უფასო ონლაინ-მეგზური ბუდაპეშტში


 ბუდაპეშტის ცენტრიდან აეროპორტამდე და პირიქით

მათთვის, ვინც უნგრეთში გაფრენას აპირებს, აუცილებლად დადგება საკითხი, თუ როგორ მივიდეს აეროპორტიდან დედაქალაქის ცენტრამდე ან რომელიმე სხვა ადგილამდე. ამის შესახებ ინფორმაციის მიღება უკან გამოფრენის დროსაც გამოგადგებათ. ქვემოთ დეტალურად გაგაცნობთ ამ ამოცანის გადაწყვეტის სხვადასხვა გზას: სწრაფს და შედარებით ნელს, ეკონომიურსა და შედარებით ძვირს. შეგახსენებთ, რომ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე დაახლოებით 22 კილომეტრია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





უნგრეთის დედაქალაქის აეროპორტიდან მის ცენტრამდე მისვლის ყველაზე მარტივი და იაფი საშუალება საზოგადოებრივი ტრანსპორტია. შეგიძლიათ არჩევანი ტაქსიზეც გააკეთოთ ან ჯგუფური ტრანსფერი შეუკვეთოთ (მიკროავტობუსი, რომელშიც მხოლოდ თქვენ არ იქნებით). გაგაცნობთ თითოეული ვარიანტის პლუსებსა და მინუსებს, მაგრამ ჯერ ორიოდე სიტყვა თვითონ იმ აეროპორტის შესახებ, სადაც ჩაფრინდებით.


ბუდაპეშტში აეროპორტის მშენებლობა გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყეს, მაგრამ მას მეორე მსოფლიო ომმა შეუშალა ხელი და ის მხოლოდ 1950 წელს გაიხსნა. თავდაპირველად მას ფერიჯეჰი ერქვა, 2011 წელს კი სახელგანთქმული უნგრელი კომპოზიტორის, ფერენც ლისტის დაბადებიდან 200 წლისთავის აღსანიშნავად, მისი სახელი უწოდეს.


ამჟამად ფერენც ლისტის აეროპორტში ორი ტერმინალია: 2A და 2B. ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან თვითმფრინავები, ძირითადად, 2B ტერმინალში ჯდებიან.



აეროპორტიდან ქალაქში მისვლის ყველაზე მარტივი და ეკონომიური გზა საზოგადოებრივი ტრანსპორტია. 2B ტერმინალის შესასვლელთან 200E ავტობუსი ჩერდება. მასში უნდა ჩაჯდეთ. არ შეგეშლებათ, რადგან დღისით აქ სხვა თითქმის არაფერი დადის.



იგი თქვენ მეტროპოლიტენის M3 ხაზის სადგურ "ქობანია-კიპშეშტთან" მიგიყვანთ. 200E ავტობუსი მუშაობს 24 საათის განმავლობაში, ინტერვალი - 10 წუთამდე (დილაადრიანად და გვიან საღამოს ეს დრო იზრდება), გზის გავლას დაახლოებით 30 წუთი სჭირდება.


ბუდაპეშტში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადი მგზავრობის ღირებულება 350 ფორინტია. ამ ფასად ბილეთს შეიძენთ ან ტერმინალში მდებარე დახლთან (ღამით არ მუშაობს), ან ავტობუსის გაჩერებაზე მდგარ ავტომატში, რომელშიც ენის არჩევა შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ მასში მცირე ღირებულების მონეტები ან კუპიურები უნდა ჩაუშვათ (მხოლოდ ფორინტები) ან საკრედიტო ბარათით გადაიხადოთ. ბილეთებისა და აბონემენტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბუდაპეშტის საზოგადოებრივ ტრანსპორტს.


თუ ფორინტებმა თავგზა აგიბნიათ და არ იცით, რა თანაფარდობაა მასსა და ევროს შორის, ეწვიეთ გვერდს უნგრეთის ვალუტა. მეტროში მისვლისთვის უკვე გეგმა უნდა გქონდეთ შემუშავებული. გირჩევთ, ინტერნეტით მოძებნოთ, რომელი სადგური გჭირდებათ ან რომელ ავტობუსზე ან ტრამვაიზე უნდა გადაჯდეთ. ბუდაპეშტიდან აეროპორტამდე შებრუნებული თანმიმდევრობით მიხვალთ: სასტუმრო - ავტობუსი, ტრამვაი ან პირდაპირ მეტრო - მეტროს სადგური "ქობანია-კიპშეშტი" - ავტობუსი 200E.


პირდაპირი ავტობუსი 100E აეროპორტამდე


2017 წლის ზაფხულიდან აეროპორტსა და ბუდაპეშტის ცენტრს შორის სამგზავროდ კიდევ ერთი მარშრუტი დაინიშნა - ავტობუსი №100E. ის Deák Ferenc tér-დან (ეს ქალაქის ცენტრია) ყოველ 7-10 წუთში გადის, შუაღამიდან დილის 03:40-მდე კი - ყოველ 20 წუთში ერთხელ. მუშაობს 24 საათის განმავლობაში.



ეს ავტობუსი მხოლოდ ორჯერ ჩერდება. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მგზავრობის ღირებულება 1500 ფორინტია. მასზე არ მოქმედებს სამგზავრო აბონემენტები. მოგიწევთ სპეციალური ბილეთის შეძენა. ის აეროპორტსა და ქალაქის ყველა საბილეთო ავტომატში იყიდება.


ჯგუფური ტრანსფერი ბუდაპეშტის აეროპორტიდან სასტუმრომდე


მათ, ვისაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ უყვართ, მაგრამ ჯიბე ტაქსით სეირნობის შესაძლებლობას არ აძლევს, ვთავაზობთ miniBUD-ის მიკროავტობუსებს. მიკროავტობუსი 8-10 ადამიანს იტევს და ტურისტები აეროპორტიდან დანიშნულების ადგილებამდე მიჰყავს. ის ისე კომპლექტდება, რომ ყველა მგზავრს დაახლოებით ერთი მიმართულება სჭირდებოდეს.



ტრანსფერის ღირებულება ბუდაპეშტის იმ რაიონზეა დამოკიდებული, სადაც მიბრძანდებით. მგზავრობის საფასური მცირდება, თუ მიკროავტობუსი ბოლომდე ივსება. საბაზისო ტარიფი 7 ევროა ერთ ადამიანზე, რომელიც აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მიდის.


ბუდაპეშტის აეროპორტიდან ცენტრამდე - ტაქსით


ტაქსი, ანუ ინდივიდუალური ტრანსფერი, ბუდაპეშტის აეროპორტიდან და პირიქით მგზავრობის ყველაზე მარტივი და კომფორტული საშუალებაა. უნგრეთის დედაქალაქში ტაქსის ქუჩაში არ იჭერენ. მას ან სასტუმროდან გამოიძახებთ, ან აეროპორტში მიაგნებთ ტაქსის გაჩერებაზე.



მანქანა ბევრია და ლოდინი არ მოგიწევთ. მაგრამ საფულის შესამსუბუქებლადაც მოემზადეთ. აეროპორტიდან ცენტრამდე მგზავრობა, სულ ცოტა, 8000 ფორინტი (დაახლოებით 28 ევრო) დაგიჯდებათ. სავარაუდოდ, მეტიც. ტაქსის შეკვეთას აზრი მაშინ აქვს, თუ 3-4 ადამიანი ერთად მგზავრობთ და თანხა გაიყოფა.


ტაქსის (და მიკროავტობუსის) შეკვეთა ინტერნეტითაც შეგიძლიათ. ბუდაპეშტში ბევრი ლიცენზირებული ტაქსის კომპანიაა: Főtaxi/Budapest Taxi, Bọlt, City Taxi და სხვ. დეტალების გასარკვევად ეწვიეთ საიტს: https://bkk.hu/en/travel-information/cars-and-freight-transport/taxi-services/. იქ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ, როგორც ფასის, ისე მანქანის მარკის შესახებ.



ბუდაპეშტის აეროპორტიდან ცენტრამდე - რკინიგზით


ბუდაპეშტის აეროპორტიდან ცენტრამდე მისვლა რკინიგზითაც შეიძლება, თუმცა ეს საკმაოდ არახელსაყრელი ხერხია, ვინაიდან ჯერ მეორე ტერმინალიდან პირველ ტერმინალამდე უნდა მიხვიდეთ ავტობუსით, შემდეგ კი მატარებელს დაელოდოთ, რომელიც ქალაქის დასავლეთ სარკინიგზო სადგურამდე (Nyugati palyaudvar) მიგიყვანთ.



გზაში ნახევარი საათი დაგეხარჯებათ. ბილეთის ღირებულება 370 ფორინტია, რასაც ავტობუსით მგზავრობის 350 ფორინტიც ემატება. მატარებლით მგზავრობა განსაკუთრებით მათთვისაა ხელსაყრელი, ვინც სადგურ ნიუგატის რაიონში ცხოვრობს. თუ პირიქით, სადგურიდან აეროპორტში მიდიხართ, ჩამოხვალთ გაჩერებაზე Ferihedy და გადაჯდებით №200E ავტობუსზე (გაჩერება იქვეა).


ავტომობილის იჯარა


თუ ყველაფერის დამოუკიდებლად კეთება, საჭესთან ჯდომა და ამ სახის მოგზაურობა გიყვართ, ეს სათქვენო ვარიანტია. იჯარით აყვანილი მანქანით არა მხოლოდ აეროპორტიდან ბუდაპეშტის ცენტრში, არამედ უნგრეთის ნებისმიერ წერტილში და მის საზღვრებს გარეთაც მოხვდებით. ამისთვის გიჯობთ, წინასწარ შეუკვეთოთ ის ინტერნეტით, რისთვისაც რომელიმე საიტს უნდა ეწვიოთ, მაგალითად, Rentalcars.com-ს ან ბმულს Klasswagen.hu/en/cars. გაითვალისწინეთ, რომ დღე-ღამეში 30 ევროზე იაფი არ დაგიჯდებათ (ამას ბენზინის საფასურიც დაუმატეთ).








© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!