უფასო ონლაინ-მეგზური რომში


რომის ფორუმი - ძველი ცივილიზაციის ცენტრი

რომის ფორუმი ოდესღაც რომისა და რომის იმპერიის ცხოვრების ცენტრი იყო, მოგვიანებით - ქალაქის მივარდნილი და გავერანებული ადგილი, დღეს კი მას უამრავი ტურისტი თუ არქეოლოგი სტუმრობს. მაგრამ მხოლოდ ძველ ნანგრევებში სიარული უინტერესოა. ეს საინტერესო მაშინ ხდება, როცა იცი ისტორია და ხვდები, როგორ უკავშირდება ის წარსულის მოვლენებსა და კონკრეტულ პიროვნებებს. მაშინ წარმოსახვაც უფრო აქტიურად მუშაობს და ყველაფერს სხვა თვალით უყურებ. დავაზუსტებ, რომ ფორუმი არის ქალაქის ცენტრალური მოედანი მასზე განთავსებული რამდენიმე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობით, სადაც დუღდა ქალაქის ცხოვრება, აგრეთვე, ქუჩის ცხოვრება ღია ცის ქვეშ, ხდებოდა გარიგებები, მოლაპარაკებები და ა.შ. აქ გაისმოდა სახელოვანი რომაელი ორატორების, პოლიტიკოსებისა და მხედართმთავრების სიტყვები, აქ იმართებოდა სახალხო თავყრილობები და ზეიმები.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ფორუმის ისტორია სათავეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნიდან იღებს. უწინ ეს იყო დაჭაობებული ადგილი სამ ბორცვს - პალატინს, კაპიტოლიუმსა და ესკვილინს - შორის, რომელიც ლუციუს ტარკვინიუსის მმართველობის დროს დააშრეს. ფორუმის მშენებლობის მიზეზი რომაელებსა და საბინებს შორის ვაჭრობა გახდა. საქმე ის არის, რომ რომაელები საბინების ტომის ქალებს იტაცებდნენ და ან მძევლად იტოვებდნენ, ან ცოლად მოჰყავდათ. ბოლოს, ამ ორმა ხალხმა შერიგება და საერთო ბაზრის აშენება გადაწყვიტა. მოგვიანებით ფორუმზე საზოგადოებრივი შეკრებები - კომიციები - იმართებოდა. ფორუმზე მდებარეობდა სავაჭრო დახლები, სახელოსნოები, ორატორთა ტრიბუნები, რელიგიური დღესასწაულების, კანცელარიასა და მაგისტრატებში ასარჩევი და სენატის სხდომის გასამართი, საჯარო ცერემონიების მოსაწყობი ადგილები. პუნიკური ომების შემდეგ (264-146 წლები ჩვენს წელთაღრიცხვამდე) აქ აქტიური მშენებლობა გაჩაღდა. აი, დაახლოებით როგორ გამოიყურებოდა ერთ დროს ფორუმი:



რომის ფორუმზე დამღუპველად იმოქმედა ბარბაროსების შემოსევებმა: 410 წელს ეს გოთები იყვნენ, 455 წელს კი - ვანდალები. იმპერიის დაცემასთან ერთად ფორუმის აქტიურობაც გაქრა და ის გიგანტურ ქვის სამტეხლოდ გადაიქცა. თანდათან მისი ნაწილი მიწამ და ბალახმა დაფარა. აღორძინების ხანის წინ აქაურობას Campo Vaccino-ს სახელით მოიხსენიებდნენ, რაც "ძროხების მინდორს" ნიშნავდა. მხოლოდ XIX-XX საუკუნეებში დაიწყეს არქეოლოგებმა, არქიტექტორებმა და რესტავრატორებმა ძველი, რესპუბლიკური და საიმპერატორო რომის ამ გრანდიოზული ანსამბლის აღდგენა მომავალი თაობებისთვის.


თავდაპირველად მშენებლობისთვის რომაელები ხესა და აგურს იყენებდნენ და ნაგებობებში ხშირად ჩნდებოდა ხანძარი, ამიტომ შემდეგ უფრო მტკიცე და საიმედო მასალაზე გადავიდნენ - ქვასა და მარმარილოზე.


რომის ფორუმზე ყველაზე უკეთ ანტიკურმა თაღებმა გაძლო. ტიტუსის ტრიუმფალური თაღი ძველ "წმინდა გზაზე", ფორუმის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ("წმინდა გზა" ფორუმის სიღრმეში იყო გაყვანილი. მასზე რომის მმართველების ტრიუმფალური მსვლელობა ხდებოდა. პროცესიას წარჩინებული მოქალაქეები და პოლიტიკოსები მოუძღოდნენ, მათ უკან მოპოვებული ალაფი მოჰქონდათ. მსვლელობის უმთავრესი ელემენტი იყო საბრძოლო ეტლი, რომელზეც თვითონ მმართველი იჯდა. მას საზეიმო, მეწამული სამოსი ეცვა, დაფნის გვირგვინი ამშვენებდა და ხელში სკიპტრა ეჭირა. ეტლს მეომრები მოსდევდნენ. სულ ბოლოს ტყვეები მოჰყავდათ.)



ეს თაღი ჩვენი წელთაღრიცხვით 82 წელს ააგო იმპერატორმა დომიციანემ იმპერატორ ტიტუსის დროს იერუსალიმი ალყის ტრიუმფალურად დაგვირგვინების აღსანიშნავად. მისი სიმაღლეა 15,4 მეტრი, სიგანე - 13,5 მეტრი, მალის სიღრმე - 4,7 მეტრი, მალის სიგანე 5,3 მეტრი.


სეპტიმიუს სევერუსის ტრიუმფალური თაღი - სამმალიანი თაღი ფორუმის ჩრდილოეთ ნაწილში:



თაღი აგებულია 205 წელს. მდებარეობს "წმინდა გზაზე" კურიასა და როსტრას შორის (როსტრა - ტრიბუნა რომის ფორუმში, რომელსაც მტრისთვის წართმეული ხომალდების ცხვირები ამშვენებდა). ის მიუძღვნეს იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსისა და მისი ვაჟიშვილების ტრიუმფალურ გამარჯვებას პართიაზე. მისი სიმაღლეა 20,9 მეტრი, სიგანე - 23,3 მეტრი, სიღრმე - 11,2 მეტრი, მალის სიგანე - 5,3 მეტრი. თაღზე გამოსახულია სხვადასხვა ბრძოლების ეპიზოდები, რომაელი ჯარისკაცები და პართიელი ტყვეები, აგრეთვე გაკეთებულია წარწერა იმპერატორის სადიდებლად.


რომის ფორუმის ტაძრები მხოლოდ ნაწილობრივ შემორჩა, მაგრამ მათი ნაშთიდან და ნანგრევებიდანაც კი ჩანს მათი ოდინდელი დიდებულება. ვენერა-კლოაკინას ტაძარი (ვენერა განმწმენდელი) ძველ რომში ქალღმერთ ვენერას თაყვანისცემის ადგილი იყო. ამჟამად მისგან მხოლოდ ფუნდამენტის ნაწილია შემორჩენილი:



აქ ხდებოდა რომაელებისა და საბინების განწმენდა ამ უკანასკნელთა გატაცების შემდეგ.


ქალაქის ჭიპი - რესპუბლიკის პერიოდის ეკლესიის ნანგრევები, რომლისგანაც მხოლოდ ფუნდამენტი დარჩა:



რომაელები მიიჩნევდნენ, რომ ამ ქვის ნაგებობაში, რომელიც გადახურულ ჭას ჰგავდა, იმალებოდა გასასვლელი მიწისქვეშა სამყაროში. აქ იმართებოდა ღმერთების თაყვანისცემისა და მსხვერპლშეწირვის რიტუალები.


ვესტას ტაძარი - ოჯახის კერიის ღმერთის, ვესტას, პატივსაცემად აგებული ანტიკური ტაძრის ნანგრევები:



მდებარეობს კეისრის ტაძრის გვერდით, "წმინდა გზის" სამხრეთით. პირველად მოხსენიებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII საუკუნეში. ტაძარში მუდმივად ენთო "წმინდა ცეცხლი". კვამლი ჭერში გაკეთებული ხვრელიდან გადიოდა. ამის გამო ხშირად ჩნდებოდა ხანძარი. 394 წელს ერთიანი რომის ბოლო იმპერატორის, თეოდოსიუს დიდის ბრძანებით ტაძარი დახურეს (იმპერატორი ქრისტიანული ოჯახიდან იყო და წარმართობას ებრძოდა).


ანტონინუსისა და ფაუსტინას ტაძარი:



ეს ტაძარი 141 წელს ააგეს იმპერატორ ანტონინუსის ბრძანებით მისი გარდაცვლილი მეუღლის, ფაუსტინას, პატივსაცემად, იმპერატორის სიკვდილის შემდეგ კი მის სახელსაც დაუკავშირეს. ტაძარზე წარწერაა: "ღვთაებრივ ანტონინუსს და ღვთაებრივ ფაუსტინას სენატის გადაწყვეტილებით". XI საუკუნეში ის გადაკეთდა ქრისტიანულ ტაძრად, სახელწოდებით "სან-ლორენცო ინ მირანდა", რის გამოც ტაძარი ყველაზე უკეთ შემოინახა რომის ფორუმზე.


ვენერასა და რომას ტაძარი - ძველი რომის უდიდესი წმინდა ნაგებობა:



ტაძარი 135 წელს იმპერატორ ადრიანეს დროს ააგეს. შენობის ზომები იყო 145 მეტრი 100 მეტრზე. ჩვენამდე მხოლოდ მისმა რამდენიმე ელემენტმა მოაღწია. უწინ ის, სავარაუდოდ, ასე გამოიყურებოდა:



კეისრის ტაძარი (გაღმერთებული იულიუსის ტაძარი):



ამ ტაძრის მშენებლობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 42 წელს დაიწყეს ძველრომაელი პოლიტიკური მოღვაწისა და მხედართმთავრის, გაიუს იულიუს კეისრის, პატივსაცემად, მას შემდეგ, რაც სენატმა ის ღმერთს გაუტოლა, იმ ადგილას, სადაც მისი ცხედარი დაწვეს და სადაც მარკუს ანტონიუსმა სამგლოვიარო სიტყვა წარმოთქვა, თუმცა ტაძარი მხოლოდ 29 წელს აკურთხეს. ამჟამად მისგან მხოლოდ პოდიუმის ნაწილია შემორჩენილი.


სატურნის ტაძარი რომის ერთ-ერთი უძველესი ტაძარია:



ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე 489 წელს ააგეს სატურნის - მიწათმოქმედების ღმერთის პატივსაცემად. ყოველწლიურად, 17-23 დეკემბერს, მის სიახლოვეს სატურნალიუმს ზეიმობენ. დღესასწაული ღმერთ სატურნს ეძღვნება.


დიოსკურების ტაძარი:



ეს ტაძარი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 484 წელს ააგეს დიქტატორ აულუს პოსტუმიუსის შვილის ბრძანებით ლუციუს ტარკვინიუსზე გამარჯვების აღსანიშნავად და იუპიტერის შვილების, ტყუპი ძმების, კასტორისა და პოლუქსის პატივსაცემად, რომლებმაც ამ გამარჯვებაში ვითომდა დიდი წვლილი შეიტანეს და ეს ამბავი რომში მოიტანეს. ჩვენს დროში მისგან მხოლოდ სამი სვეტია შემორჩენილი, რომლებსაც "სამ დას" უწოდებენ. მათი სიმაღლე 15 მეტრია.


ვესპასიანეს ტაძარი:



ტაძრის მშენებლობა სენატის გადაწყვეტილებით დაიწყო 79 წელს იმპერატორ ვესპასიანეს გარდაცვალების შემდეგ ვესპასიანესა და მისი შვილის, ტიტუსის პატივსაცემად, და ტიტუსის უმცროსი ძმის, დომიციანეს დროს დასრულდა. 33 მეტრი სიგრძისა და 22 მეტრი სიგანის შენობაში პოდიუმზე ორი გაღმერთებული იმპერატორის ქანდაკება იდგა. უნდა ითქვას, რომ ვესპასიანე ჭკვიანი და გონიერი ადამიანი იყო. არც იუმორი აკლდა. სიკვდილის წინ მან თქვა: "ვაიმე, ცუდად შევიქენ, მგონი ღმერთად უნდა ვიქცე!" რასაც დაამატა: "იმპერატორი ფეხზე მდგომარე უნდა მოკვდეს!" და ასეც მოიქცა. სხვათა შორის, ვესპასიანე გახდა რომის პირველი იმპერატორი, რომელიც ტახტზე უშუალოდ მისმა ბიოლოგიურმა შვილმა ჩაანაცვლა, რამაც დასაბამი მისცა ფლავიუსების დინასტიას. ამჟამად ტაძრიდან მხოლოდ 15 მეტრი სიმაღლის სამი სვეტია დარჩენილი.


კონკორდიის ტაძარი:



ტაძარი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 367 წელს ააგეს თანხმობის ძველრომაული ქალღმერთის, კონკორდიას პატივსაცემად, როგორც უთანხმოების დასრულების სიმბოლო პატრიციებსა და პლებეებს შორის. ჩვენს დრომდე მხოლოდ შენობის ფუნდამენტის ნაწილმა მოაღწია.


მაქსენციუსისა და კონსტანტინეს ბაზილიკა ყველაზე დიდი ნაგებობაა, რომელიც კი რომის ფორუმში აშენებულა:



ის 308-312 წლებში ააგეს. აგურის შენობის ფუნდამენტის სიგრძე 100 მეტრი იყო, სიგანე - 65 მეტრი, ნავის სიმაღლე - 40 მეტრი. მასში თავდაპირველად იმპერატორ მაქსენციუსის დიდი ქანდაკება იდგა, რომელიც შემდეგ იმპერატორ კონსტანტინეს ქანდაკებით შეცვალეს. საინტერესოა, რომ 1960 წლის ოლიმპიური თამაშების დროს მის თაღებქვეშ ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა შეჯიბრება გაიმართა.


იულიუსის ბაზილიკა:



ეს 101 მეტრი სიგრძისა და 49 მეტრი სიგანის შენობა იულიუს კეისრის ბრძანებით ააგეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 54-44 წლებში. აქ იმართებოდა რომის სენატის სხდომები და მემკვიდრეობასა და საკუთრებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები. 283 წელს ის ძლიერმა ხანძარმა დააზიანა. რესტავრაცია დიოკლეტიანეს მმართველობისას ჩაუტარდა. ამჟამად შემორჩენილია ნანგრევები და 283 წლის ცენტრალური სვეტი.


ემილიას ბაზილიკა:



ეს სამნავიანი ბაზილიკა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 179 წელს ააგეს ცენზორების მარკუს ემილიუს ლეპიდუსისა და მარკუს ფლუვიუს ნობილიორის ბრძანებით მართკუთხა შენობის სიგრძე 100 მეტრს შეადგენდა. მას იყენებდნენ, როგორც ბაზარს, სასამართლოს სხდომებისა და სახალხო შეკრებების ადგილს. 410 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად ბაზილიკა განადგურდა და მხოლოდ მისი ნაწილის აღდგენა მოხერხდა.


იულიუსის კურია:



კურია ის ადგილი იყო, სადაც ძველი რომის სენატის სხდომები იმართებოდა. 283 წელს შენობა დაიწვა, თუმცა აღადგინეს. VII საუკუნეში, მრავალი რეკონსტრუქციის შემდეგ, ის ქრისტიანული ეკლესია გახდა. ამჟამად ეს ღირსშესანიშნაობა ორიგინალი შენობის ასლია, რომელიც მუსოლინის დროს (1932-1937 წწ.) შეიქმნა.


კომიციუმი და ორატორების ტრიბუნა:



კომიციუმი ღია ადგილია კურიის გვერდით. იქ რომაელების ყველა მნიშვნელოვანი შეკრება იმართებოდა. მოგვიანებით მასზე წმინდა ნაგებობების აშენება დაიწყეს, რამაც კომიციუმი დააპატარავა. როსტრი ტრიბუნები იყო კურიასთან, სადაც ორატორები სიტყვით გამოდიოდნენ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნიდან ტრიბუნებზე მტრისთვის წართმეული გემების ცხვირის ნაწილს დგამდნენ.


ტაბულარიუმი ის იშვიათი ადგილია რომის ფორუმში, რომელმაც ნაწილობრივ შეინარჩუნა ძველი იერსახე:



ტაბულარიუმი ჩვენს წელთაღრიცხვამდე I საუკუნეში ააშენეს. შედარებით კარგ მდგომარეობაში შემორჩა საძირკველი, პირველი სართული და შიგა დეკორატიული ელემენტები. ტაბულარიუმი რომაელებისთვის არქივს წარმოადგენდა, სადაც სხვადასხვა იურიდიული დოკუმენტები ინახებოდა.


შავი ქვა, იგივე "ლაპის ნიგერი":



შავი ქვა რომის ერთ-ერთი დამაარსებლის, რომულის, სამარხია. ქვაზე გაკეთებული ლათინური წარწერა, სავარაუდოდ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 570-550 წლებშია გაკეთებული. მონუმენტი შავი ქვის თავზე იულიუს კეისრის ბრძანებით აღმართეს. ლეგენდის თანახმად, წარწერა წყევლას უწინასწარმეტყველებს ყველას, ვინც გაბედავს და სამარხს შეეხება.


ფოკას სვეტი:



თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკზე დადგმული 13,6 მეტრი სიმაღლის ეს სვეტი 608 წელს ბიზანტიის იმპერატორ ფოკას მიუძღვნეს. ის ფორუმზე აღმართული ბოლო ძეგლია. მის თავზე ფოკას ქანდაკება იდგა, რომელიც 610 წელს ფლავიუს ჰერაკლე ავგუსტუსმა ჩამოაგდებინა მას შემდეგ, რაც ფოკა სიკვდილით დასაჯა და თვითონ გახდა იმპერატორი.


ვულკანალი:



ვულკანალი ძველ რომში ცეცხლის ღმერთ ვულკანუსის საკურთხეველია. ის ქალაქის ერთ-ერთი უძველესი წმინდა ნაგებობა იყო. გადმოცემის თანახმად, ვულკანალი რომულუსმა შექმნა, ხოლო საბინების ლეგენდარულმა მეფემ, ტიტუს ტატიუსმა - აღმართა.


აგრიპას საწყობები:



ეს არის ნანგრევები სასურსათო საწყობებისა, რომლებიც ძველი რომის გამოჩენილმა სახელმწიფო მოღვაწემ და მხედართმთავარმა მარკუს აგრიპამ ააგო ჩვენს წელთაღრიცხვამდე I საუკუნეში. მეოცე საუკუნეში გათხრების შედეგად ამ საცავების 2/3 აღმოაჩინეს.


რომის ფორუმის მისამართია: Largo Romolo e Remo - Via S.Gregorio.


მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროს B ხაზით - გაჩერება Colosseo;

- ავტობუსით №51,75,85,87,118 - გაჩერება Colosseo;

- ტრამვაით №3,8 - გაჩერება Parco Celio.


ისტორიულ კომპლექსს შეგიძლიათ ეწვიოთ ყოველდღე, გარდა ორშაბათისა, 08:30-17:00/19:00, წელიწადის დროის მიხედვით. დასვენების დღეებია 1-ლი იანვარი, 1-ლი, მაისი, 25 დეკემბერი.


ბილეთის ღირებულებაა:


- Forum Pass Super Ticket - 18 ევრო, მოქმედების ვადა 24 საათი. მასში შედის ფორუმის, საიმპერიო ფორუმების, პალატინის არქეოლოგიური ზონისა და დროებითი გამოფენების დათვალიერება;

- Colloseum-Forum-Palatine - 18 ევრო, მოქმედების ვადა 24 საათი. მასში შედის რომის ფორუმის, კოლოსეუმისა და პალატინის ბორცვის დათვალიერება;

- Full Experience Ticket - 24 ევრო, მოქმედების ვადა 48 საათი. მასში შედის ფორუმის, პალატინის ბორცვისა და კოლოსეუმის დათვალიერება (მიწისქვეშეთში ჩასვლითა და არენაზე გასვლით);

- 18 წლამდე - შესვლა უფასოა.


ბილეთის შეძენა შეგიძლიათ:


- რომის ფორუმის სალაროებში, პალატინის ბორცვის გვერდით, Via di San Gregorio, 30;

- სანტა მარია ნოვას მოედანზე - Piazza Santa Maria Nova, 53;

- ონლაინ რეჟიმში. ამ შემთხვევაში 2 ევროთი მეტს გადაიხდით, სამაგიეროდ, რიგში დგომა არ მოგიწევთ.


ონლაინ რეჟიმში ბილეთის შესაძენად, დეტალური ინფორმაციის მისაღებად და სიახლეების გასაგებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: www.coopculture.it/en.
















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!