ბუდაპეშტში მდებარე პარლამენტის შენობა უნგრეთის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. ის სუვენირების უმეტესობაზეა გამოსახული და უმთავრესია იმ ღირშესანიშნაობათა შორის, რომლებიც ყველა ტურისტმა აუცილებლად საკუთარი თვალით უნდა იხილოს. პარლამენტის შენობა უნგრეთში უდიდესია და სეჩენისა და მარგიტის ხიდებს შორის მდებარეობს. მისმა არქიტექტორმა გეოგრაფიული ადგილმდებარეობის თავისებურებები გაითვალისწინა და ნაგებობა ისე განათავსა, რომ მისი მთავარი ღირსებები ყველა მხრიდან ერთნაირად მოჩანს. ამ შენობაში უნგრეთის პარლამენტი, იგივე სახელმწიფო კრება მუშაობს.
ეს ნეოგოტიკური სტილის შენობა ფუფუნებითა და პომპეზურობით გამოირჩევა. მის ასაგებად 40 მილიონი აგური და 40 კილოგრამი ოქრო გამოიყენეს. მშენებლობა 1904 წელს დასრულდა. მთავარმა არქიტექტორმა, იმრე შტეინდლმა, თავისი დასრულებული ქმნილების ნახვა ვერ შეძლო, ვინაიდან მანამდე დაბრმავდა.
პარლამენტის შენობის სიგრძე 268 მეტრია, სიგანე - 123 მეტრი, უმაღლესი წერტილი - 96 მეტრი. ცენტრალური გუმბათის სიმაღლე 27 მეტრია, დიამეტრი - 20 მეტრი. ამ არქიტექტურული შედევრის შიგნით არის 700-მდე დარბაზი და კაბინეტი, 10 ეზო, 29 კიბე. გუმბათოვან დარბაზში უნგრეთის 16 მეფისა და მმართველის ქანდაკებაა.
დარბაზებში მრავალ საინტერესო ნივთს იხილავთ. მათ შორის სამეფო ძალაუფლების გამომხატველ სიმბოლოებს - წმინდა იშტვანის გვირგვინს, კვერთხსა და ხმალს.
საღამოობით შენობა ისე ოსტატურადაა განათებული, რომ ბევრი ადამიანი სწორედ ამ დროს მიდის მის სანახავად. მდინარე დუნაიში არეკლილი გაკაშკაშებული პარლამენტი მომაჯადოებელი სანახაობაა.
პარლამენტის შიგნიდან დათვალიერება შეგიძლიათ ნებისმიერ დღეს 08:00-16:00.
ბილეთების ღირებულებაა: თუ ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქე არ ხართ, მოზრდილებისთვის - 8400 ფორინტი; ბავშვებისა და სტუდენტებისთვის (6-24 წელი) - 4200 ფორინტი; ოჯახური, მოზრდილებისთვის (არაუმეტეს 2 ბილეთისა) - 6800 ფორინტი, 6-14 წლის ბავშვებისთვის (არაუმეტეს 3 ბილეთისა) - 3400 ფორინტი; თუ ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქე ხართ - 4200 ფორინტი, ბავშვებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებისთვის - 2100 ფორინტი; ოჯახური, მოზრდილებისთვის (არაუმეტეს 2 ბილეთისა) - 3000 ფორინტი, 6-14 წლის ბავშვებისთვის (არაუმეტეს 3 ბილეთისა) - 1500 ფორინტი. 6 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა.
ბილეთების ყიდვა წინასწარაც შეიძლება ინტერნეტით პარლამენტის მითითებულ საიტზე https://jegymester.hu/event-host/900/parlament. საფასურის გადახდის შემდეგ ვაუჩერი უნდა ამობეჭდოთ და თან იქონიოთ.
პარლამენტის მისამართია: კოშუტის მოედანი 1-3 (Kossuth tér 1-3).
პარლამენტის მთავარი შესასვლელი ლაიოშ კოშუტის მოედნიდანაა (Kossut Lajos tér). სურათების გადაღება დუნაის მხრიდან ჯობია. შენობამდე მისასვლელად გამოგადგებათ ბუდაპეშტის ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი: მეტრო - M2 ხაზი, ავტობუსი - №15, №115, ტრამვაი - №2, ტროლეიბუსი - №70, №78. უნდა ჩამოხვიდეთ გაჩერებაზე Kossut Lajos tér. წაიკითხეთ ბუდაპეშტის საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ.
პარლამენტის ოფიციალური საიტია https://www.parlament.hu/.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია