უფასო ონლაინ-მეგზური გერმანიასა და ბერლინში


დიდი ტირგარტენის პარკი

დიდი ტირგარტენის პარკი ბერლინის ცენტრში მდებარეობს. ის 210 ჰექტარზეა გადაჭიმული. დიდ ტირგარტენს ბერლინის "მწვანე გულს" უწოდებენ და ერთ-ერთია გერმანიის სამი უდიდესი პარკიდან. აქ უყვართ თავისუფალი დროის გატარება როგორც დედაქალაქელებს, ისე ჩამოსულ სტუმრებს. პარკში შესაძლებელია სეირნობა, მწვანე მდელოებზე გარუჯვა, პიკნიკების მოწყობა. გაითვალისწინეთ, რომ ბერლინში არსებობს ამავე სახელწოდების ადმინისტრაციული რაიონი, პარკი პატარა ტირგარტენი და ბერლინის ზოოპარკი, რომელსაც გერმანულად "ტირპარკი" ჰქვია.


უწინ ამ ადგილებში სამეფო ოჯახის წევრები და დიდგვაროვნები ნადირობდნენ. ტყის უზარმაზარი ფართობი სპეციალურად შემოღობეს, რათა ნადირობისას ცხოველებს გაქცევა ვერ მოეხერხებინათ. აქედან გაჩნდა სახელწოდება "ტირგარტენი", რაც გერმანულად "ცხოველების პარკს" ნიშნავს. 1742 წელს "ფრიდრიხ დიდმა" ბრძანა, რომ სანადირო სავარგულების ნაცვლად პარკი გაეშენებინათ, სადაც ხალხი დასვენებასა და გართობას შეძლებდა.



დიდი ტირგარტენის პარკში ბევრი საინტერესო ადგილია.


ბერლინის ზოოპარკი:



ზოოპარკი 150 წელზე მეტი ხნისაა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებსა და ადგილობრივებს შორის - აქ 1500-ზე მეტი სახეობის ოც ათასამდე ცხოველია.


დეტალურად ბერლინის ზოოპარკის შესახებ =>>


გამარჯვების სვეტი:



სვეტი აღმართეს 1873 წელს, როგორც გერმანიის ტრიუმფის სიმბოლო თავდაცვით ომებში დანიის, ავსტრიისა და საფრანგეთის წინააღმდეგ. სვეტის თავზე მოთავსებულია გამარჯვების ქალღმერთ ვიქტორიას ქანდაკება.


სვეტამდე ოთხი გვირაბია გაყვანილი. მათი საშუალებით დღესაც შეგიძლიათ გადაკვეთოთ მოედანი, რომელზეც ყოველთვის ბევრი მანქანა გადაადგილდება. სვეტის ძირიდან 50,66 მეტ სიმაღლეზე მდებარე გადმოსახედ მოედანზე ახვალთ, რისთვისაც 285 საფეხურის დაძლევა მოგიწევთ. მოზრდილებისთვის ასვლა 3 ევრო ღირს, 18 წლამდე ბავშვებისთვის კი უფასოა.



ბელვიუს სასახლე:



ბელვიუს სასახლე (ბელვიუ სიტყვასიტყვით "ლამაზ ხედს" ნიშნავს) პარკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს მდინარე შპრეეს ნაპირზე. ის 1786 წელს ააგეს. ამჟამად იქ გერმანიის ბუნდესპრეზიდენტის რეზიდენცია და ადმინისტრაციაა განთავსებული.



გაზის ფარნების მუზეუმი:



ეს მუზეუმი პარკის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. იქ თავმოყრილი ფარნები დამზადებულია 1826-1956 წლებში და ისინი უწინ გერმანიის 25 და ევროპის სხვა ქვეყნების 11 ქალაქის ქუჩებს ანათებდნენ.


მსოფლიო კულტურის სახლი:



ეს სახლი ტირგარტენის პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და თანამედროვე არაევროპული კულტურის ცენტრია. აქ იმართება აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების გამოფენები, კინოჩვენებები, კონცერტებისაცეკვაო და თეატრალური წარმოდგენები.


კარილიონის სამრეკლო (Das Carillon):



ბერლინის პარკის კარილიონი მსოფლიო კულტურის სახლის გვერდით მდებარეობს. ეს ხელის დიდი მუსიკალური ინსტრუმენტი 68 ზარისგან შედგება, 48 ტონას იწონის და კლავიატურასთანაა შეერთებული. ყველაზე დიდი ზარის წონა 7,8 ტონაა. ზარების მელოდია ხუთ-ნახევარ ოქტავას მოიცავს.


ტირგარტენის პარკში ბევრი ქანდაკებაა.



ტირგარტენის პარკამდე მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროს U5 ხაზით - გაჩერება Tierpark, U9 ხაზით - გაჩერება Hanseplatz, U55 ხაზით - გაჩერება Brandenburger Tor;

- ავტობუსით №296, N50 - გაჩერება Tierpark, №194 - გაჩერება Schloss, №100, 106, 187, N26 - გაჩერება Großer Stern, №100, 245 - გაჩერება Brandenburger Tor;

- S-Bahn-ით: S1, S2, S25 - გაჩერება Brandenburger Tor.









© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!