პრაღის მეტროპოლიტენი შედარებით ახალგაზრდა ნაგებობაა - მისი პირველი სადგური მხოლოდ 1974 წელს გაიხსნა, მაგრამ ამჟამად მგზავრთა გამტარუნარიანობის მიხედვით ის ევროპაში მეშვიდე ადგილზეა, ჩეხეთის დედაქალაქში კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი უმთავრესი სახეობაა. მეტროპოლიტენის საერთო სიგრძე 65 კილომეტრია, სადგურების რაოდენობა კი 61. ეს სადგურები სამ ხაზზეა განთავსებული: A (Nemocnice Motol — Depo Hostivař) - მწვანე, B (Zličín — Černý Most) - ყვითელი და C (Háje – Letňany) - წითელი. უახლოეს პერიოდში იგეგმება D და E ხაზების მშენებლობა. სამივე ხაზი ქალაქის ცენტრში იკვეთება და ერთგვარ სამკუთხედს ქმნის.
პრაღის მეტროს სადგურებში მრავლადაა საინფორმაციო აბრები, ასე რომ, ძალიან უნდა მოინდომოთ, რომ გზას ვერ გააგნოთ.
პრაღის მეტროს სადგურებში ტურნიკეტები არაა. მგზავრობისთვის აუცილებლად უნდა შეიძინოთ ბილეთი და ესკალატორზე შედგომამდე დააკომპოსტიროთ. დიდი გაბარიტების ბარგის გადატანა 16 კრონა დაგიჯდებათ.
ცხადია, შეგიძლიათ უბილეთოდ მგზავრობაც სცადოთ, მაგრამ ამას არ გირჩევთ: ვაგონებსა და სადგურის შენობის სხვადასხვა ადგილას თქვენ წინაშე შესაძლოა კონტროლიორი გაჩნდეს, რომელიც ჩვეულებრივი მგზავრისგან არაფრით განსხვავდება, ვინაიდან სპეციალური ფორმა არ აცვია. ის ჟეტონსა და პირადობის დამადასტურებელ მოწმობას წარმოგიდგენთ და ბილეთს მოგთხოვთ. თუ დაუკომპოსტირებელი ან ვადაგასული ბილეთი გაქვთ, ვერაფერი გიშველით და ჯარიმის გადახდა მოგიწევთ (1500 კრონა). შეზღუდული პასუხიმგებლობის მქონე ადამიანებისთვის მეტროს ბევრ სადგურში სპეციალური ლიფტია.
6 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა, 6-15 წლის ბავშვებისთვის შეიძენთ საბავშვო ბილეთს (უნდა იქონიოთ ასაკის დამადასტურებელი დოკუმენტი).
ბილეთების ღირებულებაა:
- 30-წუთიანი - მოზრდილებისთვის 24 კრონა, ბავშვებისთვის 12 კრონა;
- 90-წუთიანი - მოზრდილებისთვის 32 კრონა, ბავშვებისთვის 16 კრონა (მძღოლთან - 40/20);
- 24-საათიანი - მოზრდილებისთვის 110 კრონა, ბავშვებისთვის 55 კრონა;
- 72-საათიანი - 310 კრონა.
არსებობს რისკი, რომ მგზავრობის დრო ვერ გათვალოთ და დაჯარიმდეთ. თუ შედარებით შორს აპირებთ გადაადგილებას, შესაძლოა 30 წუთი არ გეყოთ, ამიტომ ეკონომიას ნუ გააკეთებთ და 90-წუთიანი ბილეთი შეიძინეთ.
პრაღის მეტროს მუშაობის საათები 05:00-00:00, პარასკევს, შაბათს, კვირას და დღესასწაულებზე - 05:00-01:00.
ბილეთების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ პრაღის საზოგადოებრივი ტრანსპორტი).
ახლა შემოგთავაზებთ პრაღის მეტროს რუკას ქალაქის უმთავრეს ღირსშესანიშნაობებთან ერთად:
მოგაწვდით, აგრეთვე, იმ ჩეხური სიტყვების მნიშვნელობას, რომლებიც შესაძლოა წაიკითხოთ ან მოისმინოთ მეტროპოლიტენით მგზავრობისას:
- metro - მეტროპოლიტენი;
- linka - მეტროს ხაზი;
- stanice metra - მეტროს სადგური;
- přestupní stanice - გადასაჯდომი სადგური;
- přestup- გადასასვლელი/გადასვლა;
- Přestup na linku... - გადასვლა... ხაზზე;
- vstup - შესასვლელი;
- výstup - გასასვლელი;
- Ukončete prosím výstup a nástup, dveře se zavírají - გთხოვთ, დაასრულოთ გადმოსვლა და ჩასხდომა, კარი იკეტება;
- Příští stanice - შემდეგი სადგური;
- pozor - ყურადღება.
დეტალური ინფორმაცია პრაღის მეტროპოლიტენის შესახებ იხილეთ ოფიციალურ საიტზე: www.pid.cz.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია