უფასო ონლაინ-მეგზური ბუდაპეშტში


 სად ვჭამოთ ბუდაპეშტში შედარებით იაფად

ბუდაპეშტში მრავალი ღირსშესანიშნაობაა, მაგრამ მათი დათვალიერება ვერ გაგაძღობთ. ბუნებრივია, ჭამაზეც მოგიწევთ ფიქრი. უნგრეთის დედაქალაქში უამრავი კაფე, რესტორანი და ლუდხანაა. ყველაფერი თქვენს ჯიბეზეა დამოკიდებული. მოდი, ჯერ იმ ადამიანების ინტერესი დავაკმაყოფილოთ, ვისაც შედარებით იაფად უნდა დანაყრება. ჩამოგითვლით, რა ვარიანტებია თქვენს განკარგულებაში.


უკვე ავღნიშნეთ, რომ თუ ფული თავზე არ გადაგდით, გიჯობთ პროდუქტი ბაზარში ან სუპერმარკეტში შეიძინოთ და კერძები შინ მოამზადოთ. კიდევ ერთი შესაძლებლობა ქუჩაში, ბუდაპეშტის ცენტრალურ ბაზარში, ჰიპერმარკეტებში, სწრაფი კვების ობიექტებში გაქვთ. ყველაზე ცნობილი ფუდკორტის მისამართია Arena plaza, Kerepesi 9 (კელეტის სადგურის მახლობლად).



განათავსე შენი რეკლამა აქ!






ლუდხანა For Sale Pub


გირჩევთ, ამ ლუდხანას აუცილებლად ეწვიოთ. ის ორიგინალურობით გამოირჩევა და ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.



მაგიდებზე არაქისით სავსე ჯამები და კალათები დგას. უფასოდ მიირთვით, რამდენიც გენებოთ, ქერქი კი პირდაპირ იატაკზე დაყარეთ. ნუ მოგერიდებათ - ამ ლუდხანაში ასეა მიღებული. კედლები კი ფურცლებითაა მოფენილი, რომლებზეც მნახველების მადლობის სიტყვები, სურვილები, შენიშვნები ან ნებისმიერი რამ წერია.




ლუდხანა ორსართულიანია. გაითვალისწინეთ, რომ კერძები უზარმაზარ ულუფებად მოაქვთ და შესაძლოა ვერ მოერიოთ. შეგიძლიათ მოითხოვოთ, რომ ის ორ თეფშზე გადაგინაწილონ. ასე უფრო იაფად გამოხვალთ. აბა, ქვემოთ მოყვანილ ფოტოსურათებს შეხედეთ. მოერევით?




გულიაში 1600 ფორინტი ღირს, უნგრული ლუდი - ნახევარი ლიტრი 990 ფორინტი.


For Sale Pub მდებარეობს ბუდაპეშტის ცენტრალური ბაზრის მოპირდაპირე მხარეს. მისამართი: Vámház körút, 2.


მუშაობს ყოველდღე, 12:00-03:00.

გადახდა ნაღდი ფულით.


ბისტრო "ოქტოგონი" - Gastland Bisztró — Oktogon


ერთ-ერთი საუკეთესო კაფე ოქტოგონის მოედანზე. მდებარეობს მეტროსადგურ "ოქტოგონთან" (M1 ხაზი).



შესანიშნავი ადგილია, სადაც გემრიელად და იაფად დანაყრდებით. გადაიხადეთ ფიქსირებული თანხა და მიირთვით იმდენი, რამდენიც გენებოთ. კერძოდ:


- ორშაბათს და სამშაბათს - 1390 ფორინტი კაცზე;

- ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს - 1490 ფორინტი კაცზე;

- შაბათ-კვირას - 1790 ფორინტი კაცზე;

(საჭმლის შეუზღუდავად აღება შეგიძლიათ 2 საათის განმავლობაში, ოღონდ რამე სასმელი უნდა შეუკვეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, 200 ფორინტის დამატება მოგიწევთ. სასმლის ფასი ზემოთ მოყვანილ ფასებში არ შედის.)

- 120სმ-ზე დაბალი ბავშვებისთვის - 50%-იანი ფასდაკლება;

- საუზმე - 1290 ფორინტი კაცზე, 08:00-11:00.




მისამართი: Teréz körút, 23.


მუშაობს ყოველდღე 08:00-00:00.


კაფე "კლაუზალი" - Klauzál Café


როგორც ამბობენ, სწორედ აქ დააგემოვნებთ მთელ ბუდაპეშტში უგემრიელეს გულიაშს.



შეგიძლიათ გარეთ დაჯდეთ, შეგიძლიათ - შიგნით. ძალიან მყუდრო და კომფორტული გარემოა. სრულიად მისაღები ფასებია.



მდებარეობს ბუდაპეშტის დიდი სინაგოგას მახლობლად. მისამართი: Klauzál útca, 23.


მუშაობს ყოველდღე:

- ორშაბათი-ხუთშაბათი - 08:00-22:00;

- პარასკევი-შაბათი - 8:00-02:00;

- კვირა - 10:00-02:00.


თუ გსურთ, დეტალურად შეიტყოთ მენიუსა და ფასების შესახებ, ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: klauzalcafe.hu.


Hungarikum Bistro


ეს ძალიან ცნობილი რესტორანია. მდებარეობს უნგრეთის პარლამენტის შენობის სიახლოვეს. ამიტომ თუ გაგანია სეზონში მოისურვებთ იქ მისვლას, აჯობებს, მაგიდა წინასწარ შეუკვეთოთ ოფიციალური საიტის მეშვეობით.



უბრალო, არაპომპეზური გარემოა. კუთხეში მჯდომი მუსიკოსი ციმბალზე უკრავს. საშუალოდ 3000-4000 ფორინტი დაგიჯდებათ. შეგიძლიათ მიირთვათ გულიაში, კარტოფილის პიურე, იხვის ფეხი და ვაშლის შტრუდელი. თუ სასმელსა და დესერტზე უარს იტყვით, 2500-3000 ფორინტშიც ჩაეტევით.



მისამართი: Steindl Imre, 13.

ოფიციალური საიტი: hungarikumbisztro.hu.

მუშაობს ყოველდღე 11:30-15:00 და 18:00-23:00.


რესტორანი Trófea Grill


აქ ფიქსირებული ფასებია. ჭამეთ და სვით, რაც გნებავთ (ცხადია, რაც მენიუშია გათვალისწინებული - შამპანური, ღვინო, ლუდი, ლიმონათი, კოკა-კოლა. თუ ჩამონათვალისგან განსხვავებული სასმლის აღებას მოიწადინებთ, გადახდა მოგიწევთ).



ფასები ასეთია:

- სამუშაო დღეებში - 12:00-17:00 - 4499 ფორინტი (15 ევრო) კაცზე, 12 წლამდე ბავშვებისთვის 50%-იანი ფასდაკლება, 17:30-24:00 - 6499 ფორინტი (21 ევრო), პარასკევს 17:30-24:00, შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე 11:30-21:00 - 6999 ფორინტი (23 ევრო). შეგიძლიათ დარჩეთ დღისით 2 საათის, საღამოს კი 3 საათის განმავლობაში.




უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად და მაგიდის შესაკვეთად ეწვიეთ საიტს trofeagrill.net/en/node/545.


მისამართი: Visegradi útca 50/A.


დამატებით კიდევ ჩამოგითვლით იმ ბარებსა და კაფე-რესტორნებს, სადაც შედარებით იაფად შეგიძლიათ ისიამოვნოთ:


- Bor la Bor - მისამართი: Veres Pálné ú. (ქალაქის ცენტრში, ვაცის ქუჩის სიახლოვეს);

- Söröző - მისამართი: Markovits Iván Street 4 (ბუდას მხარეს, სანაპიროზე);

- Corvintető - მისამართი: Blaha Lujza tér 1-2 (მდებარეობს უნივერმაღის სახურავზე, საიდანაც საუცხოო ხედი იშლება);

- Szimpla Kert - მისამართი: Kazinczy útca 14. ბუდაპეშტში ყველაზე იაფ რესტორნებად ე.წ. "თრეშ-ბარები" ითვლება ((თრეშ - ნაგავი, ნანგრევი), Szimpla Kert კი მათ შორის უძველესია;

- MOST Kortárs Bisztró - მისამართი: Zichy Jenő (უნგრეთის ოპერის თეატრის სიახლოვეს). თუ ამ დაწესებულებას ბიზნესლანჩის დროს ეწვევით, პირველ, მეორე და მესამე კერძს 1250 ფორინტად მიირთმევთ.

- Borbirosag - მისამართი: Csarnok tér, 5 (Ráday Street-სა და ბუდაპეშტის ცენტრალურ ბაზარს შორის).


შეძლებისდაგვარად, სრული სია შემოგთავაზეთ. ახლა არჩევანი თქვენზეა.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!