უფასო ონლაინ-მეგზური პრაღაში


 პრაღის საზოგადოებრივი ტრანსპორტი

პრაღის საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტი შედგება მეტროს, ავტობუსებისა და ტრამვაის განვითარებული ქსელებისგან, ფუნიკულიორისგან პეტრშინის ბორცვზე, საბორნე გადასასვლელებისგან, მომცრო საბაგირო გზისგან და ტროლეიბუსის ერთადერთი ხაზისგან. მოედნებთან და უმთავრესი ღირსშესანიშნაობების გვერდით ტურისტებს ცხენებშებმული ეტლები ელოდება. პრაღაში მგზავრთა გადაყვანას რამდენიმე სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს. მათ შორის მთავარი არის სატრანსპორტო კომპანია DPP. თითქმის ყველა საქალაქო და საგარეუბნო ავტობუსს, მეტროპოლიტენის ხაზებს, საწყალოსნო საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ფუნიკულიორს მართავს კომპანია PID. მოგაწვდით ინფორმაციას მგზავრობის ღირებულების, ბილეთების, აბონემენტებისა და ფულის დაზოგვის შესახებ.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





სტატიის შინაარსი


1. სატარიფო ზონები

2. ბილეთები და სამგზავრო ბარათები

3. ტურისტული ბარათები

4. პრაღის მეტროპოლიტენი

5. ტრამვაი პრაღაში

6. ავტობუსი პრაღაში

7. ტროლეიბუსი პრაღაში

8. ფუნიკულიორი პრაღაში

9. საბაგირო პრაღაში

10. გემები და ბორნები პრაღაში



1. სატარიფო ზონები


მთელი ტერიტორია, რომელსაც ემსახურება პრაღის ინტეგრირებული ტრანსპორტის (PID) ხაზები, დაყოფილია ზონებად. მგზავრობის საფასურს ზონალობა განსაზღვრავს. პრაღა მდებარეობს P, O და B სატრანსპორტო ზონებში. საგარეუბნო ზონებს აქვე ნუმერაცია 1-დან 9-მდე.


თუ მხოლოდ პრაღის ფარგლებში, ანუ P, O და B ზონებში მოგზაურობთ, ბილეთებს ფიქსირებული ფასით შეიძენთ. გადახდის სატარიფო ზონალობა აქტუალური მხოლოდ მაშინ ხდება, თუ პრაღასა და გარეუბნებს შორის გადაადგილდებით. გარეუბანში სამგზავრო ბილეთი შეზღუდულია დროისა და ზონების რაოდენობის მიხედვით. ეს ერთდაერთი შეზღუდვაა. საგარეუბნო ზონალური ბილეთი შეგიძლიათ სხვა პირსაც გადასცეთ. ყველა ზონა განლაგებულია შემდეგი თანმიმდევრობით (პრაღის ცენტრიდან გარეუბნებში): P,O,B,1,2,3,4,5,6,7,8,9. თუ, მაგალითად, პრაღიდან მე-7 ზონაში მიემგზავრებით, უნდა შეიძინოთ ბილეთი 11 ზონაზე (7,6,5,4,3,2,1,B,O და P, რომელიც იანგარიშება, როგორც ორი ცალკეული ზონა. ზონების მიხედვით ბილეთის ფასის დასაანგარიშებლად იხილეთ კომპანია PID-ის ოფიციალური საიტი pid.cz


2. ბილეთები და სამგზავრო ბარათები


პრაღის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასური წინასწარ უნდა გადაიხადოთ. ბილეთი ძალაშია მეტროს, ტრამვაის, ავტობუსის, ელექტრომატარებლის ყველა ხაზზე ქალაქის ფარგლებში, ფუნიკულიორზე და ბორნებზე. არ მოქმედებს Airport Express (AE)-ის ხაზებზე. 6 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა, 6-15 წლის ბავშვებისთვის შეიძენთ საბავშვო ბილეთს (უნდა იქონიოთ ასაკის დამადასტურებელი დოკუმენტი). 60-70 წლის ევროკავშირის მოქალაქებისთვის მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება (გარდა მატარებლებისა და Airport Express (AE) ხაზისა). 70 წელს გადაცილებული ევროკავშირის მოქალაქებისთვის მგზავრობა უფასოა.


ბილეთების ღირებულებაა:

- 30-წუთიანი - მოზრდილებისთვის 30 კრონა, ბავშვებისთვის 15 კრონა;

- 90-წუთიანი - მოზრდილებისთვის 40 კრონა, ბავშვებისთვის 20 კრონა (მძღოლთან - 40/20);

- 24-საათიანი - მოზრდილებისთვის 120 კრონა, ბავშვებისთვის 60 კრონა;

- 72-საათიანი - 330 კრონა.



ბილეთი აუცილებლად მგზავრობის დაწყების წინ უნდა დააკომპოსტიროთ. ავტობუსსა და ტრამვაიში კომპოსტერები შიგნითაა, შესასვლელ კართან ახლოს, მეტროში კი ესკალატორის წინ. მოწყობილობა ყვითელი ფერისაა. ის ბილეთზე ტოვებს თარიღსა და დროს, საიდანაც დაიწყება მოქმედების ვადის ათვლა.


ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ საგაზეთო ჯიხურებში, ბილეთების ავტომატებში (ისინი მხოლოდ მონეტებს იღებენ), საინფორმაციო ცენტრებში, გაყიდვის სპეციალურ ცენტრებში, ჩეხეთის რკინიგზის ხაზების ოფისებში.


ბარგის გადატანა 20 კრონა ჯდება.


მეტროში ტურნიკეტები არ არის. კონტროლს ახორცილებენ კომპანიის კონტროლიორები სადგურებში და მატარებლებში. მათ უნდა წარმოგიდგინონ მოყვითალო-მოწითალო ჟეტონი და სამსახურეობრივი მოწმობა.


უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 1500 კრონაა, ბარგის უბილეთოდ გადატანისთვის - 400 კრონა (თუ ადგილზევე გადაიხდით და არა მოგვიანებით კომპანიის ოფისში, შესაბამისად - 1000 და 200 კრონა).


დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე გაეცანით PID-ის ოფიციალურ საიტზე pid.cz.


3. ტურისტული ბარათები


როგორც ტურიზმით გამორჩეულ ბევრ დედაქალაქში პრაღაშიც შეგიძლიათ შეიძინოთ რამდენიმე სახის ტურისტული ბარათი, რაც შესაძლებლობას მოგცემთ ეკონომიაც გააკეთოთ და ბევრი ღირსშესანიშნაობა ურიგოდ და შესვლისთვის ფასის გადაუხდელად იხილოთ. თუმცა ვინ იხეირებს და ვინ არა, პირდაპირაა დამოკიდებული არჩეული ღირსშესანიშნაობების რაოდენობასა და სხვა ფაქტორებზე.


Prague City Pass - უფლებას გაძლევთ ეწვიოთ დედაქალაქის 15-ზე მეტ მთავარ ღირსშესანიშნაობას, გაისეირნოთ გემით მდინარეზე და ავტობუსით ქალაქის ისტორიულ ცენტრში. ბარათი ძალაშია შეძენიდან 30 დღის განმავლობაში.


ბარათის ღირებულებაა:

- მოზრდილებისთვის - 1390 კრონა;

- ბავშვებისთვის - 990 კრონა.


ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალი და ყველა სხვა დეტალი იხილოთ ოფიციალურ საიტზე: www.praguecitypass.com.en.


Prague Card - უფლებას გაძლევთ ეწვიოთ დედაქალაქის 60-ზე მეტ მნიშვნელოვან ადგილს, გაისეირნოთ გემით მდინარეზე და ავტობუსით ქალაქის ისტორიულ ცენტრში, მიიღოთ 50%-მდე ფასდაკლება გართობისას და სხვ.


ბარათის ღირებულებაა:

- 2-დღიანი: მოზრდილებისთვის - 1840 კრონა/76 ევრო, ბავშვებისთვის - 1320 კრონა/55 ევრო;

- 3-დღიანი: მოზრდილებისთვის - 2100 კრონა/87 ევრო, ბავშვებისთვის - 1500 კრონა/62 ევრო;

- 4-დღიანი: მოზრდილებისთვის - 2280 კრონა/94 ევრო, ბავშვებისთვის - 1660 კრონა/69 ევრო.


ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალი და ყველა სხვა დეტალი იხილოთ ოფიციალურ საიტზე: www.praguecard.com.


Prague CoolPass/Card - შეგიძლიათ იყიდოთ ბარათი ან ჩატვირთოთ მობილურ ტელეფონში. უფლებას გაძლევთ ეწვიოთ დედაქალაქის 100-ზე მეტ მნიშვნელოვან ადგილს.


ბარათის ღირებულებაა:

- 1-დღიანი: მოზრდილებისთვის (16+) - 50 ევრო, 6-16 წლის ბავშვებისთვის და 16-26 წლის სტუდენტებისთვის - 35 ევრო;

- 2-დღიანი: მოზრდილებისთვის - 76 ევრო, 6-16 წლის ბავშვებისთვის და 16-26 წლის სტუდენტებისთვის - 55 ევრო;

- 3-დღიანი: მოზრდილებისთვის - 87 ევრო, 6-16 წლის ბავშვებისთვის და 16-26 წლის სტუდენტებისთვის - 62 ევრო.


ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალი და ყველა სხვა დეტალი იხილოთ ოფიციალურ საიტზე: https://praguecoolpass.com/.


4. პრაღის მეტროპოლიტენი


პრაღის მეტრო მარტივი და ხელსაყრელი ხერხია ტურისტებისთვის ქალაქში გადასაადგილებლად. პრაღაში მეტროში 61 სადგური და სამი ხაზია: A მწვანე ხაზი აერთებს სადგურებს Depo Hostivař და Nemocnice Motol, B ყვითელი ხაზი აერთებს სადგურებს Černý Most და Zličín, C წითელი ხაზი აერთებს სადგურებს Háje და Letňany. დეტალურად პრაღის მეტროპოლიტენის შესახებ.



5. ტრამვაი პრაღაში


პრაღაში ტრამვაის ძალზე განვითარებული ქსელია. პირველმა ცხენშებმულმა ტრამვაიმ აქ 1875 წელს გაიარა, ელექტრულმა კი - 1891 წელს.


ტრამვაის მუშაობის საათებია 05.00-24.00, თუმცა ღამის დარჩენილ შუალედში №91-99 მოძრაობს.


პრაღაში ორი ისტორიული ტრამვაი დადის: №41 და №23. №41 დაახლოებით 100 წლისაა. ის მარშრუტს 30 წუთს ანდომებს და ამ ხნის განმავლობაში ფანჯრიდან პრაღის ბევრ ღირსშესანიშნაობას, სასახლესა და არქიტექტურულ ძეგლს დაინახავთ. მუშაობს შაბათ-კვირასა და დღესასწაულებზე. ბილეთს უშუალოდ ვაგონში შეიძენთ (მოზრდილისთვის - 100 კრონა, 15 წლამდე ბავშვებისთვის - 60 კრონა). №23 შედარებით ახალია - 60 წლისაა. ის სხვა ტრამვაების მსგავსად მუშაობს და ბილეთიც ჩვეულებრივი უნდა შეიძინოთ.



6. ავტობუსი პრაღაში


პრაღაში ავტობუსების ქსელი ძალზე განვითარებულია და მგზავრებს გადაადგილება დღისითაც შეუძლიათ და ღამითაც.


დღის საქალაქო ავტობუსები მუშაობას იწყებენ დაახლოებით 04:45-ზე და ამთავრებენ 00:15-ზე. პიკის საათებში მოძრაობის ინტერვალი 6-15 წუთია, სხვა დროს - 10-30 წუთი. ასეთი ავტობუსების ნომრებია 100-299. ასვლა ნებისმიერი კარიდან შეგიძლიათ.



დღის საგარეუბნო ავტობუსების ნომრებია 301-499. ისინი პრაღას ცენტრალური ბოჰემიის სხვა დასახლებულ პუნქტებთან აკავშირებენ. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ავტობუსებით მგზავრობისთვის ბილეთები ზონალობის გათვალისწინებით უნდა შეიძინოთ, რაზეც ზემოთ ვწერდით. ჩასხდომა მხოლოდ წინა კარიდან ხორციელდება.


ღამის საქალაქო ავტობუსები მუშაობენ შუაღამიდან 04:45-მდე და მათი ნომრებია 901-915


ღამის საგარეუბნო ავტობუსების ნომრებია 951-960.


პრაღის ტურისტული ავტობუსები - პრაღაში ძალზე განვითარებულია ექსკურსია ავტობუსით. მას მრავალი კომპანია ახორციელებს. მათ შორის ერთ-ერთი უდიდესია კომპანია Citysightseeing - წითელი ორსართულიანი ავტობუსები, რომლებიც შორიდანვე ჩანს.



საექსკურსიო მარშრუტები მრავალფეროვანია და ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებს მოიცავს. ასეთი ტურები იმითაა მოსახერხებელი, რომ hop on/hop off სისტემის თანახმად, შეგიძლიათ გაჩერებაზე ჩამოხვიდეთ, ღირსშესანიშნაობა დაათვალიეროთ, შემდეგ კი ამ მარშრუტის მომდევნო ავტობუსში ახვიდეთ.


3-15 წლის ბავშვებისთვის საბავშვო ბილეთი უნდა შეიძინოთ. 3 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა.


თუ ბილეთს საიტზე იყიდით, ფასი შემდეგია:

- 24-საათიანი ბილეთი მოზრდილებისთვის (12+) - 650 კრონა, სტუდენტებისთვის - 600 კრონა, 4-12 წლის ბავშვებისთვის - 550 კრონა, ოჯახისთვის (2 მოზრდილი + 2 ბავშვი) - 2160 კრონა;

- 48-საათიანი ბილეთი მოზრდილებისთვის - 800 კრონა, სტუდენტებისთვის - 750 კრონა, 4-12 წლის ბავშვებისთვის - 700 კრონა, ოჯახისთვის (2 მოზრდილი + 2 ბავშვი) - 2300 კრონა;

- თუ ბილეთს მძღოლთან შეიძენთ, 35-70 კრონით მეტის გადახდა მოგიწევთ.


ბილეთების ყიდვა, მარშრუტებისა და სხვა დეტალების ნახვა შეგიძლიათ ოფიციალურ საიტზე: sightseeingprague.com/en.


7. ტროლეიბუსი პრაღაში


ჩეხეთის დედაქალაქის ტროლეიბუსების ქსელს არცთუ კარგი დრო უდგას. დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი, №58 მარშრუტი მოქმედებდა, მაგრამ 2020 წლის მარტში მანაც შეწყვიტა მოძრაობა. 2022 წელს მოხდა ტროლეიბუსების ქსელის განახლება, რამდენიმე წელიწადში იგეგმება მისი თანდათან გაფართოება და ავტობუსების მარშრუტების ჩანაცვლება. პირველ ყოვლისა, ამუშავდება მარშრუტი №119 (Nádraží Veleslavín – Letiště Václava Havla), რომელიც ქალაქს აეროპორტთან დააკავშირებს, აგრეთვე, მარშრუტი №140 (Palmovka – Miškovice).


8. ფუნიკულიორი პრაღაში


პრაღის ფუნიკულიორს მსურველები პეტრშინის ბორცვზე აჰყავს. მარშრუტის სიგრძე 510 მეტრია. ფუნიკულიორს ერთი მიმართულებით საათში 1400 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ფუნიკულიორი ორი კაბინისგან შედგება. სულ სამი გაჩერებაა: Újezd — Nebozízek — Petřín. ქვედა სადგურამდე - Újezd - შეგიძლიათ მიხვიდეთ ტრამვაით №9, 12, 15, 20, 22, 23. მოქმედებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩვეულებრივი ბილეთი.



ნოემბრიდან მარტამდე ფუნიკულიორი მუშაობს ყოველდღე 09:00-დან 23:20-მდე 15-წუთიანი ინტერვალით, აპრილ-სექტემბერში კი 09:00-დან 23:30-მდე 10-წუთიანი ინტერვალით. მარტსა და ოქტომბერში ტექნიკური სამუშაოები სრულდება.


9. საბაგირო პრაღაში


გასული საუკუნის შუა წლებიდან ჩეხეთის დედაქალაქში ფუნქციონირებს საბაგირო გზა, რომელიც პრაღის ზოოპარკში მდებარეობს. მისი სიგრძე სულ რაღაც 105,9 მეტრია.



ერთ მხარეს მგზავრობის ღირებულება 6 წელზე მეტი ასაკის მგზავრებისთვის 25 კრონაა. 6 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა, თუ ის უფროს ადამიანს ეყოლება ხელში აყვანილი. საბაგირო გზის საწყის და საბოლოო სადგურებზე განთავსებულია ბილეთების აპარატები, რომლებიც მხოლოდ მონეტებს იღებენ და ხურდას არ აბრუნებენ. თუ საჭირო მონეტები არა გაქვთ, ბანკნოტების გადასახურდავებლად შეგიძლიათ მიმართოთ საბაგირო გზის თანამშრომელს. სხვა ბილეთები აქ არ მოქმედებს.


2020 წლიდან პრაღის საბაგირო გზა მუშაობს მხოლოდ მარტის მეორე ნახევრიდან და ისიც მხოლოდ კარგ ამინდში.


10. გემები და ბორნები პრაღაში


მდინარე ვლტავაზე გემით ერთსაათიანი გასეირნება მოზრდილებისთვის 290 კრონა ღირს, ბავშვებისთვის - 180 კრონა, ოჯახისთვის (2+2) - 750 კრონა.



სხვა მარშრუტები და დეტალები იხილეთ საიტზე praguesteamboats.com. იქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთი ონლაინრეჟიმში 10%-იანი ფასდაკლებით.


რაც შეეხება ბორნებს, ისინი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობაა და მათზე ჩვეულებრივი ბილეთები მოქმედებს. სულ შვიდი მარშრუტია.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!