მილანში კარგად განვითარებული სატრანსპორტო ქსელია. მილანის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შედის მეტრო, ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი და ელექტრომატარებელი. ეს ტრანსპორტი ქალაქის ყველა რაიონს მოიცავს. საზოგადოებრივ ტრანსპორტს მართავს სატრანსპორტო კომპანია - ATM (Agenzia del trasporto di Milano). ყველა სახის ტრანსპორტისთვის ერთიანი ბილეთები მოქმედებს, ოღონდ ზონალობის პრინციპის გათვალისწინებით. ამ სტატიიდან შეიტყობთ, თუ რა სახის ბილეთები არსებობს, როგორ უნდა მოიქცეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, და რა უნდა გააკეთოთ, რათა არ დაჯარიმდეთ.
სტატიის შინაარსი
2. ბილეთები და სამგზავრო ბარათები
6. ტრამვაი და ტროლეიბუსი მილანში
1. სატარიფო ზონები
2019 წლიდან ძალაში შევიდა ტარიფების ახალი ინტეგრირებული სისტემა STIBM, რომელიც ვრცელდება ყველა მუნიციპალიტეტზე, აგრეთვე მონცასა და ბრიანცას პროვინციებზე. ქალაქი მილანი შეესაბამება 3 სატარიფო ზონას და აღინიშნება კოდებით Mi1—Mi3. დანარჩენი ზონები მილანს თანდათან შორდება და აღინიშნება კოდებით Mi4—Mi9. აი, როგორ გამოიყურება ეს ზონები სქემაზე:
თუ Mi1—Mi3 ზონებში გადაადგილდებით, საკმარისია ჩვეულებრივი ბილეთის ყიდვა. თუ, მაგალითად, უნდა იმგზავროთ მეტროს სადგურებამდე Cernusco S. N., Villa Fiorita, Cassina de' Pecchi, Bussero, რომლებიც Mi4 ზონაშია, უნდა შეიძინოთ ბილეთი Mi1—Mi4, თუ Mi5 ზონაში მიემგზავრებით - Mi1—Mi5 და ა.შ. მესამე ზონის მიღმა თითოეულ ზონაზე ბილეთის საფასურს 0,40 ევრო ემატება.
2. ბილეთები და სამგზავრო ბარათები
მილანის ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას მოქმედებს ერთიანი ბილეთი. ის უნდა შეიძინოთ მგზავრობამდე - სალაროებში მეტროს შესასვლელთან, თამბაქოს და გაზეთების ჯიხურებში, სპეციალურ ავტომატებში.
ასე გამოიყურება ბილეთების შესაძენი ავტომატები რკინიგზის ცენტრალურ სადგურში:
მეტროში შესვლისას ან ავტობუსში, ტრამვაისა და ტროლეიბუსში ასვლისას აუცილებელია ბილეთის კომპოსტირება. ბილეთი მგზავრობის ბოლომდე შეინახეთ, რადგან კონტროლიორმა შესაძლოა, ვთქვათ, მეტროდან გამოსვლისას შეგამოწმოთ. დაუკომპოსტირებელი ბილეთით მგზავრობა იგივეა, რაც უბილეთოდ მგზავრობა. ამისთვის კი ჯარიმის გადახდა მოგიწევთ: ადგილზე - 37 ევრო, 5 დღის განმავლობაში - 52 ევრო, 60 დღის განმავლობაში - 68 ევრო. ჯარიმას ბილეთის ღირებულებაც ემატება.
ახლა ვნახოთ, რა სახის ბილეთები არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის (განვიხილავთ მხოლოდ Mi1—Mi3 ზონების ფარგლებში):
Biglietto Ordinario (Mi1—Mi3) - ჩვეულებრივი ბილეთი ერთი მგზავრობისთვის. მისი მოქმედების ვადაა 90 წუთი კომპოსტირების შემდეგ. ამ დროის განმავლობაში მიწისზედა ტრანსპორტის შეუზღუდავად გამოცვლა შეგიძლიათ. მეტროში კი მხოლოდ ერთხელ იმგზავრებთ.
ბილეთების ღირებულებაა - 2,20 ევრო.
Carnet 10 biglietti - 10 ჩვეულებრივი ბილეთის კომპლექტი. თითოეულის მოქმედების ვადაა 90 წუთი კომპოსტირების შემდეგ. ამ კომპლექტით სარგებლობა მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია
ბილეთის ღირებულებაა - 19,50 ევრო.
Biglietto giornaliero - ულიმიტო ერთდღიანი ბილეთი. მისი მოქმედების ვადაა 24 საათი კომპოსტირების შემდეგ.
ბილეთის ღირებულებაა - 7,60 ევრო.
Biglietto bigiornaliero - ულიმიტო სამდღიანი ბილეთი. მისი მოქმედების ვადაა 3 დღე კომპოსტირების შემდეგ.
ბილეთის ღირებულებაა - 15,50 ევრო.
Biglietti 7 giorni - ულიმიტო შვიდდღიანი ბილეთი. მისი მოქმედების ვადაა 7 დღე კომპოსტირების შემდეგ.
ბარათის ღირებულებაა - 18,50 ევრო.
Abbonamenti mensili - ერთთვიანი სამგზავრო ბარათი.
ბილეთის ღირებულებაა - 50 ევრო.
14 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა (თან უნდა გქონდეთ ასაკის დამადასტურებელი დოკუმენტი).
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ATM-ის ოფიციალურ საიტს: https://www.atm.it/it/ViaggiaConNoi/Biglietti/Pagine/Tipologie.aspx.
3. ტურისტული ბარათები
მილანში რამდენიმე სახის ტურისტული ბარათია. მათგან ყველაზე ბიუჯეტურია MilanoCard. ის სამგვარია: 1-დღიანი, 2-დღიანი და 3-დღიანი. ეს ბარათები უფლებას გაძლევთ, შეუზღუდავად იმგზავროთ ყველა სხის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (აგრეთვე ავტობუსით Linate X73, რომელიც მილანს აეროპორტ ლინატესთან აკავშირებს), უფასოდ ან ფასდაკლებით ეწვიოთ მილანის 500-ზე მეტ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას, მათ შორის 20-ზე მეტ მუზეუმს, იტალიურ რესტორანს, სასტუმროს, მაღაზიას, მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა ექსკურსიასა და ღონისძიებაში, უფასოდ ჩატვირთოთ ამ ბარათის აპლიკაცია.
ბარათის ღირებულებაა:
- 1-დღიანი (24-საათიანი) - 15 ევრო;
- 2-დღიანი (48-საათიანი) - 22,50 ევრო;
- 3-დღიანი (72-საათიანი) - 24 ევრო;
- 4-დღიანი (96-საათიანი) - 29,90 ევრო;
- 10 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოა.
ბარათი მოქმედებას იწყებს მას შემდეგ, რაც მას შეიძენთ და თარიღსა და საათს აირჩევთ. ბარათი პერსონალურია და მისი გამოყენება სხვა პიროვნებას არ შეუძლია. ბარათი ძალაშია 1 თვის განმავლობაში იტალიაში (რომი, ვენეცია, ფლორენცია და ლომბარდიის ქალაქები). ტრანსპორტით მგზავრობისას ყოველთვის გააკეთეთ ვალიდაცია.
არსებობს ამ ბარათის სხვა სახეობებიც. დეტალური ინფორმაციის მიღება და მისი შეძენა შეგიძლიათ ოფიციალურ საიტზე: https://www.milanocard.it. ბარათის შეძენა შეგიძლიათ, აგრეთვე, აეროპორტებში, რკინიგზის ცენტრალურ სადგურში, ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში.
4. მილანის მეტროპოლიტენი
მილანის მეტროპოლიტენი 1964 წელს გაიხსნა. მასში 4 ხაზი (M1 - წითელი, M2 - მწვანე, M3 - ყვითელი და M5 - იისფერი) და 113 სადგურია, ქსელის სიგრძე კი - 101 კმ.
მილანის მეტროპოლიტენი მოკრძალებულად გაფორმებული და მოსახერხებელი სატრანსპორტო საშუალებაა. გთავაზობთ მის სქემას:
დეტალურად მილანის მეტროპოლიტენის შესახებ >>
5. ავტობუსი მილანში
მილანში 80-ზე მეტი მარშრუტია, რომლებზეც ავტობუსები ქალაქის ცენტრში და გარეუბნებში დადიან. განრიგი სხვადასხვაა სამუშაო დღეებისთვის (feriale) და დასვენების დღეებისთვის (festivo), აგრეთვე ზაფხულისა (estivo) და ზამთრის (invernale) პერიოდებისთვის. თუ ტაბლოზე დაინახავთ წარწერას "Sciopero", მაშასადამე, დიდხანს მოგიწევთ ლოდინი, ვინაიდან ეს სიტყვა გაფიცვას ნიშნავს. ავტობუსებში შედიან წინა ან უკანა კარიდან, გამოდიან შუა კარიდან. თუ გაჩერებაზე დგახართ, მძღოლს ხელით ანიშნეთ, რომ გააჩეროს. ჩასასვლელად წინასწარ დააჭირეთ ხელი წითელ ღილაკს, წარწერით "stop".
მილანში რამდენიმე სახის ავტობუსი დადის. ესენია:
- დღის ავტობუსები, რომლებიც, ძირითადად, 06:00-00:30 პერიოდში დადიან;
- ღამის ავტობუსები, რომლებიც 00:30-06:00 პერიოდში დადიან მეტროს ხაზებთან მაქსიმალურად მიახლოებული მარშრუტებით მათ აქვთ აღნიშვნა N ან NM;
- საგარეუბნო ავტობუსები;
- ავტობუსები NET - ისინი 25 მარშრუტზე დადიან და მილანის გარეუბნის 49 დასახლებულ პუნქტს ემსახურებიან, რომელთა შორისაც უმთავრესია Trezzo, Cologno, Cernusco sul Naviglio, Gessate, Vimercate;
- Radiobus ანუ რადიოავტობუსები (მხოლოდ მილანის გარეუბანში). გადაადგილდება 22:00-02:00 პერიოდში. მისი ნომრებია Q34-დან Q88-მდე.
ეს ავტობუსისა და ტაქსის ერთგვარი ნაზავია. მუშაობს ასე: თუ მარშრუტის ერთ-ერთ გაჩერებაზე დგახართ, ის თქვენი ხელის აწევაზე გაჩერდება. შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ კიდეც, რისთვისაც უნდა დარეკოთ ნომერზე 02-48-03-48-03 ან მობილური აპლიკაციით. ჩაჯდომის შემდეგ მძღოლს ეტყვით, მარშრუტის რომელ გაჩერებაზე გსურთ ჩამოსვლა. ის იმითაა მოსახერხებელი, რომ ავტობუსი შუალედურ გაჩერებებზე არ გაჩერდება. მოქმედებს ჩვეულებრივი ბილეთი. დეტალები იხილეთ АТМ-ის ოფიციალურ საიტზე https://www.atm.it/it/ViaggiaConNoi/Pagine/radiobus_quartiere.aspx
6. ტრამვაი და ტროლეიბუსი მილანში
მილანში ტრამვაის 21 მარშრუტია - №1-დან №33-მდე. ტრამვაი ქალაქში დილის 5:30-დან 01:00-მდე მუშაობს. მილანის ტრამვაი, მეტწილად, ყვითელი ფერისაა. ავტობუსებისგან განსხვავებით, ის ყველა გაჩერებაზე ჩერდება. ტრამვაი კარგი ალტერნატივაა ქალაქის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.
ქალაქში დადის კიდევ ერთი კოხტა ტრამვაი-რესტორანი, სახელწოდებით "ATMosfera", რომელიც მილანის ისტორიულ ცენტრში გადაადგილდება.
ეს რეტრო-ტრამვაი გადის დილის 11:30-ზე და საღამოს 20:00 და 20:30-ზე. გასვლის ადგილია Piazza Castello, 2. მგზავრობის ხანგრძლივობა - 2,5 საათი. ტრამვაიში არის 4 ოთხადგილიანი და 4 ორადგილიანი მაგიდა. მგზავრობა საუზმით კაცზე 75 ევრო ჯდება, ვახშმითა და სასმლით - 90 ევრო. ბილეთის შეკვეთა შეგიძლიათ ოფიციალურ საიტზე: https://atmosfera.atm.it/Home/Index.
მილანში კარგად არის განვითარებული ტროლეიბუსების ქსელი. სულ არის 4 მარშრუტი. წრიული მარშრუტები მოიცავს ქალაქის ცენტრს.
№90 და №91 ტრამვაი ღამითაც მოძრაობს. ყველაზე აქტუალური მარშრუტებია: №90, №91 (წრიული): Viale Isonzo — Lotto M1 — Viale Isonzo; №92: Viale Isonzo — Bovisa; № 93: Viale Omero — Lambarte (მეტროს სადგური M2).
7. ელექტრომატარებელი მილანში
მილანის ელექტრომატარებლები მოსახერხებელი საშუალებაა სწრაფად და უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის როგორც ქალაქში, ისე მთელ რეგიონში. მილანის მთავარი რკინიგზის სადგური არის Milano Centrale, საიდანაც მატარებლები იტალიის ყველა ნაწილში მიემართება. მილანის მთავარი გადამყვან-გადამტანია კომპანია Trenord.
მილანის საქალაქო მატარებლები სქემაზე "S" ასოთია აღნიშნული.
S1: Saronno — Lodi.
S2: Seveso — Milano Rogoredo.
S3: Saronno — Milano Cadorna.
S4: Camnago Lentate — Milano Cadorna.
S5: Varese — Treviglio.
S6: Novara — Treviglio.
S7: Lecco — Molteno — Milano Porta Garibaldi.
S8: Lecco — Carnate — Milano Porta Garibaldi.
S9: Saronno — Seregno — Milano — Albairate.
S10: Como S.Giovanni-Chiasso-Mendrisio-Bellinzona.
S11: Chiasso — Milano — Rho.
S12: Melegnano — Passante Cormano.
S13: Milano Bovisa — Pavia.
ეს მარშრუტები მილანის ცენტრს ლომბარდიის მუნიციპალიტეტებთან აკავშირებს. მუშაობის საათებია 06:00-00:00. გადის ყოველ 30 წუთში ერთხელ. ცალკე ხაზია Passante Ferroviario - თითქმის მთლიანად მიწისქვეშა მარშრუტი, რომელიც ქალაქს კვეთს. თუ პირველ სამ ზონაში გადაადგილდებით, ჩვეულებრივი ბილეთების და ბარათების გამოყენება შეგიძლიათ.
Trenord-ის ელექტრომატარებლებზე ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ATM-ისა და Trenord-ის სალაროებსა და ავტომატებში, აგრეთვე ონლაინრეჟიმში.
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს Malpensa Express, რომელიც მილანის საერთაშორისო აეროპორტ "მალპენსას" ქალაქის რკინიგზის სადგურებთან - Milano Centrale, Milano Garibaldi, Milano Cadorna - აკავშირებს. 146 ელექტრომატარებელი ყოველდღე 04:30-დან 00:20-მდე მოძრაობს.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ სალაროებში ან Malpensa Express-ის ოფიციალურ საიტზე: https://www.malpensaexpress.it/en/. მილანის ზემოჩამოთვლილ რკინიგზის სადგურებამდე ბილეთის ღირებულება 13 ევროა.
8. ტაქსი მილანში
მილანში ტაქსი თეთრი ფერისაა. არსებობს როგორც მუნიციპალური, ისე კერძო ტაქსი. ტაქსიში ჩასხდომა ღირს 3,90 ევრო - დღისით (06:00-21:00), 6,40 ევრო - დღისით (დღესასწაულებზე), 7,60 ევრო - ღამით (21:00-06:00). ყოველი კილომეტრის საფასური - 1,28 ევროა, ლოდინის ყოველი საათი - 33,27 ევრო. მას შემდეგ, რაც მრიცხველზე თანხა 49,90 ევროს მიაღწევს, კილომეტრის საფასური 1,98 ევრომდე იზრდება. განსხვავებული საფასურის გადახდა მოგიწევთ კოლექტიურად სარგებლობისას (3 ადამიანი მაინც, თუ მათი საწყისი და საბოლოო პუნქტები ერთმანეთს ემთხვევა). ამ შემთხვევაში ჩასხდომის საფასური შემდეგია: დღისით (06:00-21:00) - 1,56 ევრო; დღისით (დღესასწაულებზე) - 2,56 ევრო, ღამით (21:00-06:00) - 3,04 ევრო; ყოველი კილომეტრი - 0,51 ევრო; ლოდინის ყოველი საათი - 13,31 ევრო. მინიმალური ტარიფი აეროპორტიდან ქალაქში: ჩვეულებრივი - 15,40 ევრო, კოლექტიური - 6,16 ევრო.
სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ!
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია