უფასო ონლაინ-მეგზური პრაღაში


 პეტრშინის ბორცვი

პეტრშინის ბორცვი მდებარეობს მდინარე ვლტავას მარცხენა ნაპირზე, მალა სტრანას კვარტალში. ეს ლამაზი ბორცვი პრაღის შვიდ ბორცვს შორის ყველაზე მაღალი არ არის (მისი სიმაღლე 327 მეტრია), თუმცა ლეგენდებითაა მოცული: პეტრშინი ბორცვზე მდგომმა ლიბუშემ, დიდი მთავრის ცოლმა, იწინასწარმეტყველა ფრიალო კლდეზე ქალაქ პრაღის დაარსება, რომლის დიდებაც ვარსკვლავებს მისწვდებოდა. ბორცვს პეტრშინი კლდოვანი ქანების სიუხვის გამო ეწოდა. სიტყვა "petrae" ლათინურად "ქვას", "კლდეს" ნიშნავს, ჩვენ კი ვიცით, რომ შუა საუკუნეებში პრაღაში ლათინურად საუბრობდნენ.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





პეტრშინის ბორცვზე უამრავი ღირსშესანიშნაობაა. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს.


63,5-მეტრიანი პეტრშინის კოშკი ძალიან ჰგავს სახელგანთქმულ ეიფელის კოშკს. ის 1891 წელს ააგეს.



პეტრშინის კოშკი 175 ტონას იწონის. მის თავზე, 55 მეტრ სიმაღლეზე, გადმოსახედი მოედანი მდებარეობს. ასასვლელად ან ლიფტით უნდა ისარგებლოთ, ან 299 საფეხური აიაროთ. იქიდან პრაღის საუცხოო ხედი იშლება. კოშკზე ასვლა ფასიანია და 150 კრონა ღირს.



სხვათა შორის, ითვლება, რომ პეტრშინის კოშკზე ერთ-ერთი საუკეთესო გადმოსახედი მოედანია, საიდანაც წმინდა ვიტას ტაძარი სრულად მოჩანს.



პეტრშინის ბორცვზე ასვლა შეგიძლიათ ფუნიკულიორით.



ფუნიკულიორი ყოველ 10-15 წუთში ერთხელ გადის. მასში 30 დასაჯდომი და 70 დასადგომი ადგილია. ფუნიკულიორი საზოგადოებრივი ტრანსპორტია და მგზავრობისას შეგიძლიათ ჩვეულებრივი ბილეთი გამოიყენოთ. ბილეთების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ პრაღის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.


პეტრშინის ბორცვზე მდებარეობს შტეფანიკის სახელობის ობსერვატორია. შტეფანიკმა უდიდესი წვლილი შეიტანა ჩეხეთში ასტრონომიის განვითარებაში.



ობსერვატორია 1928 წელს დაფუძნდა. მის შესასვლელთან მზის საათია განთავსებული.



ვფიქრობ, აუცილებლად დაგაინტერესებთ სარკეების ლაბირინთი, სადაც შეგიძლიათ იხილოთ შვედებთან კარლოვის ხიდზე ბრძოლის პანორამა.



მერწმუნეთ, იქ მოწყობილი ატრაქციონით კარგად იხალისებთ.


აღნიშვნის ღირსია წმინდა ლავრენტის (ვავრჟინცის) სახელობის ეკლესია. ის ბაროკოს სტილშია შესრულებული.



უყურადღებოდ ვერც უფლის საფლავის სამლოცველოს დავტოვებთ. მასში აკლდამაა მწოლიარე იესო ქრისტეს ქანდაკებით, თუმცა ტურისტებს შიგნით არ უშვებენ.



ახლა ჯვრის გზაც ვახსენოთ. ის გვიჩვენებს გზას, რომელიც იესომ გაიარა გოლგოთამდე. გზად 14 სამლოცველოა. მომლოცველები თითოეულ მათგანთან ჩერდებიან, ლოცულობენ და ქრისტეს ტანჯვაზე ფიქრობენ.



ჯვრის გზის ბოლოს პუნქტი გოლგოთას სამლოცველოა:



რადგან სამლოცველოებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, მოდი, პეტრშინის ბორცვზე მდებარე რამდენიმე ეკლესიასაც შევეხოთ.


სტრაგოვსკის მონასტერი XII საუკუნისაა. ამჟამად იქ განთავსებულია ცნობილი სამხატვრო გალერეა და ბიბლიოთეკა, სადაც 200 ათასზე მეტი წიგნი ინახება.



წმინდა მიხეილ მთავარანგელოზის ტაძარი ხისგანაა დამზადებული და აქ იმიერკარპატეთიდან ჩამოიტანეს. ის მოქმედი ეკლესიაა.



პეტრშინის ბორცვზე 2002 წლიდან არსებობს კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალი. მემორიალზე მითითებულია იმ წლებში დაღუპულთა და დაზარალებულთა რაოდენობა.



პეტრშინის ბორცვი იმითაც გამოირჩევა, რომ იქ ბევრი ბაღია. ჩამოგითვლით რამდენიმე მათგანს.


ვბრტოვსკის ბაღი:



ვარდების ბაღი:



ნებოზიზეკის ბაღი, სადაც ჩეხი პოეტის - კარლ მახის ქანდაკება დგას. ეს შეყვარებულთა ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.



პეტრშინის ბორცვზე ასასვლელად ისარგებლეთ ფუნიკულიორით. ჩასაჯდომ სადგურამდე Újezd მიხვალთ ტრამვაით №9, 12, 15, 20, 22, 97, 98, 99. შეგიძლიათ მიხვიდეთ პეტრშინის ბორცვის მეორე მხარეს ავტობუსით №143, 149, გაჩერებამდე Koleje Strahov, იქიდან კი ფეხით ახვიდეთ.













© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!