობუსებით. მგზავრობის ხანგრძლივობა - 1 საათი.
ბილეთების ყიდვა შეგიძლიათ როგორც მძღოლთან, ისე Terravision-ის საიტზე: www.terravision.eu/. მგზავრობა მოზრდილს 8 ევრო დაუჯდება, 4-12 წლის ბავშვს - 5 ევრო, 4 წლამდე ბავშვისთვის მგზავრობა უფასოა. აგრეთვე, შეგიძლიათ იყიდოთ საიტებზე www.autostradale.it და www.orioshuttle.com/_eng/.
თუ მატარებლით მგზავრობა გირჩევნიათ, ჯერ ბერგამოს რკინიგზის სადგურამდე უნდა მიხვიდეთ ავტობუსით (2,40 ევრო), იქიდან კი მილანის ცენტრალურ რკინიგზის სადგურამდე ან Milano Porta Garibaldi-მდე მატარებლით იმგზავროთ. მგზავრობის ხანგრძლივობა - დაახლოებით 1 საათი და 10 წუთი. მეორე კლასის ბილეთის ფასია 4,80-5,50 ევრო. ბილეთის შეძენა შეგიძლიათ საიტზე: www.trenord.it/en/.
ბერგამოდან მილანამდე ტაქსით მისვლა დაახლოებით 85 ევრო დაგიჯდებათ.
ბილეთებთან, სატარიფო ზონებთან და ტრანსპორტთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ მილანის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.