მუზეუმების კუნძული ბერლინში თვალწარმტაცი ადგილია კუნძულ შპრეეინზელის ჩრდილოეთ ნაწილში. ის ტურისტებს უნიკალური მუზეუმების კაშკაშა თანავარსკვლავედით იზიდავს, რომლებშიც მსოფლიო ხელოვნების შედევრების უზარმაზარი კოლექციაა. მცირე ადგილზე თავმოყრილ ამდენ მუზეუმს სხვაგან ვერსად ნახავთ. ექსპონატები თვალნათლივ აჩვენებენ სხვადასხვა ქვეყნების კულტურათა განვითარებას ათასწლეულების მანძილზე. ისტორია გვიამბობს, რომ მუზეუმების კომპლექსის მშენებლობა, რომელიც 1999 წლიდან იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული, ასი წელი გრძელდებოდა.
მუზეუმების კუნძული თვალსაჩინოდ გვიჩვენებს კაცობრიობის კულტურის ისტორიას საუკუნეების განმავლობაში. უნდა ითქვას, რომ სახელწოდება "მუზეუმების კუნძუკლი, ერთგვარად, ფარდობითია. ოდესღაც სწორედ კუნძულ შპრეეინზელზე, მის ამჟამინდელ სამხრეთ ნაწილში, გაჩნდა დასახლება, რომელიც თანდათან ბერლინში გადაიზარდა. მისი ჩრდილოეთი ნაწილი კი დიდხანს დაჭაობებული რჩებოდა. როდესაც ის დააშრეს, გადაწყვიტეს, სამუზეუმო ადგილად გამოეყენებინათ. თავდაპირველად მხოლოდ ერთ მუზეუმზე იყო ლაპარაკი, მაგრამ საბოლოოდ იქ მთელი კომპლექსი გაჩნდა.
მუზეუმების კუნძულის ერთგვარი კარიბჭეა ბერლინის საკათედრო ტაძარი, რომლის სიმაღლეც 98 მეტრია და გერმანიის უდიდესი ევანგელისტური ეკლესიაა.
დეტალურად ბერლინის საკათედრო ტაძრის შესახებ =>>
ახლა კი ხუთი მუზეუმისგან შემდგარ კომპლექსზე გადავიდეთ.
ძველი მუზეუმი (Altes Museum):
ნეოკლასიციზმის ეს შენობა 1830 წელს გაიხსნა. მის ფასადზე ლათინურად წერია: "მუზეუმი 1828 წელს დააარსა ფრიდრიხ ვილჰელმ III-მ ყველანაირი ანტიკური ნივთებისა და თავისუფალი ხელოვნების შესასწავლად". ძირითად ექსპოზიციას ეწოდება "ანტიკური სამყაროები: ბერძნები, ეტრუსკები და რომაელები".
მუზეუმის პირველ სართულზე იხილავთ ძველი საბერძნეთის ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც შექმნილია ჩვენს წელთაღრიცხვამდე X-I საუკუნეებში.
გამოვყოფთ "მავედრებელ ყმაწვილს", პერიკლეს გამოსახულებას, დიონისესა და ქალღმერთ პერსეფონას ქანდაკებებს.
ძველი მუზეუმის მეორე სართულზე განთავსებულია ძველი რომის ხელოვნების ნიმუშები. მათგან გამოვყოფთ ე.წ. "ნილოსის მოზაიკას", ძველი რომის ბორდელებში აღმოჩენილ ნივთებს, კლეოპატრასა და იულიუს კეისრის ბიუსტებს, ოქროსა და ვერცხლის სამკაულებს, ძვირფასი ქვებისგან დამზადებულ ნაკეთობებს და მონეტების ოთახს.
განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ეტრუსკული ხელოვნება. მუზეუმში განთავსებულია ე.წ. "კაპუის ფირფიტა" - გამომწვარი თიხის ფირფიტა, რომელზეც დატანილია ეტრუსკულ ენაზე აღმოჩენილ ტექსტებს შორის ყველაზე გრძელი ტექსტი, აგრეთვე მრავალი დასაკრძალავი ურნა და სარკოფაგი.
ახალი მუზეუმი (Neues Museum):
ახალ მუზეუმში განთავსებულია ძველი ეგვიპტის უძვირფასესი კოლექციები. ერთ-ერთი მთავარი ექსპონატია დედოფალ ნეფერტიტეს ბიუსტი. აქვეა უძველესი ნაკეთობები ქვის ხანიდან რკინის ხანამდე. ექსპონატებს შორის არის, აგრეთვე, ბერლინის ოქროს შლაპა - ბრინჯაოს ხანის არტეფაქტი.
ძველი ნაციონალური გალერეა:
გალერეა ოფიციალურად 1876 წელს გაიხსნა. მასში თავმოყრილია XIX-XX საუკუნის სახვითი ხელვნების კოლექციები, გერმანელი მხატვრების, ფრანგი იმპრესიონისტების, იტალიელი, ფრანგი და გერმანელი ოსტატების ქანდაკებები (სულ 4 ათასი ექსპონატია). აქვეა ოგიუსტ როდენის "მოაზროვნე". შენობის წინ მოჩანს ცხენზე ამხედრებული ფრიდრიხ ვილჰელმ IV-ის ქანდაკება.
გალერეაზე წარმოდგენის შესაქმნელად მოგაწვდით რამდენიმე ფოტოსურათს:
"მუზეუმების კუნძულის" ჩრდილოეთ კიდეს კვეთს მონბიჟუს ხიდი, რომელიც კუნძულს მდინარე შპრეეს ნაპირებთან აერთებს. ორივე ხიდი დაკეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და ქმნია შესასვლელს ბოდეს მუზეუმში, ნეობაროკოს სტილის სამკუთხა შენობაში, რომლის უზარმაზარი გუმბათიც ამაყად დაჰყურებს შპრეეინზელის ჩრდილოეთ მხარეს.
ბოდეს მუზეუმი (Bode-Museum):
მუზეუმი 1904 წელს გაიხსნა, ბოდე კი ის ადამიანია, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ამ მუზეუმის გახსნაში. მუზეუმში შეგვიძლია გამოვყოთ ოთხი სექტორი: ქანდაკებების კოლექცია, ბიზანტიური ხელოვნების განყოფილება, მონეტების კაბინეტი და სურათების გალერეა.
პერგამონის მუზეუმი (Pergamonmuseum):
მუზეუმი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი 1901 წელს ააგეს, მეორე - 1930 წელს. პერგამონის მუზეუმი მუზეუმების კუნძულის ყველაზე მნიშვნელოვანი და ბერლინის ყველაზე პოპულარული მუზეუმია. მას ყოველწლიურად მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს. აქ განთავსებულია ისეთი ანტიკური არქიტექტურული შედევრები, როგორიცაა პერგამონის საკურთხეველი, რომელზეც ოლიმპოს ღმერთები გიგანტებს ებრძვიან:
მილეთის ბაზრის კარიბჭე:
იშთარის კარიბჭე ბაბილონიდან:
პერგამონის მუზეუმის გვერდით გახსნილია უზარმაზარი პანორამა, რომელიც ისეთ ეფექტს ქმნის, თითქოს ძველ პერგამონში იმყოფებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 129 წელს. ცოცხალი ქალაქის ატმოსფეროს უკეთ შესაგრძნობად შექმნილია სპეციალური ეფექტები: მზის ამოსვლა და ჩასვლა, ჭრიჭინების ჭრიჭინი, სიოს ქროლვა, ბრბოს გუგუნი და ა.შ.
ბილეთის ფასი:
- ძველი მუზეუმი - 10 ევრო, სტუდენტებისთვის - 5 ევრო;
- ახალი მუზეუმი - 14 ევრო, სტუდენტებისთვის - 7 ევრო;
- ძველი ნაციონალური გალერეა - 12 ევრო, სტუდენტებისთვის - 7 ევრო;
- ბოდეს მუზეუმი- 10 ევრო, სტუდენტებისთვის - 5 ევრო;
- 18 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ;
- ერთდღიანი ბილეთი ხუთივე მუზეუმის დასათვალიერებლად - 19 ევრო, სტუდენტებისთვის - 9,50 ევრო.
მუზეუმების კუნძულის ოფიციალური საიტია: museumsinsel-berlin.de/en/home/.
მუზეუმების კუნძულამდე მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს U6 ხაზით - გაჩერება Fridrichstasse;
- ავტობუსით №100, 200 - გაჩერება Lustgarten; №147 - გაჩერება Fridrichstasse;
- ტრამვაით M1, M12 - გაჩერება Am Kupfergraben; M4, M5, M6 - გაჩერება Hackersche Markt;
- S-Bahn-ით: S1, S2, S25, S26 - გაჩერება Fridrichstasse; S3, S5, S7, S9 - გაჩერება Hackersche Markt.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.