უფასო ონლაინ-მეგზური ავსტრიასა და ვენაში


 შონბრუნი - იმპერატორთა ზაფხულის რეზიდენცია

შონბრუნის სასახლე ვენის ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს. ის ჰაბსბურგების დინასტიის ერთ-ერთი საუკეთესო სასახლეა. იქვე შადრევნები და დიდი პარკია. ეს სახელწოდება სიტყვასიტყვით "მშვენიერ წყაროებს" ნიშნავს. შონბრუნის უნახავად ვერასდროს წარმოიდგენთ იმ ფუფუნებით აღსავსე ცხოვრებას, რომელიც ჰაბსბურგების დინასტიის დროს მეფობდა. დაჟინებით გირჩევთ მის მონახულებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ შონბრუნის კომპლექსი ბაროკოს სტილის დიდებული სასახლითა და პარკით ევროპის გამორჩეული ანსამბლია.



სასახლის ისტორია სათავეს 1614 წლიდან იწყებს, როცა კაიზერმა მათიაშმა ვენასთან ახლოს, კატენბურგის მამულში, მონადირეთა სახლი იყიდა. ტყეში მან თვალწარმტაც წყაროს მიაგნო და იქვე ჭის გაკეთება ბრძანა. სწორედ ამ ჭის სახელწოდება გავრცელდა მთელ მამულზეც.


მონადირეთა სახლი საზაფხულო რეზიდენციად გადაკეთდა, მაგრამ ის თურქებმა დაანგრიეს 1683 წელს. 1696 წლიდან ახალი სასახლის მშენებლობა დაიწყო. პროექტი ფიშერ ფონ ერლახმა შეიმუშავა, ნიმუში კი შესანიშნავი ვერსალი იყო. იმპერატორმა კარლ VI ის თავის ქალიშვილს - მარია ტერეზიას აჩუქა. სწორედ ამ ქალის ხელში გადაიქცა ეს შენობა ავსტრიის კულტურული და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრად.


შონბრუნი "იუნესკომ" მსოფლიო მნიშვნელობის არქიტექტურულ ძეგლთა სიაში შეიტანა. ეს არის გრანდიოზული არქიტექტურული კომპლექსი მრავალი დარბაზით, გალერეით, ოთახითა და კაბინეტით - სულ სასახლეში 1141 ოთახია. ეს ყველაფერი საგულდაგულოდ არის რესტავრირებული და სრულ წარმოდგენას გიქმნით აქ სხვადასხვა დროს მცხოვრებ უავგუსტეს პირთა ცხოვრების შესახებ.



ახლა, მოდი, დავათვალიეროთ ნაწილი სასახლის დარბაზები და ოთახებისა, რომელთაგანაც თითოეულს თავისი ისტორია აქვს.


აი, ამ ოთახში იდგნენ გვარდიელები და იმპერატორის საბრძანებლის შესასვლელს იცავდნენ.



ესეც ფრანც იოზეფის მისაღები ოთახი. იმპერატორი აქ თავისი მთავრობის წევრებსა და სხვა მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკებს იღებდა. რათა მათ თავიანთი რიგის ლოდინით მოწყენილობა არ დაუფლებოდათ, მათთვის ბილიარდის მაგიდა დადგეს.



მისაღებიდან ჩინოვნიკები ამ ოთახში შედიოდნენ იმპერატორთან გასასაუბრებლად. კაკლის ხისგან დამზადებული ავეჯის უმრავლესობა მოოქროვილია.



ასე გამოიყურებოდა ფრანც-იოზეფის სამუშაო კაბინეტი. წინა ოთახებთან შედარებით ცოტა უბრალოდ ხომ არ გეჩვენებათ? კედლებზე მისი და მისი მეუღლის, ელისაბედის, პორტრეტები ჰკიდია.




აი, დედოფალ ელისაბედის პირადი ოთახი. აღსანიშნავია, რომ კედლებზე აბრეშუმია გაკრული.



თქვენ წინაშეა დედოფლის ტუალეტის ოთახი. აქ ელისაბედი დიდ დროს ატარებდა. როგორც ცნობილია, იმპერატორის მეუღლეს საუცხოო თმა ჰქონდა და მას განსაკუთრებული და ხანგრძლივი მოვლა სჭირდებოდა.



ახლა კი ცოლ-ქმრის საწოლი ოთახი ვიხილოთ. კედლებზე ლურჯი და თეთრი აბრეშუმია აკრული. ამ ოთახს იმპერატორი და მისი მეუღლე მხოლოდ ქორწინების პირველ წლებში იყენებდნენ. იმის გამო, რომ ელისაბედს მოგზაურობა უყვარდა, იმპერატორს ხშირად უწევდა მარტო ყოფნა, თუმცა მშვენიერი სისი ყოველთვის უყვარდა.



მოდი, იმპერატორის მეუღლის სალონში შევიხედოთ. ნათელი ოთახი ნეოროკოკოს სტილშია გაფორმებული. ყურადღება მიაქციეთ, რომ საათი სარკესთან ციფერბლატით შეტრიალებული დგას და დროის გასაგებად სარკეში უნდა ჩაეხედათ.



მომდევნო ოთახში სადილობდნენ. მაგიდაზე ბროლის ბოკალები და ვენური ფაიფურის ჭურჭელია. ცენტრში ოცი წლის ფრანც-იოზეფის პორტრეტია. ამ ოთახს მარია ანტუანეტას სახელი ჰქვია, ვინაიდან აქ ოდესღაც გობელენი ეკიდა მისი და მისი შვილების გამოსახულებით. ამჟამად იგი ჰაბსბურგების ოჯახის კერძო საკუთრებაა.



აი, ამ ოთახში მარია ტერეზიას პორტრეტს იხილავთ. იგი იმპერატორ კარლ VI-ის შვილი იყო და 1717 წელს დაიბადა. ცხრამეტის წლისა ფრენსის შტეფან ლოტარინგიელს გაჰყვა ცოლად და 11 გოგო და 5 ბიჭი გაუჩინა. ოთახში მისი ზოგიერთი ქალიშვილის პორტრეტიც ჰკიდია.



სასახლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ოთახი, სადაც იმპერატორის მეუღლე მარია ბავარიელი საუზმობდა. ოთახს როკოკოს სტილის დეტალები ამშვენებს.



ძალზე შთამბეჭდავია სარკეებიანი დარბაზი. სარკეების სიმრავლე ოთახს მოცულობას მატებს. ოქროსფერი და მუქი შინდისფერი მას იმ პეწს აძლევს, რაც ასე მოსწონდათ იმ დროში. ყურადღებას იმსახურებს ჩინური ვაზები და ბრინჯაოს საათი. აღსანიშნავია, რომ აქ უკრავდა 6 წლის მოცარტი, აქ დებდნენ ფიცს მინისტრები, აქ ეწყობოდა წვეულებები.



ახლა შემოგთავაზებთ ეგრეთ წოდებულ "როზას ოთახს", იმ მხატვრის (იოზეფ როზას) პატივსაცემად, რომელმაც ეს და კიდევ რამდენიმე დარბაზი მოხატა. ნახატებზე გამოსახულია შვეიცარიისა და იტალიის პეიზაჟები.



შემდეგ დარბაზში, დიდ გალერეაში, საზეიმო მიღებები და შეხვედრები იმართებოდა.



ქვემოთ გთავაზობთ ნაპოლეონის ოთახს. როდესაც საფრანგეთმა 1805 და 1809 წლებში ვენის ოკუპაცია მოახდინა, ნაპოლეონი აქ ცხოვრობდა. მოგვიანებით, 1832 წელს, ამ ოთახში ტუბერკულოზით გარდაიცვალა ნაპოლეონის ერთადერთი კანონიერი ვაჟიშვილი.



ახლა კი სასახლიდან პარკში გადავინაცვლოთ და ვნახოთ, რა არის იქ საინტერესო. ეს არის ბზის ბუჩქებისგან გაკეთებული ლაბირინთი:



ნეპტუნის შადრევანი:



პალმების სახლი - ორანჟერეა:



შონბრუნის გლორიეტა - ტრიუმფალური თაღი, რომელიც პრუსიაზე გამარჯვების აღსანიშნავად აღმართეს:



რომის ნანგრევები - ხელოვნურად შექმნილი ნანგრევები, რომლის ავტორიცაა XVIII საუკუნის მხატვარი და არქიტექტორი იოჰან ჰეცენდორფი. თავდაპირველად ამ ადგილს "კართაგენის დაცემა" ეწოდებოდა:



პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს, აგრეთვე, ზოოპარკი:



დეტალურად ვენის ზოოპარკის შესახებ =>>


აი, კიდევ რა შეგიძლიათ ნახოთ შონბრუნში.


შადრევანი-ობელისკი:




XVIII საუკუნის სამტრედე:



კარეტების მუზეუმი:



საბავშვო მუზეუმი, სადაც პატარებს იმპერატორების ეპოქის შესაბამისად გამოაწყობთ:



შონბრუნის სასახლის დათვალიერება შეგიძლიათ ნებისმიერ დღეს, დღესასწაულების ჩათვლით:


- 1 იანვარი - 31 მარტი: 09:30-17:00;

- 1 აპრილი - 30 ივნისი: 09:00-17:00;

- 1 ივლისი - 31 აგვისტო: 09:00-17:30;

- 1 სექტემბერი - 31 დეკემბერი: 09:00-17:00;


ბაღის დათვალიერება შეგიძლიათ ყოველდღე: 06:30-17:30;


ბილეთების ღირებულებაა:

- საიმპერატორო ტური (22 ოთახი/35წთ.) აუდიოგიდით - მოზრდილებისთვის - 22 ევრო, 6-18 წლის ბავშვებისთვის - 15 ევრო, 19-25 წლის სტუდენტებისთვის - 18 ევრო, 6 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა.

- დიდი ტური (40 ოთახი/50-60 წთ.) აუდიოგიდით - მოზრდილებისთვის - 26 ევრო, 6-18 წლის ბავშვებისთვის - 19 ევრო, 19-25 წლის სტუდენტებისთვის - 22 ევრო, 6 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა.


მათთვის, ვისაცVienna City Card/Vienna Pass აქვს, გათვალისწინებულია შეღავათები.


უფრო დაწვრილებით იხილეთ ოფიციალურ საიტზე http://schoenbrunn.at.


შონბრუნის სასახლის მისამართია: Schonbrunner Schlosstrasse, 47.


შონბრუნის სასახლემდე მისასვლელად გამოგადგებათ: მეტრო - U4 ხაზი, ტრამვაი - №10, №58 და ავტობუსი - №10A - ყველა - გაჩერებამდე Schonbrunn. ტრანსპორტის ბილეთებთან დაკავშირებით წაიკითხეთ ვენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!