პარიზის მეტრო ტურისტისთვის ქალაქში გადაადგილების ყველაზე მარტივი, მოსახერხებელი და ხელსაყრელი საშუალებაა, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ უპრობლემოდ იხილოთ უშუალოდ დედაქალაქში განთავსებული ღირსშესანიშნაობები. პარიზის მეტროში 300-მდე სადგური და 16 ხაზია, ნომრით 1-დან 14-ის ჩათვლით, პლუს ორი ხაზი - მესამე და მეშვიდე ხაზების განშტოებები (3bis და 7bis). თითოეულ ხაზს თავისი ფერი აქვს. ბევრი სადგურიდან სხვა ხაზზე შეიძლება გადასვლა. ეს ინფორმაცია მოცემულია ელექტრონულ ტაბლოებზე მეტროში და RATP-ის რუკებზე.
მეტროთი მგზავრობის დროის დასათვლელად ორ მეზობელ სადგურს შორის იანგარიშეთ 2 წუთი და დაუმატეთ 5 წუთი სხვა ხაზზე გადასასვლელად. თუ საფრანგეთის დედაქალაქის მთლიანი სატრანსპორტო ქსელი გაინტერესებთ, იხილეთ პარიზის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ყოველ ხაზს აქვს სახელწოდება, რომელიც შედგება საწყისი და საბოლოო სადგურების სახელებისგან (მაგალითად, Balard/Créteil). მეტროპოლიტენში განთავსებულ რუკებზე ლურჯად და თეთრად აღნიშნულია მიმართულებები და ხაზში შემავალი სადგურები, აგრეთვე ის სადგურები, რომლებიც სხვა ხაზებზე გადაჯდომის შესაძლებლობას იძლევა.
პარიზის მეტროპოლიტენის რუკის ყიდვა საჭირო არ არის - მას უფასოდ აძლევენ ყველა მსურველს მეტროს ბილეთების სალაროებსა და ტურისტულ ოფისებში. თანაც, ნებისმიერი მიწისქვეშა სადგურის შესასვლელთან განთავსებულია მეტროს დიდი რუკები. სადგურებში ხაზის ნომერი შესაბამისი ფერის წრეშია ჩახაზული, მის გვერდით კი ლურჯ წრეში ასო M წერია, რაც მეტროპოლიტენს ნიშნავს.
სამუშაო დღეებში მეტროპოლიტენი მუშაობს დაახლოებით დილის 5:30-დან ღამის 1:15-მდე. პარასკევსა და შაბათს, აგრეთვე დღესასწაულების წინ - ღამის 2:15-მდე. მეტროს ხაზი №14 ყველაზე ახალი და სწრაფია. მას "მეტეორს" (Météor) უწოდებენ.
ბილეთები პარიზის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობისთვის ერთი და იგივეა. დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ პარიზის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შეძენილი ბილეთი მგზავრობის ბოლომდე შეინახეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტროლიორი დაგაჯარიმებთ.
მეტროს სადგურში ბილეთის შეძენის ორი საშუალებაა: გამყიდველთან სპეციალურ სარკმელში ან აპარატში. შესაძლოა, ისე აღმოჩნდეს, რომ ბილეთის გასაყიდი ფანჯრები დროებით დაკეტილი დაგხვდეთ და აპარატით სარგებლობა დაგჭირდეთ, რომელიც იღებს ევროს მონეტებს, კუპიურებს (5, 10, 20 ევრო) და ზოგიერთ საკრედიტო ბარათს.
როგორ შევიძინოთ ბილეთი აპარატიდან?
1) ეკრანის ქვემოთ ცენტრში მოთავსებული მბრუნავი წრის დახმარებით, რომელსაც "Selectionner" ეწოდება: აირჩიეთ ან ერთი ბილეთი, ან "Carnet" - 10 ბილეთის კომპლექტი (ის უფრო იაფი დაგიჯდებათ).
2) დააჭირეთ თითი წრის მარჯვნივ განთავსებულ ღილაკს - "Validez ou acceptez ici".
3) მიუთითეთ ბილეთების ან კომპლექტის რაოდენობა. გაითვალისწინეთ, რომ "Carnet"-ს შემთხვევაში 1 ნიშნავს 10 ბილეთს, 2 - 20-ს და ა.შ.
4) გამონათებულ ფანჯარაში აირჩიეთ გადახდის ხერხი (მონეტა, ბანკნოტი, საბანკო ბარათი).
5) აირჩიეთ ჩეკის აღება ("Oui") ან არაღება ("No").
6) აიღეთ ბილეთი აპარატის ქვედა უჯრიდან.
მეტროს სადგურის ბაქანზე მოსახვედრად ტურნიკეტი ან კარის მსგავსი ბარიერი უნდა გაიაროთ. ბილეთი მაგნიტური მხარით ქვემოთ მოათავსეთ ტურნიკეტში, რომელიც არ არის მონიშნული წითელი ჯვრით (არ მუშაობს) ან წრით (გასასვლელი). ბილეთის შედებისას ტურნიკეტი თქვენგან მარჯვნივ უნდა მდებარეობდეს. ბილეთი სწრაფად უნდა აიღოთ, თორემ ტურნიკეტი არ ამუშავდება. ტურნიკეტს გასცდებით, ბარიერს - კარს - მიუახლოვდებით და მის გახსნას დაელოდებით. ზოგიერთი მათგანი, განსაკუთრებით ის, რომელსაც ორმაგი კარი აქვს, ნელა იღება. თუ ბილეთი მიიღეს, მაგრამ კარი არ იხსნება, დარწმუნდით, რომ საკმარისად ახლოს მიხვედით, რათა სენსორულმა პანელმა რეაქცია მოახდინოს. თუ ბილეთი არ მიიღეს, ტურნიკეტი დაბალ, უფრო გრძელ და არასასიამოვნო ხმას გამოსცემს, რასაც ზოგჯერ წითელი წარწერაც ახლავს თან იმის შესატყობინებლად, რომ თქვენი ბილეთი არავალიდურია. იპოვეთ სადგურის თანამშრომელი ბილეთების გასაყიდ სარკმელში ან საინფორმაციო დახლთან და დახმარება სთხოვეთ. სავარაუდოდ, კარს ხელით გახსნიან და გაგატარებენ.
თუ "Navigo" ბარათი გაქვთ, ის, უბრალოდ, მთვლელ მოწყობილობასთან მიიტანეთ და დაელოდეთ, სანამ იმის მაუწყებელ სიგნალს არ გაიგონებთ, რომ გასვლა შეიძლება. თუ თქვენს ბარათს მოქმედების ვადა მალე ეწურება, სიგნალი ნაკლებად სასიამოვნო მოსასმენი იქნება, დისპლეიზე კი ბარათის მოქმედების დრო გაჩნდება.
მეტროს მატარებლები სხვადასხვა ფორმის, ზომისა და ფერისაა. ყველა ვაგონში კარის გაღება ხელით მოგიწევთ: ზოგში კართან მოთავსებულ ღილაკს უნდა მიაწვეთ, ზოგშიც პატარა ბერკეტი ზემოთ უნდა ასწიოთ. გამონაკლისი მხოლოდ №14 ხაზია - აქ კარი ავტომატიზირებულია, მატარებელი კი მძღოლის გარეშე დადის.
თუ ჩასვლა გიწევთ, მაგრამ კარიდან მოშორებით დგახართ, ნუ აღელდებით. უბრალოდ, თქვით "პარდონ" და ადამიანები მყისვე შეეცდებიან ერთგვარი დერეფანი გააკეთონ, რათა კართან მიახლოება გაგიადვილონ, თუნდაც ამისთვის ვაგონიდან გარეთ გასვლა მოუხდეთ. პარიზელები ასეთ მანერებს კარგად ფლობენ. ამაში თვითონ დარწმუნდებით.
როდესაც საჭირო სადგურზე მოხვდებით, ქუჩაში გასასვლელად მიჰყევით ცისფერ მიმთითებლებს, წარწერით "Sortie" (გასასვლელი).
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტებს: ratp.fr ან parisbytrain.com.
ყურადღებით იყავით ბილეთის შეძენისას - სწორად შეარჩიეთ ზონა, ბილეთი კი მგზავრობის ბოლომდე შეინახეთ: ზოგიერთ სადგურზე, გასვლისას, ის ტურნიკეტს უნდა მიადოთ. ესეც რომ არ იყოს, პარიზის მეტროში გულმოდგინედ მუშაობენ კონტროლიორები, ჯარიმის სახით კი გვარიანი თანხის გადახდა მოგიწევთ (დაახლოებით 50 ევრო).
როგორც ყველა დიდ ქალაქში, პარიზშიც არსებობს იმის საფრთხე, რომ ჯიბის ქურდების მსხვერპლი გახდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებში, კერძოდ, მეტროში - ვაგონში, ბაქანზე ან ბილეთის შესაძენ აპარატთან. ამიტომ გირჩევთ, ყურადღება არ მოადუნოთ.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია