რომის მეტროპოლიტენი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა. ის 1955 წელს გაიხსნა. მისი საერთო სიგრძე მხოლოდ 60 კილომეტრია. ამის მიზეზი, ძირითადად, ისაა, რომ მიწისქვეშა სამუშაოების დროს ხშირად აწყდებიან არქეოლოგიურ ძეგლებს. მეტროპოლიტენი 74 სადგურისა და სამი ხაზისგან შედგება: A - ნარინჯისფერი, B - ლურჯი, C - მწვანე. სქემაზე აგრეთვე შეხვდებით B ხაზის B1 განშტოებასა და პერსპექტივაში არსებულ მეოთხე, D ყვითელ ხაზს. რომის მეტროპოლიტენს მართავს სატრანსპორტო კომპანია ATAC, რომელიც ქალაქის საგარეუბნო ელექტრომატარებლებსაც აკონტროლებს. საქალაქო ელექტრომატარებლები სადგურ ტიბურტინიდან გადის. მათში ჩვეულებრივი ბილეთები გამოიყენება.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, რომის მეტროში სამი ხაზია. ესენია:
- ნარინჯისფერი ხაზი A: Battistini - Anagnina; პოპულარული გაჩერებებია: Cipro (ვატიკანის მუზეუმების გვერდით), Ottaviano (წმინდა პეტრეს ტაძარი), Spagna (ესპანური კიბე), Barberini (ტრევის შადრევანი);
- ლურჯი ხაზი B: Laurentina - Rebibbia; პოპულარული გაჩერებაა: Colosseo (კოლოსეუმი და რომის ფორუმი);
- მწვანე ხაზი C ყველაზე ახალია. ის ჯერ ბოლომდე არ მიუყვანიათ. მისი სადგურები, იმავდროულად, მუზეუმებიცაა. შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთი ექსკურსიით ან უექსკურსიოდ. აღსანიშნავია, რომ ამ ხაზზე მატარებლები მემანქანის გარეშე დადიან, ცნობილი ტექნოლოგიით Metro Ansaldobreda Automatic.
რომის მეტროპოლიტენი მუშაობს 05:30-დან 23:30-მდე, პარასკევსა და შაბათს კი - 01:30-მდე. მატარებლები 5-10 წუთის ინტერვალით დადიან. გაითვალისწინეთ, რომ რომის მეტროში ხშირადაა ხალხმრავლობა, ამიტომ ყურადღებით იყავით, რომ ვინმემ რამე არ მოგპაროთ.
შეგახსენებთ, რომ მეტროში შესვლამდე ბილეთი აუცილებლად უნდა დააკომპოსტიროთ. ვინაიდან რომის მეტროპოლიტენი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობაა, მგზავრობისას ჩვეულებრივი ბილეთები და ბარათები გამოიყენება. მათ შესახებ სრული ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ რომის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შეძენილი ბილეთი მგზავრობის ბოლომდე შეინახეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტროლიორი დაგაჯარიმებთ.
მეტროთი მგზავრობისას ყურადღება მიაქციეთ საინფორმაციო ტაბლოებსა და მაჩვენებლებს, რათა შემთხვევით სხვა მიმართულებით არ წახვიდეთ.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია