უფასო ონლაინ-მეგზური პრაღაში


 სტარომესტსკის მოედანი (Staroměstské náměstí)

სტარომესტსკის მოედანი ძველი პრაღის - სტარე მესტოს - გულია, ნამდვილი არქიტექტურულ-ისტორიული გამოფენა ღია ცის ქვეშ. აქ დგას სხვადასხვა ეპოქისა და სტილის სახლები. შეხვდებით გოტიკასაც, ბაროკოსაც, როკოკოსაც და რენესანსსაც. ქვაფენილზე ქალაქელები და ტურისტები მიდი-მოდიან, რატუშის კოშკზე კი ცნობილი საათი "ორლოი" აითვლის დროს. სტარომესტსკის მოედანი ერთ-ერთი უძველესია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოშიც: ის XII საუკუნიდან არის ცნობილი. არქიტექტურული შედევრებით დახუნძლული სტარომესტსკის მოედანი ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა იხილოს პრაღაში ჩასულმა ნებისმიერმა ტურისტმა.


მოედნის საერთო ფართობი დაახლოებით 15 ათასი კვადრატული მეტრია. პრაღელები მას "სტარომაკს" უწოდებენ. უწინ აქ ბაზარი იყო, ვინაიდან სწორედ ამ ადგილას იკვეთებოდა ევროპის რამდენიმე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა. ამ მოედნის გავლით მიემართებოდა პრაღის გრადისკენ მეფედ კურთხევის პროცესია, თუმცა აქაურობას აჯანყებები და ადამიანთა სიკვდილით დასჯაც ახსოვს.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





პირველ ყოვლისა, უნდა ავღნიშნოთ სტარომესტსკის რატუშა - ძველი პრაღის მთავარი არქიტექტურული კომპლექსი. ის 1338 წელს დააფუძნეს, თუმცა საბოლოო სახით მხოლოდ 1848 წელს ჩამოყალიბდა. 56-მეტრიანი კოშკი 1364 წელს ააგეს, მალე კი მას გოტიკური კაპელაც მიაშენეს.



რატუშა ლამაზი ინტერიერით გამოირჩევა.



რატუშის კოშკზე საუცხოო გადმოსახედი მოედანია. იქ ასვლა შეგიძლიათ კიბით ან ლიფტით. რატუშის სარდაფებში რომანული პერიოდის მიწისქვეშეთია.


შესვლა და ექსკურსია ფასიანია. სრული ბილეთი 250 კრონა ღირს, შეღავათიანი - 150 კრონა. დეტალების დასაზუსტებლად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: www.prague.eu/en/object/places/188/old-town-hall.


1410 წელს აქ კურანტები "ორლოი" დააყენეს (Pražský orloj) - პროფესორ იან შინდელისა და ოსტატ მიკულაშას შექმნილი ასტრონომიული საათი, მოძრავი ფიგურები კი XVII საუკუნეში გაჩნდა.




დეტალურად ასტრონომიული საათის შესახებ =>>


რატუშის მიღმა პატარა სკვერია. მის გვერდით, ტროტუარზე, მემორიალია ჰაბსბურგების დინასტიის წინააღმდეგ პირველი აჯანყების სიკვდილით დასჯილი 27 ლიდერის მოსაგონებლად.



სტარომესტსკის რატუშის შენობათა კომპლექსში შედის, აგრეთვე სახლი №3 "წუთთან" (Dům U Minuty) ბიბლიური და მითოლოგიური პერსონაჟებით. ამ სახლში 1889-1896 წლებში ცხოვრობდა ფრანც კაფკა თავის მშობლებთან ერთად.



ახლა წმინდა მიკულაშას სახელობის ეკლესიაზე გადავიდეთ (არ აგერიოთ მალოსტრანსკის მოედანზე მდებარე ამავე სახელწოდების ეკლესიაში).



ამ ეკლესიამ ბევრი მძიმე დრო გამოიარა, ბევრი პატრონი გამოიცვალა. ერთხელ მას დანგრევასაც უპირებდნენ, მაგრამ გადარჩა და ამჟამად კათოლიკეების გამგებლობაშია.


ბაროკოს სტილის გუმბათის დიამეტრი 20 მეტრია, სიმაღლე - 49 მეტრი. ტაძრის ინტერიერი ჰაეროვნებით გამოირჩევა. საკურთხეველი ცენტრშია განთავსებული. მასზე წმინდა ნიკოლოზის მარმარილოს ქანდაკება დგას - ხელოვნების ნამდვილი ნიმუში.





წმინდა ნიკოლოზის ეკლესია მოქმედი ტაძარია. მისი ერთადერთი ნაკლი არცთუ კარგი აკუსტიკაა, რაც მშენებლების ბრალია.


ამ მოედნის შუაგულში დგას (1915 წლიდან) იან ჰუსის - მღვდელმსახური-რეფორმატორის, ჩეხეთის ეროვნული გმირის ქანდაკება.



ეს ბრინჯაოს ქანდაკება თითქოს პირდაპირ ქვაფენილიდანაა ამოზრდილი.


აღნიშვნის ღირსია XVIII საუკუნის როკოკოს სტილის კინსკების სასახლე.



ამჯამად შენობას ნაციონალური გალერეის საგამოფენო დარბაზად იყენებენ. საინტერესოა, რომ კინსკების სასახლე სხვა შენობების გასწვრივ კი არ დგას, არამედ წინაა გამოწეული. ერთ-ერთი ვერსიით, ამის მიზეზი ის იყო, რომ მისმა მფლობელმა გრაფმა იან გოლცმა მაშინდელი ჩინოვნიკები მოისყიდა.


ახლა აუცილებლად უნდა შევეხოთ ტინსკის ტაძარს, რომელიც სტარომესტსკის რატუშის მოპირდაპირე მხარეს დგას (სრული სახელწოდებაა "ქალწული მარიამი ტინის წინ"). ის არქიტექტურული დიდებულებით გვხიბლავს.



ტაძარს ორი 80-მეტრიანი კოშკი ამშვენებს, ჩრდილოეთისას ევა ჰქვია, სამხრეთისას - ადამი. მათ შორის გვიანგოტიკური ფრონტონია განთავსებული ქალწულ მარიამის ფიგურით.



საუცხოო შთაბეჭდილებას ახდენს ტაძრის ინტერიერი:



აღსანიშნავია, რომ ტინსკის ტაძრის ორგანი უძველესია მთელ პრაღაში და 1673 წლით თარიღდება. ტაძარში შესვლა უფასოა.


სტარომესტსკის მოედნამდე მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს A მწვანე ხაზით, გაჩერებამდე Staromestska.












© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!